წვდომის მენიუ

შპს ,,ჯიმობაილისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 696 / 24

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 11:05

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014 11:11

შპს ,,ჯიმობაილისთვის”   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს ,,ჯიმობაილმა”  (კომისიაში რეგისტრაციის N7/450-14, 22.10.2014 და N7/466-14 31.10.14) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის 10 000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

            კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ,,ჯიმობაილი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.                     B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

·                     ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·                     მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·                     როუმინგული კავშირით  მომსახურება.

2.                  B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

·                     ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

·                     მულტიმედიური მომსახურება;

·                     ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

·                     მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

·                     მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

          კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა -არაგეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არაგეოგრაფიული ნომრებისთვის  ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის, განსაზღვრულია ციფრებით „500-599“.  

           კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა      შპს  ,,ჯიმობაილის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯიმობაილის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის  100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის 1000 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე)   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

        კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯიმობაილი” არ ფლობს ნუმერაციის რესურსს    მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება  ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ოთხი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს შპს ,,ჯიმობაილს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N206 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი (995 550 00X XXX) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის,  ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)  ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2.  ეცნობოს შპს ,,ჯიმობალს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჯიმობაილისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

                                                                                                       აკაკი სიხარულიძე          

                                                                                                          კახი ბექაური           

                                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები