წვდომის მენიუ

შპს ,,იმერ TV“- სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 659 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2014 12:47

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2014

შპს ,,იმერ TV“- სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ  2014 წლის 17 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 12 ნოემბრის  №10/1857-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის  22 სექტემბერს, შპს ,,იმერ TV“-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №33  თანდართული მასალით, კერძოდ, 2014 წლის 22 სექტემბრის შპს ,,იმერ TV “-ს შემოწმების ვიდეოჩანაწერი -1 DVD, შპს ,,იმერ TV“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 12 ნოემბრის  №10/1857-14 სამსახურებრივი ბარათისა და შპს ,,იმერ TV“-ს მიმართ 2014 წლის 22 სექტემბერს შედგენილი №33 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს ,,იმერ TV“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით; შემოწმება ჩატარდა ქ. ზესტაფონში, კეკელიძის ქ. N6-ში  შპს „იმერ TV”-ის ოფისში. აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, შპს ,,იმერ TV“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „GDS TV“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ”TV 3”, „რიონი“, „არგო“(ინფორმკავშირი),“კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, “silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”, “Eurosport “, “Боец ТВ”, ”RU TV”,  „ОРТ“, “CTC”, ”НТВ”, ”TV 3” (რუსული), “Россия 2”, “Киноклуб”, “Премиера”, „Индия ТВ“, “футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”,   “24 Техно”, “Пятница”, “Fashion tv”.კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს  ,,იმერ TV “-ს 2014 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, “silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”,“Eurosport “, ”RU TV”,  „ОРТ“, “Россия 2”,“футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “CTC”,  “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”, “Fashion tv”.

შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „იმერ TV “–ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (12.11.2014; №10/1857-14) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 19 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,იმერ TV“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 27 ნოემბერს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,იმერ TV“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის  სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,იმერ TV“-ს  თანამშრომელი გ. კალანდაძე (მინდობილობის გარეშე), რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიის საქმიანობის საწყის ეტაპზე განხორციელდა რამოდენიმე ვანდალური თავდასხმა, რაც გამოიხატა რეტრანსლატორის ანძების წაქცევა-განადგურებაში და რომლის გამოც კომპანიამ განიცადა ათეულ ათასობით ლარის ფინანსური ზარალი. შპს „იმერ TV” ტესტურ რეჟიმში განაგრძობს სატრანზიტო მაუწყებლობას და იხდის ყველა იმ არხის რეტრანსლირებისათვის საჭირო გადასახადს, რომლებსაც ეს კომპანიები აწესებენ. გამონაკლისს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“, რომელთანაც 2 თვეა უშედეგო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.გ. კალანდაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა  წერილი (კომისიაში რეგისტრაციისN6/6955-14) თანდართული შპს „იმერ TV”-სა და ქართულ ფასიან კომერციულ არხებთან, რუსულ და უცხოურ კომპანიებთან სატელევიზიო არხების ტრანზიტით გავრცელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, რომლებიც შეეხება იმ სატელევიზიო არხების ნაწილს, რომლებიც დაფიქსირებულია 2014 წლის 22 სექტემბრის N33 შემოწმების აქტში.

2014 წლის 27 ნოემბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის განმარტების და მის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის (N10/1946-14; 26.11.2014) შესაბამისად, არ დასტურდება , შპს „იმერ TV“-ისა და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობა.   შპს „იმერ TV“-ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, კომპანიას მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებამოსილება მოპოვებული აქვს 2014 წლის 22 სექტემბრის N33 შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ორ სამაუწყებლო არხზე: „რუსთავი 2“ და „კომედი არხი“.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.          კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 12 ნოემბრის  №10/1857-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;

2.          კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014  წლის 22 სექტემბრის №33 შემოწმების აქტი;

3.          2014 წლის 22  სექტემბრის შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (DVD);

4.          შპს „იმერ TV”-თვის 2014 წლის 19 ნოემბერს გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040016969658);

5.          კომისიის 2013 წლის 14 იანვრის  N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „იმერ TV”-სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6.          შპს ,,იმერ TV“-ს მიერ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

7.          კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 26 ნოემბრის N10/1946-14 სამსახურებრივი ბარათი;

8.          შპს „იმერ TV”-ის მიერ 2014 წლის 25 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი N6/6955-14 წერილი;

9.          მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,იმერ TV“-ს შესახებ მონაცემები;

10.       2014 წლის 27 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,იმერ TV“-ს  თანამშრომლის გ. კალანდაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

11.       2014 წლის 27 ნოემბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის მიერ გაკეთბული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.          შპს ,,იმერ TV” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 28.06.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); 

2.           2014 წლის 22 სექტემბერს, 14:05 საათზე,  შპს ,,იმერ TV“-ს ოფისში, მისამართზე ქ. ზესტაფონი, კეკელიძის ქ. N6, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,იმერ TV“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №33. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ილო ლაბაძე (კომპანიის დირექტორი);

3.          შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, შპს ,,იმერ TV“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „GDS TV“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ”TV 3”, „რიონი“, „არგო“(ინფორმკავშირი),“კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, “silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”, “Eurosport “, “Боец ТВ”, ”RU TV”,  „ОРТ“, “CTC”, ”НТВ”, ”TV 3” (რუსული), “Россия 2”, “Киноклуб”, “Премиера”, „Индия ТВ“, “футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”,   “24 Техно”, “Пятница”, “Fashion tv”;

4.          2014 წლის 22 სექტემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2014 წლის 22 სექტემბრის №33 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (DVD);

5.          2014 წლის 12 ნოემბრის  მდგომარეობით შპს ,,იმერ TV“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, “silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”,“Eurosport “, ”RU TV”,  „ОРТ“, “Россия 2”,“футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  „СТС“, “Discovery science”, “Fashion tv”;

6.          2013 წლის N04/80-13 წერილით შპს „იმერ TV”-ის ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე  წერილით შპს ,,იმერ TV“-ს განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

7.          შპს „იმერ TV”-ის მიერ 2014 წლის 25 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის 25.11.2014; N6/6955-14) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არ დასტურდება შპს „იმერ TV”-ის და აღნიშნულ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობა, რადგან ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ (ტაბულა) სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების განხორციელების ნებართვა წარმოდგენილია შპს „იმერ TV”-ის სატიტულო ფურცელზე, ხოლო ნებართვის გამცემის იდენტიფიცირება ხელმოწერით არ ხერხდება. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“-სთან დადებულ ხელშეკრულებას არ აქვს ბეჭედი და ხელმოწერა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების მხოლოდ ბოლო ორი ფურცელია წარმოდგენილი.

8.          შპს „იმერ TV”-ის მიერ 2014 წლის 25 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის  N6/6955-14)  კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს „იმერ TV”-სა და  შპს  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ შორის 2013 წლის 28 მაისს, სატელევიზიო არხების ტრანზიტით გავრცელების თაობაზე გაფორმებული სანებართვო წერილი, რომლის თანახმად შპს „იმერ TV” 2013 წლის 28 მაისიდან უფლებამოსილია გადასცეს  „რუსთავი 2“ და „ახალი არხი „  (იგივე „კომედი არხი“);

9.          შპს „იმერ TV“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

5.       „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

6.       „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

7.       ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

8.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

9.       ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

 ა) გადაცემის ჩაწერა;

 ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

10.       ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

12.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13.       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. 

კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, “silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”,“Eurosport “, ”RU TV”,  „ОРТ“, “Россия 2”,“футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”, „СТС“, “Fashion tv ”შესაბამისი ხელშეკრულებების ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „იმერ TV“-ის  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ -თან  2013 წლის 28 მაისს, სატელევიზიო არხების („რუსთავი2“ და „ახალ არხი“ (იგივე „კომედი არხი“))  ტრანზიტით გავრცელების თაობაზე გაფორმებული სანებართო წერილის, აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე კომისისაში წარმოუდგენლობით, შპს „იმერ TV”-ის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „იმერ TV“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს და, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: :„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, “silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”,“Eurosport “, ”RU TV”,  „ОРТ“, “Россия 2”,“футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”, „СТС“,  “Fashion tv”  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე, 165-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შპს ,,იმერ TV”-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.       უზრუნველყოს შპს ,,იმერ TV”-მ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”, “Eurosport “, ”RU TV”,  „ОРТ“, “Россия 2”,“футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”, „СТС“, “Fashion tv” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;

3.       გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,იმერ TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,იმერ TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,იმერ TV“-სთვის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,იმერ TV “-სთვის ჩაბარების დღიდან;

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                       ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები