წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 72 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014

 

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 9 იანვრის №10/43-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2013 წლის 23 დეკემბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” 2013 წლის 23 დეკემბრის სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,ტელე-რადიო კონპანია თრიალეთი“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ ფილმებს: ,,Superman”, “Lassie”, “Insomnia”, “Outspost”, “Charlies Angels: Full Throttle”. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 9 იანვრის №10/43-14 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიამ 2013 წლის  25 დეკემბრის №04/2826-13 წერილით მიმართა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ და მოსთხოვა მას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა, რასთან დაკავშირებითაც კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/7449-13; 30.12.2013), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ სამაუწყებლო ეთერში მართლაც გავიდა ფილმები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ კომისიის 2013 წლის  25 დეკემბრის №04/2826-13 წერილის მიღებისთანავე მიიღო ზომები, რათა მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მისი სამაუწყებლო ეთერით არცერთი ფილმი აღარ გასულიყო და პრობლემა აღმოფხვრილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდებოდა არამართლზომიერად და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 9 იანვრის №10/43-14 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 29 იანვარს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 6 თებერვალს, რის შესახებ  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

                კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე კვლავ დაადასტურა კომპანიის სამაუწყებლო ბადიდან იმ ფილმების ამოღების თაობაზე, რომელთა არამართლზომიერ ჩვენებას ახორციელებდა. მისი განცხადებით, მხოლოდ ბაზრის დარეგულირების შემდეგ უნდა მოეთხოვა კომისიას მაუწყებლებისგან  სამაუწყებლო ბადეში ლიცენზირებული სამაუწყებლო პროდუქციის განთავსება. ამასთან, მისი განცხადებით, კომისიის მიერ მოსალოდნელი მონიტორინგის თაობაზე შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ გაფრთხილების შემთხვევაში, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ სამაუწყებლო ბადიდან ამოიღებდა ზემოაღნიშნულ არალეგალურ სამაუწყებლო პროდუქციას.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.             კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 9 იანვრის №10/43-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.             სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;

3.             კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის №04/2826-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040007340863);

4.             კომისიის 2013 წლის 15 იანვრის №04/97-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040001247803);

5.             შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2013 წლის 30 დეკემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/7449-13; 30.12.2013);

6.             კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ მონაცემები;

7.             კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის №B56 და №B57 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B57 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“ და №B56 ლიცენზია (კერძო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა №000083);

8.             შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება  2014 წლის 6 თებერვლის კომისიის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.             შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა) და კერძო მაუწყებლობის №B57 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა);

2.             კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2013 წლის 23 დეკემბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;

3.             შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსა მხატვრული ფილმები: ,,Superman”, ,,Lassie”, ,,Insomnia”, ,,Outpost”, ,,Charlies Angels: Full Throttle”;

4.             2013 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით და ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ არ გააჩნდა და კომისიაში არ წარმოუდგენია მხატვრული ფილმების: ,,Superman”, ,,Lassie”, ,,Insomnia”, ,,Outpost”, ,,Charlies Angels: Full Throttle” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);

5.             კომისიის 2013 წლის 15 იანვრის №04/97-13 წერილით მაუწყებლებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, ეცნობათ და განემარტათ, რომ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიას უნდა წარუდგინონ აღნიშნული პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსებამდე;

6.             კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტისა და №B56 ლიცენზიის №2 დანართის ნ) პუნქტის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ერთ-ერთ სალიცენზიო ვალდებულებად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტისა და №B56 ლიცენზიის №2 დანართის ჟ) პუნქტის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; შესაბამისად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ფლობდა ინფორმაციას ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესახებ მისთვის გაცემული №B56 ლიცენზიის პირობებიდან.

7.             შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.                   ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.                   „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.                   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

4.                    ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

5.                   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

6.                   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

7.                   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8.                   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

9.                   ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

10.          ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

11.          კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტისა და კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის  №2 დანართის ნ) პუნქტის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

12.          კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტისა და კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის  №2 დანართის ჟ) პუნქტის თანახმად,  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

13.          ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ მხატვრული ფილმების: ,,Superman”, ,,Lassie”, ,,Insomnia”, ,,Outspost”, ,,Charlies Angels: Full Throttle” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნ) და ჟ) ქვეპუნქტებითა და კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის №2 დანართის ნ) და ჟ) პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმების: ,,Superman”, ,,Lassie”, ,,Insomnia”, ,,Outspost”, ,,Charlies Angels: Full Throttle” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში, შემდგომში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,   ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნ) და ჟ) ქვეპუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-5, მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №835/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ნ) და ჟ) ქვეპუნქტებისა და კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის №2 დანართის ნ) და ჟ) პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევის გამო;

2.   შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმების:  ,,Superman”, ,,Lassie”, ,,Insomnia”, ,,Outspost”, ,,Charlies Angels: Full Throttle”  არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში;

3.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის’’ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

8.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                             აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი                                                     

კომისიის წევრი                                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                               ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები