საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2015 18:25
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (სამინისტროს საქვეუწყებო დეპარტამენტი), კომისიას მიმართა განცხადებით №10/3/7-1742ს, 03.09.14 (კომისიაში რეგისტრაციის №7-ს, 03.09.14), ამავე განცხადებაში განსაზღვრული პარამეტრებით, სამსახურებრივი საჭიროებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისიამ, შერჩეული მისანიჭებელი რადიოსიხშირეების განმცხადებელთან შეთანხმების მიზნით, მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის, შერჩეული რადიოსიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ და მოეწოდებინა სიხშირეების მინიჭებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია. თანხმობა, სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობაზე და დამატებითი ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა კომისიას აცნობა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №8-ს, 08.10.14).
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიზე მისი საქვეუწყებო ერთეულის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, სიხშირეები თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს (თ.ძაგნიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
