შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ (ს/ნ 432385518) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2015 17:14
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2014
შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ (ს/ნ 432385518) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 5 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “სტერეო+“-მა და შპს “ტვმობილმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/6562-14 05.11.2014), რომლის თანახმადაც შპს “სტერეო+“-ს განზრახული აქვს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივი, კერძოდ, მის სარგებლობაში არსებული №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიებით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების შპს “ტვმობილზე“ პირდაპირი გადაპირება, რაზედაც მხარეები ითხოვენ წინასწარ თანხმობას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.5. |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2. |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiMax |
|
|
B.F.3. |
მონაცემთა გადაცემა |
|
მონაცემთა გადაცემა |
|
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
B.S.4. |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
|
B.S.5. |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
|
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
|
B.1. |
ტელემაუწყებლობა |
|
საერთო ტელემაუწყებლობა |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიას (რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც; უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის. ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი);
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F77 ლიცენზიას, (რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც; ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად; ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.გორი, ქ.თელავი, ქ.დუშეთი, ქ.ჩოხატაური, ქ.ხარაგაული და ქ.ასპინძა);
გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F84 ლიცენზიას, (რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც; მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად. ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის, ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები);
დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F86 ლიცენზიას, (რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის).
შპს “სტერეო+“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ. წალკა;
და კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტვმობილი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტერეო+“-ისა და შპს “ტვმობილის“ მიერ ერთობლივი განცხადებით (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/6562-14 05.11.2014), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- შპს “სტერეო+“-ის საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს “ტვმობილის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს “სტერეო+“-ის მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;
- შპს “ტვმობილის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;
- შპს “სტერეო+“-ის წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;
- შპს “ტვმობილის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ის მიერ №07/12-14 17.12.2014 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/7307-14 17.12.2014) კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს “სტერეო+“-ის წესდება და შპს “სტერეო+“-ის კრების ოქმი, კომპანიის პარტნიორების მიერ შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის გასხვისებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ის პარტნიორები არიან: ლუკა სევერინი (წილის 50%-ის მფლობელი) და გიორგი ხითარიშვილი (წილის 50%-ის მფლობელი). შპს “ტვმობილის“ 100%-იანი წილის მფლობელია გია მერებაშვილი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის №10/1839-14 11.11.2014 სამსახურებრივი ბარათის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “ტვმობილის“, ასევე შპს “ტვმობილის“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის გია მერებაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის №10/1839-14 11.11.2014 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით შპს “სტერეო +“-ს შემოსავლები არ გააჩნდა, 2014 წლის აპრილის თვიდან 2014 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, მაუწყებლობის ტრანზიტით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინეს 3936 ლარი. რაც შეეხება შპს “ტვმობილს“, შემოსავლები კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არ ფიქსირდება, ვინაიდან კომპანია რეგისტრირებულია 2014 წლის 5 ნოემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ტვმობილის“ მიერ შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვმობილის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვმობილის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვმობილის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიების გადაპირების მიზნით, შპს “სტერეო+“-მა და შპს “ტვმობილმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიების გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განუმარტოს შპს “სტერეო+“-ს და შპს “ტვმობილს“, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო+“-ს, შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37, №F77, №84, F86 ლიცენზიები) შპს “ტვმობილის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს “სტერეო+“-ს” და შპს “ტვმობილს“, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
