თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2015 17:13
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ჟენევის 2006 წლის GE06 ხელშეკრულების ფარგლებში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლის შესაბამისადაც შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები“.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 27 თებერვალს (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341). აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით განისაზღვრა კომისიის ვალდებულება, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის ადგილობრივ საეთერო ტელემაუწყებლებს უსასყიდლოდ მიანიჭოს საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 2015 წლის 17 ივნისისთვის მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით განსაზღვრული არეალის შენარჩუნებით, 10 წლის ვადით. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით განისაზღვრა, რომ კანონის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა შესასრულებლად კომისიამ იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია, რომ თუ ადგილობრივ ზონაში ფუნქციონირებს ერთზე მეტი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებელი, რომელთაც სურვილი აქვთ უზრუნველყონ ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირება, კომისია ვალდებულია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ და ღია კონკურსის გარეშე მიანიჭოს არსებულ ადგილობრივ საეთერო მაუწყებელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, მისი ფორმირებისა და კომისიაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილობრივ ზონაში ჩამოყალიბდა ერთზე მეტი გაერთიანება (და/ან რომელიმე ადგილობრივი საეთერო მაუწყებელი, მისი სურვილის მიუხედავად, ვერ გაერთიანდა შესაბამის ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებაში) კომისია ვალდებულია ღია კონკურსის წესით განახორციელოს ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსის გაცემა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით ასევე განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა ქსელების ფორმირებისათვის გამოყენებული იქნება VHF III სიხშირულ დიაპაზონში არსებული რადიოსიხშირული რესურსი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ციფრული სამაუწყებლო ზონის ფარგლებში VHF III დიაპაზონში ხელმისაწვდომი სიხშირეები არასაკმარისი იქნება ოპტიმალური ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმების ფორმირებისათვის და შესაბამის ციფრულ სამაუწყებლო ზონაში არსებობს თავისუფალი UHF რესურსი, დამატებით გამოყენებული იქნება 470-694 მჰც დიაპაზონში არსებული შესაბამისი რესურსი, ისევე როგორც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს VHF III დიაპაზონში ჟენევა–06 გეგმით გაუთვალისწინებელი სატელევიზიო არხები, თუმცა ERP-ის (ეფექტურად გამოსხივებული სიმძლავრე) ისეთი მნიშვნელობებით, რომლებიც თეორიული გათვლებით არ ქმნიან ინტერფერენციას მეზობელი სახელმწიფოების ციფრულ სატელევიზიო არხებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის ადგილობრივ ზონაში ფუნქციონირებს 9 ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებელი, კერძოდ: შპს „იბერია –TV“ (კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის მფლობელი), შპს „ტელეკომპანია თბილისი“ (კერძო მაუწყებლობის NB88 ლიცენზიის მფლობელი), შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ (კერძო მაუწყებლობის NB103 ლიცენზიის მფლობელი), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (კერძო მაუწყებლობის NB21 ლიცენზიის მფლობელი), შპს „ტელეკომპანია კავკასია“ (კერძო მაუწყებლობის NB23 ლიცენზიის მფლობელი), შპს „ტელეკომპანია პიკი“ (კერძო მაუწყებლობის NB100 ლიცენზიის მფლობელი), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ (კერძო მაუწყებლობის NB162 ლიცენზიის მფლობელი), შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“[1] (კერძო მაუწყებლობის NB17 ლიცენზიის მფლობელი) და შპს „ჯი–დი–ეს თი–ვი“ (B15 ლიცენზიის მფლობელი).
თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა ქსელის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ არაერთი შეხვედრა გამართა და წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი -26.08.2014 №02/1811-14) მიმართა შესაბამის ტელემაუწყებლებს საბოლოო პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით. თბილისში მოქმედი მაუწყებლების უმრავლესობამ (შპს „ტელეკომპანია თბილისი“ – კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 05.09.2014 №6/5514-14; შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 04.09.2014; №6/5490-14; შპს „ტელეკომპანია კავკასია“ – კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 05.09.2014; №6/5516-14; შპს „ტელეკომპანია პიკი“ – კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 05.09.2014; №6/5515-14; შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ – კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 05.09.2014; №6/5507-14) გამოხატა მზადყოფნა, სხვა შესაბამის ადგილობრივ საეთერო მაუწყებლებთან ერთად განეხორციელებინათ ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის /მულტიპლექს პლატფორმის ფორმირება; შპს „იბერია –TV“-მ არ წარმოადგინა წერილობითი განცხადება; ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი - 6/6626-14 12.11.14) უარი განაცხადა სხვა შესაბამის მაუწყებელთან ერთად ადგილობრივი მულტიპლექს პლათფორმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებაზე და შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსის მინიჭებაზე. შპს „ჯი–დი–ეს თი–ვიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 05.09.2014; №6/5513-14) მოითხოვა კონკურსის გამოცხადება, ხოლო შემდგომ გაითხოვა კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი - 14.11.2014 №6/6645-14), რომლითაც ტელეკომპანიამ კონკურსის გამოცხადების შესახებ იშუამდგომლა; შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“, შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისმა“ კომისიაში წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 04.12.2014 №7/539-14) თბილისის ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით. კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი - 11.12.2014; № 02/2537-14) შესაბამის ტელემაუწყებლებს, კერძოდ შპს „ჯი–დი–ეს თი–ვის“, შპს „ტელეკომპანია პიკს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“ და შპს „იბერია –TV-ს“ განსაზღვრულ ვადაში საბოლოო პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით. შპს „ტელეკომპანია პიკი“ (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 16.12.2014; №7/560-14) შეუერთდა შესაბამისი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებას (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 04.12.2014 №7/539-14) და მოითხოვა თბილისის ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსის მინიჭება; შპს „ჯი–დი–ეს თი–ვიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი - 16.12.2014; № 7/557-14) და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი - 16.12.2014; № 7/561-14) უარი განაცხადეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობაზე. შპს „იბერია –TV-მ“ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი - 16.12.2014; № 7/558-14), სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია მოგვიანებით წარმოადგენს განაცხადს. კომისიამ კიდევ ერთხელ წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი - 23.12.2014; № 02/2662-14) მიმართა შპს „იბერია –TV-ს“, რომლითაც კომპანიას კიდევ ერთხელ განემარტა უფლებები და ვალდებულებები და კიდევ ერთხელ განესაზღვრა ვადა განაცხადის წარმოსადგენად, მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „იბერია –TV“-მ კომისიაში არ წარმოადგინა წერილობითი განცხადება რადიოსიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ თბილისის ტელემაუწყებლებმა, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისათვის მოითხოვეს (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 24.12.2014; № 6/7518-14-) UHF დიაპაზონის ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის გამოყოფა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723), შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) შპს „ტელეკომპანია თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818) და შპს „ტელეკომპანია პიკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202395247) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;
2. თბილისის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად განისაზღვროს ძირითადი გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
ციფრული სამაუწყებლო ზონა |
პუნქტი |
ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე ERP [kW] |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის პარამეტრები |
2015 წლის 17 ივნისიდან (ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდგომ ) ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი |
|||||
|
ჩრდილოეთ განედი (N) |
აღმოსავლეთ გრძედი (E) |
დაკიდების სიმაღლე ±5 (M) |
გასხივების მიმართულება (მიმართული/არამიმართული) (D/ND) |
პოლარიზაცია H/V |
სატელევიზიო არხი |
ცენტრალური სიხშირე (MHz) |
ზოლის სიგანე (MHz) |
||||
|
1 |
GE0259 |
თბილისი |
3 |
41°41´44.75´´ |
44°47´6.44´´ |
260 |
ND |
H |
30 |
546 |
8 |
შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა მაუწყებლებმა უზრუნველყონ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის ამავე პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;
4. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განხორციელდეს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (H.264 - ISO/IEC 14496) ტექნოლოგიით;
5. ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ამგებმა მაუწყებლებემა:
ა) უზრუნველყონ ქსელის აგება DVB-T2 COFDM პარამეტრებზე დაყრდნობით და ქსელში ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ -33.1 მგბ/წმ;
ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში უზრუნველყონ სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1. 7 მგბ/წმ) სიჩქარით და მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით. (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);
გ) მულტიპლექს პლატფორმაში განათავსონ (შესაბამისი ტელემაუწყებლების) სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია და მოთხოვნის შემთხვევაში ურთიერთგაცვალონ პროგრამათა ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის სხვა ოპერატორთან. (მულტიპლექს პლატფორმაში ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI) გამოყოფილი უნდა იქნას მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ გამტარუნარიანობა);
დ) დაიცვან „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.economy.ge/ge/media/news/cifrul-miwiszeda-satelevizio-mauwyeblobaze-gadasvlis-samoqmedo-gegma-da-rekomendaciebi და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50712&info_id=115066);
ე) 2016 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადამცემი სადგურის გამოყენებით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირება;
ვ) ჩრდილოვანი ზონების დასაფარად დამატებითი საიტის/საიტების დაგეგმარების შემთხვევაში მომართონ კომისიას, რომელიც თავის მხრივ განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას;
ზ) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენონ ღია საეთერო ან/და მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებლების) სატელევიზიო პროგრამის გასავრცელებლად;
თ) ქსელის ექსპლუატაციაში გაშვებამდე 4 კვირით ადრე წარუდგინონ კომისიას და გამოაქვეყნონ საკუთარ ვებ–გვერდებზე მოწვევის ოფერტა, სადაც განსაზღვრული იქნება სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი (რომელიც უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების ტარიფისა), სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) გადაცემათა პროგრამის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები;
ი) უზრუნველყონ ქსელის ფარგლებში არსებულ რესურსთან თბილისის ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატით (ხოლო დანარჩენ თავისუფალ რესურსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული ტელემაუწყებლების) არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით დაშვება და ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურების სახეების შეთავაზება;
კ) ტელემაუწყებლების ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების შესრულება;
ლ) შექმნან სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია დაფარვის ზონის შესახებ და უზრუნველყონ მომხმარებელთა ცხელი ხაზით მომსახურება.
6. ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მინიჭების ვადის პერიოდში განახორციელოს მინიჭებული რადიოსიხშირის (სატელევიზიო არხის) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, მათ შორის, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში რადიოსიხშირის შეცვლა, ხოლო რადიოსიხშირული რესურსის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტსა (ს.შავგულიძე) და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.ბექაური
[1] შენიშვნა: კერძო მაუწყებლობის NB17 ლიცენზია კომისიის 2014 წლის 11 აპრილის N205/11 გადაწყვეტილებისა და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიასა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გადაეცა შპს „სტუდია მაესტროს“დროებით სარგებლობაში, 2015 წლის 15 ივნისამდე.
