საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №609/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2015 16:56
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს №477/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №609/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე.
კომისიის სხდომაზე განხილული იქნა სს ”სილქნეტის” წერილობითი მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის №6/7531-14, 25.12.20014წ.) ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ. სს ”სილქნეტი” წერილში აღნიშნავს, რომ კომპანიაში მიმდინარეობს კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განსახილველი მონაცემების დაზუსტება.
კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №609/23 გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულია 3 თვიანი ვადა. ზეპირი მოსმენის გადადების შემთხვევაში არ დარღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა. შესაბამისად, კომისიის შესაძლებლად მიაჩნია საკითხის ზეპირი მოსმენის გადადება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების შეტანა კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №609/23 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №609/23 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 15 იანვარს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
