წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12, №F15, №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20, №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირებისა

ნომერი: 715 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2015 11:21

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014 11:21

შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F2, №F4, №F12,  №F15,  №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F17, №F18, №F20,  №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F5, №F42 და  №F59 ლიცენზიების   მოდიფიცირებისა და მოქმედების 15 წლიანი ვადის განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 1 აგვისტოს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017490), რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა   472  მუხლი (რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია), რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით კომისიისა და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელების უფლება-მოვალეობებს.

  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას შემდეგი პირობებით:  

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულება მოდიფიცირებული უნდა იქნეს ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წელი, მიუხედავად ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადისა;

გ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ექვემდებარება გადაანგარიშებას კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

გ.ა) კომისია განსაზღვრავს მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს;

გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, რომელიც კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული ოდენობის პირდაპირპროპორციულია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიების მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციის მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანიდან 3 თვის განმავლობაში.

            კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად:

ა)2014 წლის 7 ნოემბერს კომისიამ მიიღო  დადგენილება N8 „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში და განხორციელდა  ევროკომისიის  2012/688/EU და 2011/251/EU გადაწყვეტილებით განსაზღვრული 880-915 მჰც და  925- 960 მჰც   (შემდგომში „900 მჰც“) დიაპაზონის, 1 710-1 785 მჰც და  1 805-1 880 მჰც     (შემდგომში „1800 მჰც“)  დიაპაზონისა და   920-1 980 მჰც და  2 110-2 170 მჰც (შემდგომში„დაწყვილებული 2100 მჰც“)  დიაპაზონის ნაწილის, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის ეროვნულ დონეზე განაწილება.

ბ) 2014 წლის 4 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N9 „ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმითა“ და ევროკომისიის შესაბამისი  გადაწყვეტილებებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, 15 წლის ვადით მოდიფიცირებისათვის ლიცენზიების საფასურის გადაანგარიშების ერთიან წესს.

კომისია აღნიშნავს, რომ  ევროკომისიის  2012/688/EU და 2011/251/EU გადაწყვეტილებების შესაბამისად ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმით“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის   ჰარმონიზებულ 900 მჰც, 1800 მჰც  და დაწყვილებულ 2100 მჰც  რადიოსიხშირულ დიაპაზონებში:

ა)   შპს „მაგთიკომი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12,  №F15 და  №F16 ლიცენზიებს;

ბ) შპს „ჯეოსელი“ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20 და  №F24 ლიცენზიებს;

გ) შპს „მობიტელი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F5, №F42 და  №F59 ლიცენზიებს;

 (შენიშვნა: შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F12 და №F24 ლიცენზიები  მოიცავს როგორც დაწყვილებულ, ასევე დაუწყვილებელ 2100 მჰც დიაპაზონის ფარგლებში არსებულ რადიოსიხშირულ რესურსს, რომლის სარგებლობის უფლებაც  არ ექვემდებარება ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად 15 წლის ვადით მოდიფიცირებას.)

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   472  მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე ან სრულად თქვას უარი ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა.

კომისიამ, ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და  მოდიფიცირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წლის 11 დეკემბერს წერილობით მიმართა შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და  შპს „მობიტელს“  (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი   №02/2533-14,  №02/2534-14 და №02/2532-14) რომ წარმოედგინათ განცხადებები ჰარმონიზებულ 900 მჰც,  1800 მჰც და დაწყვილებულ 2100 მჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონებში მათ სარგებლობაში არსებული  ლიცენზიების სრულად მოდიფიცირების, ნაწილობრივ მოდიფიცირების და/ან სრულად დათმობის (ასეთის სურვილის შემთხვევაში) მოთხოვნის მითითებით.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა და შპს „მობიტელმა“ კომისიაში წარმოადგინეს განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - №07/549-14, 12.12.2014  და №07/559-14 16.12.2014) და მოითხოვეს 900 მჰც, 1800 მჰც და დაწყვილებულ 2100 მჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონებში მათ სარგებლობაში არსებული ლიცენზიების (შპს „ჯეოსელი“ №F17, №F18, №F20,  №F24, შპს „მობიტელი  №F5, №F42 და №F59) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოდიფიცირება, ხოლო შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - №07/554-14, 15.12.2014;  №07/552-14, 15.12.2014; №07/533-14, 15.12.2014;  №07/550-14 15.12.2014;  და №07/551-14 15.12.2014;), რომლითაც მოითხოვა 900 მჰც და 1800 მჰც დიაპაზონებში მის სარგებლობაში არსებული №F4,  №F15 და №F16 ლიცენზიების სრულად  მოდიფიცირება, ხოლო დაწყვილებულ 2100 მჰც დიაპაზონში მის სარგებლობაში არსებული №F2 და  №F12 ლიცენზიების ნაწილობრივ, კერძოდ 1935მჰც-დან 1945მჰც-მდე, 2125 მჰც-დან 2135 მჰც-მდე, 1930 მჰც-დან 1935 მჰც-მდე და 2120 მჰც-დან 2125 მჰც-მდე სიხშირულ ზოლებზე სარგებლობის უფლების  მოდიფიცირება; ამავე კორესპონდენციით შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა ზემოაღნიშნული ლიცენზიებით განსაზღვრული 1945 მჰც-დან 1950 მჰც-მდე, 2135 მჰც-დან 2140 მჰც-მდე, 1920 მჰც-დან 1930 მჰც-მდე და 2110 მჰც-დან 2120 მჰც-მდე რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების დათმობა.

            კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

            ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის,  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  472  მუხლის,  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმისა” და კომისიის  2014 წლის 4 დეკემბრის  N9 დადგენილებით დამტკიცებული  „ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების წესის“  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება:

ა)  შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F2 და  №F12 ლიცენზიების ნაწილობრივ და   №F4,  №F15 და  №F16 ლიცენზიების სრულად მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის 15 წლის ვადით განსაზღვრის მიზნით;

ბ)  შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F17, №F18 და №F20 ლიცენზიების სრულად და   №F24 ლიცენზიის ნაწილობრივ მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის 15 წლის ვადით განსაზღვრის მიზნით;

გ) შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის 15 წლის ვადით განსაზღვრის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 28 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“ და შპს „მობიტელისათვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა (თ. ტყეშელაშვილი) და რადიოსიხშირეთა მართვის (ს. შავგულიძე)  დეპარტამენტებს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები