შპს ”TV3“-ის №B84 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2014 13:00
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2014 13:01
შპს ”TV3“-ის №B84 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/548-14, 12.12.2014წ.) მიმართა შპს ”TV3”-მა კუთვნილი №B84 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”TV3” ფლობს კერძო ტელემაუწყებლობის №B84 ლიცენზიას 2015 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 21 იანვრამდე;
დ) მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
დ.ა) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით ქ. ფოთში;
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”TV3”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”TV3”-ის მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი 2014 წლის 15 დეკემბერს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”TV3”-ის №B84 ლიცენზია ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით, აღნიშნული სახის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ვერ იქნება გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”TV3”-ის №B84 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 16 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის სხდომაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”TV3”-ისთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
