შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2015 11:45
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014
შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/432-14, 09.10.2014წ. და №6/6488-14, 28.10.2014წ.) მიმართა შპს “ტელეკომპანია თბილისმა” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიის დაკვეთით განხორციელდა სატელევიზიო ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ქ. თბილისის მოსახლეობა სატელევიზიო ეთერში ისურვებდა საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხილვას. ასევე, რეიტინგების დამთვლელი კომპანიების მონაცემებით საერთო ლიცენზიის მფლობელი ტელემაუწყებლები გამოირჩევიან მაღალი ყურებადობით. კომპანიას ასევე მიაჩნია, რომ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის პირობებში უფრო ეფექტური იქნება რეკლამის მოზიდვაც.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია თბილისი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
დ.ა) ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი).
დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის №636/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 18 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1801-14, 04/11/2014) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი №B88 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B88 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე. სხდომას არ ესწრებოდა შპს “ტელეკომპანია თბილისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2014 წლის 25 დეკემბერი.
2014 წლის 25 დეკემბერს კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს “ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების
ა) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;”
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ს) ქვეპუნქტი:
”ს) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტელეკომპანია თბილისისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ტელეკომპანია თბილისისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
