წვდომის მენიუ

ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 684 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2014 18:56

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2014

ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N551/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ნინოწმინდაში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 100,1მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N551/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 3 ნოემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 6 ნოემბერი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 4 დეკემბერი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 8 დეკემბერი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 1,417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N551/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ააიპ “რადიო-ტვ ნორმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/17-14, 03.11.2014წ).

             კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 4 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ ააიპ “რადიო-ტვ ნორის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N551/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ქ. ნინოწმინდაში (სიხშირეზე 100,1მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 4 დეკემბერს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ ააიპ “რადიო-ტვ ნორის” გამგეობის თავმჯდომარე არარატ თთთიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეკა ციმაკურიძე, საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსის” დირექტორი ლია ჩახუნაშვილი, ასოციაცია ”სტუდია რეს” დირექტორი მამუკა ყუფარაძე და რედაქტორი მაია შონია;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/1866-14, 13.11.14), სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, ააიპ “რადიო-ტვ ნორის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.  დასკვნის შესაბამისად, ააიპ “რადიო-ტვ ნორის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს.

ააიპ “რადიო-ტვ ნორის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად სათემო რადიოს პროგრამირების პოლიტიკა დაეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომლის გათვალისწინება აუცილებელი იქნება სამაუწყებლო ბადის შემუშავებისას:

·         თემის წევრთა თანამონაწილეობა პროგრამებში;

·         სათემო სიახლეების პრიორიტეტული გაშუქება; 

·         ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება;

·         რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა;

·         ადგილობრივი არჩევნების გარემოს ჩამოყალიბება დისკუსიების, დებატების,    ინტერაქტიული საუბრების გამოყენებით;

·         საგანმანთლებლო მაუწყებლობის განვითარება.

ააიპ ”რადიო-ტვ ნორის” თანამშრომლებმა სამაუწყებლო ბადის შედგენისას გაითვალისწინეს როგორც ზემოთ აღწერილი პრინციპები, ისე ადგილობრივი რეალობა – ნინოწმინდის თემის ცხოვრების რიტმი და დინამიკა.

მაუწყებლობა იწარმოებს სომხურ და რუსულ ენებზე, ხოლო ახალი ამბები მომზადდება სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

ახალი ამბები 5-დან 10 წუთამდე გაგრძელდება, ეთერში გავა სამ ენაზე (სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე) და დღეში რამდენჯერმე გამეორდება.

სადაგ დღეებში ეთერში გავა ორი საავტორო გადაცემა, რომელთაგან ერთის ხანგრძლივობა 15 წუთია (ქართულის ენის გაკვეთილები), ხოლო მეორის (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა “ჩემი აზრი”) – ერთი საათი. 

საავტორო გადაცემების უმეტესება ეთერში გავა შაბათს და განმეორდება კვირას, შეიცვლება მხოლოდ მუსიკა.

საავტორო გადაცემები მომზადდება იმ ენაზე, რომელსაც უკეთ ფლობენ გადაცემის ავტორები.

ეთერში გავა ყველა სახის მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში გავა ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს ააიპ ”რადიო-ტვ ნორი”.

ააიპ ”რადიო-ტვ ნორი” ეთერში მუსიკას გადასცემს კანონის სრული დაცვით, საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა ასოციაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 

ააიპ ”რადიო-ტვ ნორი” აქტიურად გამოიყენებს ვებ-გვერდს, საიდანაც ხელმისაწვდომი იქნება გადაცემების არქივი და ტექსტური ინფორმაცია.

ინტერაქტიულობა და თემთან უკუკავშირი სათემო რადიოსთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზანს ის მიაღწევს როგორც ეთერში სატელეფონო ზარების, თემის წევრებთან პირისპირ შეხვედრების, ისე ვებ-გვერდის და სოციალური მედიის ინსტრუმენტების დახმარებით.

სამაუწყებლო ბადე სადაგ დღეებში

(ორშაბათი - პარასკევი: 11:00სთ-დან 23:00სთ-მდე)

11:00 – 11:02 – პროგრამის გახსნა: დრო, ამინდი, ანონსები, დღის თემის წარდგენა;

11:03 – 11:06 – მუსიკა;

11:07 – 11:11 – ახალი ამბების გამოშვება სომხურ ენაზე;

11:12 – 11:13 – შუალედური მენიუ: დრო, ამინდი, ანონსები;

11:14 – 11:15 – პრესის მიმოხილვა;

11:16 – 11:18 – მუსიკა;

11:19 – 11:23 – პაკეტი (დღის თემა – რეპორტაჟი დღის აქტუალური პრობლემის/საკითხის შესახებ);

11:24 – 11:26 – მუსიკა;

11:27 – 11:28 – ჰოროსკოპი;

11:29 – 11:30 – ბაზრის ფასების მიმოხილვა;

11:31 – 11:32 – შუალედური მენიუ: დრო, ანონსები, დღის თემის წარდგენა;

11:33-11:38 – ახალი ამბების გამოშვება ქართულ ენაზე;

11:39 – 11:40 – პრესის მიმოხილვა;

11:41 – 11:43 – მუსიკა;

11:44 – 11:45 - ჰოროსკოპი;

11:46 – 11:48 – ინტერვიუ / პაკეტი;

11:49 – 11:52 – მუსიკა;

11:53– 11:54– ვალუტის კურსის მიმოხილვა (ოფიციალური და “ბირჟის” კურსები);

11:55 – 11:59 – მუსიკა;

12:00 – 12:05 – ახალი ამბების გამოშვება რუსულ ენაზე;

12:06 – 12:07 – ანონსები;

12:08 – 13:59 – მუსიკა;

14:00-დან 17:00 საათამდე, 3 საათის განმავლობაში, გამეორდება გადაცემების ის ბლოკი, რაც ეთერში გავიდა წინა 3 საათის განმავლობაში; 

17:00-დან 18:00 – საავტორო გადაცემა “ჩემი აზრი” (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის აქტუალურ რომელიმე საკითხზე. სტუდიაში შემოვა ზარები ნინოწმინდის მაცხოვრებლებისგან, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრებენ);

18:00-18:05 – მუსიკა;

18:06 – 18:30 – სტუდიის სტუმარი (საუბარი სტუმართან ნინოწმინდის თემისთვს საინტერესო რომელიმე საკითხზე);

18:31 – 19:59 – მუსიკა;

20:00 – 20:05 – ახალი ამბების გამოშვება სომხურ ენაზე (გამეორება);

20:06 – 20:10 – ახალი ამბების გამოშვება ქართულ ენაზე (გამეორება);

20:11 – 20:15 – ახალი ამბების გამოშვება რუსულ ენაზე (გამეორება);

20:16 – 21:30 – ქართული ენის გაკვეთილი (ხანგრძლივობა 15 წუთი);

21:31 – 22:45 – “მუსიკა თქვენი თხოვნით” (გასართობი მუსიკალური გადაცემა პირდაპირ ეთერში);

22:46 – 22:50 – ახალი ამბების გამოშვება სომხურ ენაზე (გამეორება);

22:51 – 22:55 – ახალი ამბების გამოშვება ქართულ ენაზე (გამეორება);

22:56 – 23:00 – ახალი ამბების გამოშვება რუსულ ენაზე (გამეორება);

23:00 – პროგრამების დასასრული.

სამაუწყებლო ბადე შაბათსა და კვირას

(11:00 სთ.-დან 23:00 სთ.-მდე)

11:00 – 11:15 – კვირის შეჯამება, შეჯამდება კვირის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალ ამბები;

11:16 – 15:00 – მუსიკა;

15:00 – 15:45 – “ცხელი ათეული”, გასართობი პროგრამა, სადაც ისაუბრებენ კვირის განმავლობაში ეთერში გასული ყველაზე პოპულარული მუსიკალური კომპოზიციების შესახებ. მუსიკალური კომპოზიციების რეიტინგი მოსახლეობის გამოკითხვით გამოვლინდება;

15:45 – 18:00 – მუსიკა, რჩევები, ჰოროსკოპი;

18:00 – 18:03 – ვიქტორინა, ინტელექტუალური გადაცემა, კითხვა პირდაპირ ეთერში გავა და ვინც პირველი გასცემს  სწორ პასუხს სატელეფონო ზარით ეთერში, ის მიიღებს პრიზს;

18:03 – 20:00 – მუსიკა, რჩევები, ჰოროსკოპი;

20:00 – 21:00 – “სოფლის საათი”, გადაცემა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სტუდიაში იქნება სტუმარი, რომელიც პასუხს გასცემს მსმენელთა შეკითხვებს, რაც სატელეფონო ზარით შევა სტუდიაში;

21:00 – 21:45 – “ზღაპარი”, საბავშვო პროგრამა 5-8 წლის ბავშვების მონაწილეობით, რომლებიც მოყვებიან სხვადასხვა ხალხების ზღაპრებს;

21:46 – 22:44 – მუსიკა;

22:45 – 23:00 – დღის შეჯამება, შეჯამდება კვირის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალ ამბებს (განმეორებით);

23:00 – პროგრამების დასასრული;

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გადაცემებისა, შაბათსა და კვირას ეთერში გავა შემდეგი გადაცემები:

1. “რჩევები ჯანმრთელობის შესახებ” – ექიმის რჩევები სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილების გზებისა და მკურნალობის შესახებ (ხანგრძლივობა 15 წუთი);

2. ინგლისური ენის გაკვეთილები (ხანგრძლივობა 15 წუთი);

3. “ეკონომ პლიუსი” – გადაცემა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე, საქართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალტეტში (ხანგრძლივობა 15 წუთი);

შაბათსა და კვირას ააიპ ”რადიო-ტვ ნორს” ექნება ეგრეთწოდებული “თავისუფალი ეთერი”, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა გადაცემით დატვირთავს, გამომდინარე მოხალისეების იდეებიდან, ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან. ააიპ ”რადიო-ტვ ნორის” მოხალისეები სხვადასხვა დროს მოამზადებენ გადაცემებს ქალებისთვის, კულინარიის შესახებ, ავტომობილების შესახებ, პოპ ვარსკვლავების შესახებ, ადგილობრივი ტალანტების შემოქმედების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. თბილისში (სიხშირეზე 100,1მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 8 დეკემბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ ააიპ “რადიო-ტვ ნორის” გამგეობის თავმჯდომარე არარატ თთთიანი, შპს ”ინფორმაციული ტექნოლოგიების” დამუძნებელი კონსტანტინე სტალინსკი, ასოციაცია ”სტუდია რეს” დირექტორი მამუკა ყუფარაძე და რედაქტორი მაია შონია;

                      კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

საკონკურსო სხდომაზე ააიპ “რადიო-ტვ ნორის” გამგეობის თავმჯდომარე არარატ თთთიანმა  სალიცენზიო გადასახდელის 1,417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) - ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

              ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N551/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ “რადიო-ტვ ნორი”;

2.  უზრუნველყოს ააიპ “რადიო-ტვ ნორმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 283.50 (ორასოთხმოცდასამი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300633062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 992.25 (ცხრაასოთხმოცდათორმეტი და 25) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ააიპ “რადიო-ტვ ნორისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ “რადიო-ტვ ნორისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                  ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები