წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 683 / 2

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2014 18:55

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2014

კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/464-14, 30.10.2014წ.) მიმართეს შპს ”რადიო კომერსანტმა“ და შპს ”ჩვენმა რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, განმცხადებლებს სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ნაცვლად სურთ საერთო რადიომაუწყებლობის განხორციელება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოსახლეობაში ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ უფრო აქტუალურია საერთო მაუწყებლობა. მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა უფრო მაღალია საინფორმაციო ფორმატზე, ვიდრე გასართობი ტიპის რადიომაუწყებლობაზე; ასევე ფინანსური კუთხითაც ჩატარებული კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ სპონსორობის მხრივ გაცილებით მაღალი მოთხოვნაა საინფორმაციო ტიპის გადაცემებზე, ვიდრე გასართობზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №357/22 გადაწყვეტილებისა და შპს ”რადიო კომერსანტსა“ და შპს ”ჩვენი რადიოს” შორის 2008 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 26 ნოემბრამდე სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული შპს ”რადიო კომერსანტს”. 

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია ითვალისწინებს რადიომაუწყებლობას 2024 წლის 26 ნოემბრამდე, კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 95.5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი, ანტენის განთავსების ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფიული კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100 მ, მაუწყებლობის საშ. რადიუსი 25 კმ;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1800-14, 04/11/2014) თანახმად, ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, რის გამოც დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზიის  მოდიფიცირება იმგავრად, რომ ლიცენზიის სახეობად განისაზღვროს საერთო რადიომაუწყებლობა, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. დეპარტამენტს ასევე მიაჩნია, რომ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე და ასევე მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ჩვენი რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B72 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №645/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების

ა) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო რადიომაუწყებლობა;”

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ) ქვეპუნქტი:

”ჟ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო კომერსანტისთვის“ და შპს ”ჩვენი რადიოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ჩვენი რადიოსთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                       აკაკი სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                      სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                      ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები