წვდომის მენიუ

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე შპს ,,ტბკომის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 681 / 12

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2014 11:35

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2014

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე შპს ,,ტბკომის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს ,,ტბკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/447-14, 20.10.14) და მოითხოვა ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  მომსახურების და ამ ქსელის აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის 100 ნომრიან ბლოკზე (900XXXXXX) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

         კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის  თანახმად, ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ხოლო  მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს  - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

  კომისიამ შეისწავლა შპს ,,ტბკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შპს ,,ტბკომს” როგორც ავტორიზებულ პირს,  2014 წლის 30 ოქტომბრის  №01/2210-14 წერილით (ჩაბარების თარიღი 11.11.2014), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა, რათა  წარმოედგინა სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ ნებართვის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად     

გადაწყვიტა:

1.   უარი ეთქვას შპს ,,ტბკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე და განუხილველად დარჩეს შპს ,,ტბკომის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის  №7/447-14, 20.10.14);

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის                                            შპს  ,,ტბკომისთვის” ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრები:                                                               აკაკი სიხარულიძე       

                                                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

                                                                                                       კახი ბექაური           

                                                                                                       ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები