წვდომის მენიუ

შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 660 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2014 19:30

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2014

შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის  N10/1877-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს ,,ტელევიზია კახეთის“ მიმართ 2014 წლის 11 ნოემბერს შედგენილი შემოწმების აქტი N42  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შპს ,,ტელევიზია კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, შპს „ტელევიზია კახეთის“ დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი, შპს „სი ენ ეი ჯორჯიას“ 2014 წლის  04 ნოემბრის N6/6542-14 წერილის ასლი). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის N10/1877-14 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2014 წლის 04 ნოემბერს, კომისიას წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის N6/6542-14. 04.11.2014) მომართა შპს „სი ენ ეი ჯორჯიამ“ შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანსლირების შესახებ და მოითხოვა აღნიშნული კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელება, რის შედეგადაც 2014 წლის 11 ნოემბერს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტელევიზია კახეთის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  №42.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის N10/1877-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ტელევიზია კახეთი“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული),”RU TV”,  „Bridge tv“. ასევე, გამოირკვა, რომ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, შპს  „ტელევიზია კახეთს“ დღეის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული),”RU TV”,  „Bridge tv“. შესაბამისად, შპს „ტელევიზია კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს  „ტელევიზია კახეთის“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს  ,,ტელევიზია კახეთს”, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (17.11.14 N10/1877-14) საფუძველზე, კომისიაში   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2014 წლის 27 ნოემბერს  16:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „ტელევიზია კახეთს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის სხდომის თაობაზე,  შპს „ტელევიზია კახეთს“ ჩაბარდა 2014 წლის 20 ნოემბერს (გზავნილის კოდი: 040016969757; კურიერის ვიზიტის თარიღი: 20.11.2014; ჩაიბარა: თინა როსებიშვილმა).

2014 წლის 27 ნოემბერს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელევიზია კახეთის“ დირექტორი დავით ბაგაური, რომელმაც განაცხადა, რომ სავალდებულო დაშვების შემდგომ ქართული არხები თავად აიძულებდნენ კომპანიას მათი არხების გაშვებას შესაბამისად მას ეგონა, რომ Must Carry-ის პრინციპის საფუძველზე ევალებოდა აღნიშნული არხების რეტრანსლირება. ასევე, შპს „კახეთის ტელევიზიის“ დირექტორმა განაცხადა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მას აქვს გაფორმებული ზოგიერთ ტელევიზიასთან ხელშკრულებები. ასევე, კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე შპს „კახეთის ტელევიზიის“ დირექტორმა დავით ბაგაურმა დაადასტურა, რომ არამართლზომიერად ახორციელებს არხების რეტრანსლირებას და აღნიშნა, რომ განაახლებს არსებულ ხელშეკრულებებს და კომპანიებისაგან  მოიპოვებს ახალ ნებართვებს ან/და ხელშეკრულებებს.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (17.11.14 N10/1877-14);

2.      შპს ,,ტელევიზია კახეთის“ 2014 წლის 11 ნოემბრის  N42 შემოწმების აქტი;

3.      2014 წლის 11 ნოემბრის შპს ,,ტელევიზია კახეთის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);

4.      შპს „სი ენ ეი ჯორჯიას“ 2014 წლის 04 ნოემბრის N6/6542-14 წერილი;

5.      შპს ,,ტელევიზია კახეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

6.      შპს „ტელევიზია კახეთის“ დირექტორის, დავით ბაგაურის პირადობის მოწმობის ასლი;

7.      კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,ტელევიზია კახეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: N791 );

8.      კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903646;

9.      კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

10.  შპს ,,ტელევიზია კახეთის“ დირექტორის დავით ბაგაურის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის კომისიის სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.         შპს „ტელევიზია კახეთი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;  მაუწყებლობის ტრანზიტი);

2.         კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ  პირთა მიერ, 2014 წლის 11 ნოემბერს, 14:10 საათზე განხორციელდა შპს „ტელევიზია კახეთის“  შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. ახმეტა, ლესელიძის ქ. N3; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N42. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის დირექტორი დავით ბაგაური;

3.         შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ტელევიზია კახეთი“ საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული), „RU TV”,  „Bridge tv“.

4.         2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „ტელევიზია კახეთს“ ჩაბარდა 02.03.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ტელევიზია კახეთს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;

5.         ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „ტელევიზია კახეთს“ ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „ტელევიზია კახეთს“ ჩაბარდა 16.01.2013.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

6.         კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 11 ნოემბრის №42 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

7.          შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2014 წლის 11 ნოემბრის №42 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);

8.         შპს „ტელევიზია კახეთს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.         „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.         „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.         „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.         „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  

5.         „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

6.         „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

7.         ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული), „RU TV”,  „Bridge tv“ შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „ტელევიზია კახეთის“  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტი.

ვინაიდან, შპს ,,ტელევიზია კახეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელევიზია კახეთს“, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული), „RU TV”,  „Bridge tv“, არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.         შპს ,,ტელევიზია კახეთს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.         შპს ,,ტელევიზია კახეთმა“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული), „RU TV”,  „Bridge tv“  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელევიზია კახეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.         დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს ,,ტელევიზია კახეთისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ,,ტელევიზია კახეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-7  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს    (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                               ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                               კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები