წვდომის მენიუ

შპს ,,რ-რადიოსა“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 728 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2015 13:39

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014

შპს ,,რ-რადიოსა“ და  შპს  „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რუსული რადიოსადგურ ,,სპუტნიკის“ მიერ  საქართველოში 101,4 მგჰც სიხშირეზე  მაუწყებლობის დაწყების თაობაზე; კერძოდ, საუბარი შეეხებოდა რადიო ,,მონტე კარლოს“  (შპს ,,რ-რადიოს“ ბრენდული სახელწოდება) ეთერში რადიო სპუტნიკი-საქართველოს საცდელი მაუწყებლობის განთავსებას. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, რადიო სპუტნიკი-საქართველო  წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სააგენტოს - МИА ,,Россия сегодня“-ს პროდუქტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კისილევი.

გამომდინარე იქედან, რომ რადიო მაუწყებელი  სახელწოდებით - ,,რადიო სუტნიკი-საქართველო“, კომისიის უწყებრივ რეესტრში არ ფიქსირდება, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებისა და რადიო სპუტნიკი-საქართველოს საქართველოში საეთერო წესით მაუწყებლობის კანონიერების დადგენის მიზნით, კომისიამ გამოითხოვა შპს ,,რ-რადიოს“ უკანასკნელი 1 თვის არქივი და განხორციელდა შპს ,,რ-რადიოს“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 17 ნოემბერს რეაგირებისათვის გადაეცა  ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგების ამსახველი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (17.11.2014, №10/1874-14) სადაც აღნიშნულია, რომ განხორციელდა შპს ,,რ-რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი და ამასთან კომპანიის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2013 წლის 29 აპრილის შემდეგ ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,რ-რადიოს“ მიერ დარღვეულია კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ასევე გადაეცა კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (19.11.14  N10/1893-14), რომლის თანახმად, დამატებით ცნობილი გახდა, რომ დეპარტამენტმა შეისწავლა შპს ,,რ-რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი უკანასკნელი ერთი კვირის ჩანაწერები და კომპანიის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანიის კუთვნილი  ვებ-გვერდზე (www.montecarlo.ge) გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე არ შეესაბამებოდა ეთერში განთავსებულ პროგრამებს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 17 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რ-რადიოს“ მიერ სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო შპს ,,რ-რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,რ-რადიოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და   მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შპს ,,რ-რადიოს“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2014 წლის 13 ნოემბერს კომისიას წერილობით მომართა შპს ,,რ-რადიოს“ ყოფილმა დირექტორმა ქეთევან კერესელიძემ, რომელმაც უარყო „რადიო-სპუტნიკთან“ კავშირი და რაიმე ხელშეკრულების არსებობა. ქ. კერესელიძემ წერილში  განმარტა, რომ სავარაუდოდ,  საუბარია შპს ,,რ-რადიოსა“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA“-ს (შემდგომში NEWSGEORGIA) შორის ზეპირ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზე შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში, ერთთვიანი საცდელი ვადით, ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში გადის გადაცემები საფირმო სახელწოდებით: „რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველო“.  წერილში ასევე ნათქვამია, რომ ,,რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველოს“ გადაცემები წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ აუდიო პროდუქტს, რომელსაც თბილისში ამზადებს საქართველოში დარეგისტრირებული კერძო კომპანია („NEWSGEORGIA“) და მის მიერ მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივი, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში რუსული რადიოს მაუწყებლობის შესახებ, ქ. კერესელიძის განცხადებით წარმოადგენს „მიზანმიმართულ პროვოკაციას“ ან რამე სხვა მიზნით „არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და ინტერპრეტირებას“ ემსახურება, რადგან  ვრცელდებოდა არა რუსული კომპანიის, არამედ საქართველოში „NEWSGEORGIA“-ს მიერ მომზადებული აუდიო კონტენტი. შპს ,,რ-რადიოს“ დირექტორის  განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შპს ,,რ-რადიო“ წყვეტს თანამშრომლობას „NEWSGEORGIA“-სთან.

საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია „NEWSGEORGIA“-ს დირექტორი ელენე იმედაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 20 ნოემბრის კომისიის სხდომაზე. სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს ,,რ-რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, სხდომაზე გამოცხადდა მისი განმარტებით შპს ,,რ-რადიოს“ წარმომადგენელი ლევან ჯანაშია, რომელსაც არ ჰქონდა მინდობილობა, რის გამოც გამოთქვა სურვილი კომისიის სხდომას მხოლოდ დაინტერესებული პირის სტატუსით დასწრებოდა.

კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს ,,რ-რადიოს“ დირექტორი ქ. კერესელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და სამეწარმეო რეესტრის  2014 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, შპს               ,,რ-რადიოს“ არ ჰყავს დირექტორი, რის გამოც კომპანიას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაუდგინდა ხარვეზი რეგისტრაციაზე და განესაზღვრა ერთთვიანი ვადა ახალი დირექტორის დასანიშნად.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა „NEWSGEORGIA“-ს დირექტორი ელენე იმედაშვილი, რომელმაც უარყო შპს „რ-რადიოსთან“ ყოველგვარი წერილობითი თუ ზეპირი შეთანხმება. განაცხადა, რომ შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში განთავსებული პროგრამები მისი კომპანიის ავტორობით არის მომზადებული, თუმცა ეს აუდიო–ვიზუალური ნაწარმოებები ექსკლუზიური უფლებებით გადაცემული აქვს მხოლოდ ყოფილ РИА Новости-ს, დღევანდელ МИА Россия сегодня-სა და ამ კონტენტის განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მას (მან წარმოადგინა ამ ურთიერთობის დამადასტურებელი ხელშეკრულება გაფორმებული 2014 წლის პირველ ოქტომბერს. აღნიშნული ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილი იქნა ხელმოუწერელი სახით, თუმცა კომისიის თხოვნის შესაბამისად, 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე ე. იმედაშვილმა წარმოადგინა ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი). ელენე იმედაშვილმა შპს ,,რ-რადიოსთან“ კონტაქტის ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც 2014 წლის 13 ნოემბერს შპს „რ-რადიოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ მგელაძემ დაურეკა და სთხოვა წინა რიცხვით, „NEWSGEORGIA“-სათვის მაუწყებლობის დაკვეთასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება, რაზედაც ე. იმედაშვილი არ დათანხმდა.  ე. იმედაშვილის განმარტებით, ვ. მგელაძემ მას კონტრაქტის პროექტი ხელმოსაწერად გადაუგზავნა, თუმცა ხელშეკრულება არ გაფორმდა (ელენე იმედაშვილმა კომისიას წარუდგინა, მისი განმარტებით, ვ. მგელაძის მიერ გადაგზავნილი ხელშეკრულების პროექტი). კომისიის სხდომაზე ელენე იმედაშვილმა ასევე განმარტა, რომ „NEWSGEORGIA“-ს ერთადერთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენს მხოლოდ თვითონ და სხვა პირისთვის არ გადაუცია მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმებისა და მოლაპარაკებების წარმოების  უფლებამოსილება, მათ შორის არც ანტონ (ტატო) ლასხიშვილისათვის, რომელიც მის კომპანიაში მუშაობს ჰონორარული ანაზღაურების საფუძველზე და ევალება პროდუქციის მომზადების ორგანიზება.

2014 წლის 21 ნოემბერს ელენე იმედაშვილმა კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/6901-14) თანდართული ,,NEWSGEORGIA“-სა და МИА ,,Россия сегодня“-ს შორის 2014 წლის ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, ,,NEWSGEORGIA“-ს (შემსრულებელი) ევალება МИА ,,Россия сегодня“-ს (დამკვეთი) მოუმზადოს და გადასცეს რადიოგადაცემები, დამზადებული ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთს შემსრულებლისაგან ხელშეკრულების ფარგლებში დამზადებულ  რადიოგადაცემებზე გადაეცემა ექსკლუზიური უფლება სრული მოცულობით. ამავე ხელშეკრულების 2.1.12. მუხლის თანახმად, შემსრულებელს ეკრძალება მომზადებული რადიოგადაცემების, როგორც პირადად გამოყენება, ისე მესამე პირთათვის გადაცემა. ხელშეკრულების 5.2. მუხლში შემსრულებლის მხრიდან საკონტაქტო ელექტრონულ მისამართად მითითებულია ანტონ ლასხიშვილის ელ.ფოსტა.

,,NEWSGEORGIA“-ს დირექტორის განცხადებით, ვახტანგ მგელაძის მიერ მისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილი და კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ,,NEWSGEORGIA“ და შპს ,,რ-რადიო“ თანხმდებოდნენ თანამშრომლობაზე რადიოგადაცემების მომზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების პროექტით შეუძლებელია დადგინდეს, თუ კონკრეტულად რა ურთიერთობაში უნდა შესულიყვნენ მხარეები ხელშეკრულების ასეთი სახით ხელმოწერის შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების პროექტში არ ჩანს თუ ვინ უნდა იყოს დამკვეთი, ან შემსრულებელი, ვის ეკისრება თანხის გადახდა მომსახურების სანაცვლოდ და ეს ურთიერთობა არის რადიოეთერის შესყიდვა, თუ რადიოგადაცემის დამზადების დაკვეთა.

კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე შპს ,,რ-რადიოს“ მხრიდან დაინტერესებულმა პირმა ლევან ჯანაშიამ იშუამდგომლა კომისიის წინაშე სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან, მისი აზრით კომისიას უნდა მოესმინა ვახტანგ მგელაძისათვის, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში 2014 წლის პირველ დეკემბრამდე. კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,რ-რადიოს“ პოზიციის დაფიქსირების საშუალება უნდა  მისცემოდა; საკითხის განხილვა გადაიდო  2014 წლის 2 დეკემბრისათვის.

2014 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რ-რადიოს“ დამფუძნებელი ვახტანგ მგელაძე და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან ჯანაშია (წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა). ვახტანგ მგელაძემ, განაცხადა, რომ ისაუბრებს შპს ,,რ-რადიოს“ სახელით, ვინაიდან წარმოადგენს შპს ,,რ-რადიოს“ დამფუძნებელს. ვ. მგელაძემ კომისიას განუმარტა, რომ შპს „რ-რადიოს“ არ აქვს ხელშეკრულება არც МИА ,,Россия сегодня-სთან“ და არც ,,NEWSGEORGIA“-სთან. შპს ,,რ-რადიოს“ ამ უკანასკნელთან ჰქონდა მოლაპარაკება, კონკრეტულად კი ბატონ ტატო ლასხიშვილთან, რომელიც ხელმძღვანელობდა სტუდიას, ახორციელებდა კონტენტის მომზადებას. ტატო ლასხიშვილის გვარი დაფიქსირებულია МИА ,,Россия сегодня“-სთან ,,NEWSGEORGIA“-ს მიერ გაფორმებულ კონტრაქტში. ვ. მგელაძის განცხადებით, მისთვის სიახლე იყო ის, რომ აღნიშნული კონტენტი იყო  МИА ,,Россия сегодня-ს  მფლობელობაში; ვ. მგელაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაცემა ეთერში გასულიყო რადიოსტუდია სპუტნიკი-საქართველოს სახელწოდებით და არა რადიო სპუტნიკი-საქართველოს სახელით.

ვახტანგ მგელაძის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან ჯანაშიამ (წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს 2014 წლის 2 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N141314935) დადაადასტურა, რომ საინფორმაციო სააგენტო ,,NEWSGEORGIA“-სთან არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად მას უნდა მოემზადებინა ის გადაცემა, რომელიც შემდეგ გახდა სადაო. ლ. ჯანაშიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგა საინფორმაციო სააგენტო ,,NEWSGEORGIA“-ს თანამშრომელთან, ბატონ ტატო ლასხიშვილთან. აღნიშნული ფაქტი, ლ. ჯანაშიას მტკიცებით, წინააღმდეგობაშია კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე ე. იმედაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან, რომ თითქოს მხოლოდ პირადად იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა მოლაპარაკებები ,,NEWSGEORGIA“-ს სახელით, რასაც მისი განმარტებით მოწმობს საინფორმაციო  სააგენტო ,,NEWSGEORGIA“-სა და МИА ,,Россия сегодня“-ს შორის 2014 წლის პირველ ოქტომბერს  გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტი, სადაც საკონტაქტო პირად მითითებულია ანტონ (ტატო) ლასხიშვილი და ინფორმაციის გადასაგზავნად ასევე მითითებულია მისი ელექტრონული ფოსტა. ლ. ჯანაშიას აზრით, დადგენილი ფაქტია, რომ ბატონი ტატო ლასხიშვილი საინფორმაციო სააგენტო ,,NEWSGEORGIA“-ს თანამშრომელია. მან, ასევე აღნიშნა, რომ მან წარმოადგინა ზუსტი, ციტირებული განაშიფრი ბატონი ლასხიშვილის ტექსტიდან ( საუბარია ტ. ლასხიშვილის მიერ ეთერში გაჟღერებულ შემდეგ ტექსტზე: ,,ეთერშია რადიო სპუტნიკი-საქართველო“) და დაამატა, რომ მისი აზრით, შეცდომაში შემყვანი იყო წამყვანის ფრაზები, რაზედაც შპს „რ-რადიო“ არ არის პასუხისმგებელი. ლ. ჯანაშიას მოსაზრებით, სადაო გადაცემაში პირდაპირი მითითება იყო იმაზე, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური რადიოსადგური „სპუტნიკი“ იწყებს საქართველოში მუშაობას, რის შესახებაც საზოგადოებას ამცნობს „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი                      (ტ. ლასხიშვილი). ლ. ჯანაშიას განმარტებით, კომისიისთვის ცნობილია ის გარემოება, რომ საინფორმაციო–ანალიტიკური რადიოსადგური „სპუტნიკი“ არ წარმოადგენს მაუწყებელს, თუმცა კონტექსტში ისეა მოხსენიებული, რომ შეიძლება მსმენელი შეცდომაში იქნას შეყვანილი. ლ. ჯანაშიას განცხადებით, ბატონი ლასხიშვილი ეთერში აცხადებდა, რომ მაუწყებლობა ხორციელდება FM სიხშირეზე და უთითებდა FM სიხშირეს  - 101.4, ანუ შპს „რ–რადიოს“ კუთვნილ სიხშირეს და დაამატა, რომ შემდგომში ამ გადაცემების მოსმენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტის მეშვეობით. ამ შემთხვავაში ბატონი ლასხიშვილი არ იყო უფლებამოსილი, FM 101.4–თან დაკავშირებით ესაუბრა იმაზე, რომ საინფორმაციო–ანალიტიკური რადიოსადგური „სპუტნიკი“ გავა ამ დიაპაზონით. ეს იყო ჩვეულებრივ ფორმატში გადაცემისთვის დათმობილი დრო, როდესაც მას უნდა ესაუბრა იმ კონტენტის თაობაზე, რომელიც თავად ჰქონდა მომზადებული. ლ. ჯანაშიას განმარტებით, წერილობითი ხელშეკრულება შპს „რ-რადიოსა“ და ,,NEWSGEORGIA“-ს შორის არ არსებობს. მან დაადასტურა, რომ ქალბატონ ე. იმედაშვილის მიერ კომისიისათვის წარდგენილი ხელშეკრულების პროექტი, ვ. მგელაძის მიერ ნამდვილად გაეგზავნა ე. იმედაშვილს, თუმცა ქალბატონ ე. იმედაშვილს არ აქვს წარმოდგენილი ელექტრონული წერილის ტექსტი, რომლითაც ეს პროექტი მას წარედგინა. მან დაამატა, რომ ელექტრონული წერილი თავად აქვს წარმოდგენილი და შეუძლია გადასცეს კომისიას.  ლ. ჯანაშიას მიერ კომისიას წარედგინა 2014 წლის 14 ნოემბერს ვ. მგელაძის ელ. ფოსტიდან ,,NEWSGEORGIA“-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი დოკუმენტი სახელწოდებით ,,Sputnik Radio“. ლ. ჯანაშიას განცხადებით, კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ ჩარჩო ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს სამომავლოდ უნდა ჰქონოდათ მოლაპარაკება ხელშეკრულების ფორმატზე, როგორც თანამშრომლობის იურიდიულ მექანიზმზე. მან ასევე აღნიშნა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს იყო შეთავაზება ხელშეკრულების ძველი თარიღით დადებაზე, არის არამართებული; მიმდინარეობდა მხოლოდ მოლაპარაკებები ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე და ნებისმიერი განცხადება, რომელიც ვ. მგელაძის მხრიდან იყო გაკეთებული და შეთავაზება, არ შეიძლება  ოფიციალურ დონეზე განხილული იქნეს, როგორს შპს „რ-რადიოს“ პოზიცია. ლ. ჯანაშიას განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ დამფუძნებლის მხრიდან მოლაპარაკების მცდელობასა და კავშირის დამყარებას სხვა ორგანიზაციასთან, რომელთანაც სურდა თანამშრომლობა;

გამომდინარე იქედან, რომ საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირთა მხრიდან არაერთხელ იქნა ნახსენები ბატონი ანტონ ლასხიშვილი, კომისიამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებათა სრულყოფილად და დამატებით შესასწავლად, სასურველი იქნებოდა ა. ლასხიშვილის მოწვევა მოწმის სახით და მისგან განმარტებების მოსმენა. გარდა ამისა სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა გადამოწმების შედეგად, კომისიისათვის ცნობილი იყო, რომ შპს  ,,რ-რადიოს“ დირექტორი კვლავ არ იყო დანიშნული და მარეგისტრირებული ორგანოს მიერ დადგენილი იყო ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად კომპანიას მიეცა ვადა 2014 წლის 20 დეკემბრამდე, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2014 წლის 23 დეკემბრისათვის.

2014 წლის 8 დეკემბერს ვ. მგელაძემ კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N9/139-14), თანდართული დოკუმენტაციით და 4 DVD-ით. წერილში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილია ე.წ. ,,რადიო სპუტნიკი საქართველოს“ მიერ 2014 წლის 04 ნოემბრიდან 2014 წლის 15 ნოემბრამდე მომზადებული და ჯიმი იაშვილის მიერ ვახტანგ მგელაძის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი გადაცემები (სულ 45 აუდიოფაილი); ასევე მითითებულია, რომ ყველა ფაილი მიღებულია ჯიმი იაშვილის ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ,,რადიო სპუტნიკი- საქართველოს“ ხმის რეჟისორს.

2014 წლის 23 დეკემბრის კომისიის სხდომა ვერ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო, რასთან დაკავშირებითაც წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია კომისიას და ეცნობა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ყველა პირს. საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 25 დეკემბერს.

კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რ-რადიოს“ ახალი დირექტორი ნორა კრიხელი (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან 24.12.2014, განაცხადის რეგისტრაციის N14134446), შპს ,,რ-რადიოსა“ და ვახტანგ მგელაძის წარმომადგენელი ლევან ჯანაშია, შპს         ,,რ-რადიოს“ დამფუძნებელი ვ. მგელაძე, შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA“-ს დირექტორი ე. იმედაშვილი, „NEWSGEORGIA“-ს  წარმომადგენელი გიორგი ქოიავა და მოწმე ანტონ ლასხიშვილი.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ანტონ ლასხიშვილმა კომისიას განუმარტა, რომ წარმოადგენს „NEWSGEORGIA“-ს  რადიო სტუდიის ხელმძღვანელს, რაც გულისხმობს ყოველდღიურად 4 საათის ხანგრძლივობის გადაცემების მომზადებას და მათ გადაცემას.              ა. ლასხიშვილის განცხადებით, 29 ან 30 ოქტომბერს ჩამოვიდა დამკვეთის წარმომადგენელი МИА ,,Россия сегодня“-დან არმენ გასპარიანი, რომელმაც დაათვალიერა ოფისი, გაესაუბრა პროდიუსერთა ჯგუფს, მოისმინა ჩაწერილი სიუჟეტები და რამდენიმე საცდელი გადაცემა, დაბრუნდა მოსკოვში, საიდანაც სატელეფონო ზარით შეატყობინა ანტონ ლასხიშვილს, რომ ორშაბათიდან, 3 ნოემბრიდან იწყებოდა გადაცემები. ანტონ ლასხიშვილის განმარტებით, იგი დაუკავშირდა ვახტანგ მგელაძეს, გადაცემების მიწოდების დეტალებთან დაკავშირებით. მიწოდების დეტალებში იგულისხმებოდა გადაცემების მომზადების ვადები, ასევე ის ტექნიკური მომენტები, რომლითაც უნდა მომხდარიყო გადაცემის ჩანაწერის მიწოდება. მისი განცხადებით იგი შეხვდა ნორა კრიხელს დეტალების დასაზუსტებლად. ანტონ ლასხიშვილის განმარტებით, მან დააკავშირა ვ. მგელაძე და ნ. კრიხელი ჯიმშერ იაშვილთან, რომელიც წარმოადგენს ,,NEWSGEORGIAS“ თანამშრომელს და ხმის რეჟისორს და მათი მოლაპარაკების შესაბამისად გადაწყდა თუ რომელ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნილიყო პროდუქცია. ეს გადაცემები ჯიმი იაშვილის თავდაპირველად ერთ ელექტრონულ მისამართზე, შემდეგ კი ორ ელექტრონულ მისამართზე იგზავნებოდა და გადიოდა ეთერში; თუმცა ეს ყველაფერი, ა. ლასხიშვილის განცხადებით,  ხდებოდა МИА ,,Россия сегодня“-ს ანუ დამკვეთის დავალებით.

შპს ,,რ-რადიოს“ დირექტორმა ნ. კრიხელმა დაადასტურა ა. ლასხიშვილის მიერ კომისიისათვის აღწერილი საქმის გარემოებები. შპს ,,რ-რადიოს“ წარმომადგენელმა ლ. ჯანაშიამ დამატებით განმარტა, რომ შპს ,,რ-რადიოსა“ და ,,NEWSGEORGIA”-ს შორის ურთიერთობა ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე ხორციელდებოდა, ხოლო მათი ზეპირი შეთანხმების პირობები ფაქტობრივად ემთხვევა ე. იმედაშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილი  ხელშეკრულების პროექტის პირობებს, რაც გულისხმობდა  ,,NEWSGEORGIA”-ს მიერ პროდუქტის მომზადებას, ხოლო შპს ,,რ-რადიოს“ მიერ აღნიშნული პროდუქტის ეთერში განთავსებას. მისი განმარტებით, არ იყო გარკვეული სამომავლოდ როგორი შინაარსის ხელშეკრულება გაფორმდებოდა, ასევე არ იყო გადაწყვეტილი თუ რომელი მხარე გადაიხდიდა ფულს შპს ,,რ-რადიო“ თუ  ,,NEWSGEORGIA”.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.          კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის  N10/1874-14 და 2014 წლის 19 ნოემბრის N10/1893-14  სამსახურებრივი ბარათები;

2.          შპს ,,რ-რადიოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების ამსახველი ვიდეომასალა დატანილი CD-ზე;

3.          შპს ,,რ-რადიოს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.          კომისიის  2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილება შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

5.          ,,NEWSGEORGIA-სა და МИА ,,Россия сегодня“-ს შორის 2014 წლის პირველ ოქტომბერს  გაფორმებული ხელშეკრულება;

6.          ,,NEWSGEORGIA-სა და შპს ,,რ-რადიოს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;

7.          შპს ,,რ-რადიოს“ დამფუძნებლის ვ. მგელაძის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N9/139-14) თანდართული 4 DVD-ით;

8.          შპს ,,რ-რადიოს“ წარმომადგენლის დამფუძნებლის ვ. მგელაძის, დირექტორის ნ. კრიხელისა და წარმომადგენლის ლ. ჯანაშიას მიერ 2014 წლის 20 ნოემბრის, 2 დეკემბრისა და 25 დეკემბრის კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

9.          ,,NEWSGEORGIA-ს დირექტორის ე. იმედაშვილისა და წარმომადგენლის გ. ქოიავას მიერ  2014 წლის 20 ნოემბრისა და 25 დეკემბრის კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

10.       მოწმე ა. ლასხიშვილის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

11.       კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N000233 სამართალდარღვევის ოქმი;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.          შპს ,,რ-რადიო“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა);

2.          შპს ,,რ-რადიო“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები;

3.          შპს ,,რ-რადიოს“ 2013 წლის 29 აპრილის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

4.          2014 წლის 4-13 ნოემბერს შპს ,,რ-რადიო“ საკუთარ სიხშირეს ანაზღაურების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე უთმობდა კონტენტს, რომელსაც ქმნიდა ,,NEWSGEORGIA”; რომლის ექსკლუზიური გამოყენების უფლება ჰქონდა  МИА ,,Россия сегодня“-ს და ამ გადაცემის  შინაარსზე პასუხს არ აგებდა შპს ,,რ-რადიო“.

5.          შპს ,,რ-რადიოს ეთერში 2014 წლის 4-13 ნოემბერს განთავსებული მაუწყებლობის კონტენტი ,,NEWSGEORGIA”-ს დაუკვეთა МИА Россия сегодня-მ, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული კონტენტის ექსკლუზიურად განკარგვის უფლება, თუმცა მისივე დავალებით, აღნიშნულ კონტენტს ,,NEWSGEORGIA” აწვდიდა შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში განსათავსებლად.

6.          შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში 2014 წლის 4-13 ნოემბერს განთავსებული პროგრამები არ გადაიცემოდა შპს ,,რ-რადიოს“  სარედაქციო პასუხისმგებლობით, ასევე შპს ,,რ-რადიოს“ მიერ საკუთარ ვებგვერდზე (www.montecarlo.ge) განთავსებული სამაუწყებლო ბადეში შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში განთავსებული ზემოაღნიშნული გადაცემები ასახული არ იყო, რაც ცხადყოფს, რომ აღნიშნული გადაცემების განთავსების დროს (დღეში 4 საათის მანძილზე) შპს ,,რ-რადიო“ არ მაუწყებლობდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე (სარედაქციო პასუხისმგებლობა), თუმცა ხდებოდამაუწყებლობა, კერძოდ  ,,NEWSGEORGIA”-ს მიერ მომზადებული და შპს ,,რ-რადიოსათვის“ განთავსებისათვის გადაცემული პროგრამების შპს ,,რ-რადიოს“ ეთერით გავრცელება.

გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.                ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/ მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

2.                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ45) პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი; ამდენად, იმისათვის, რომ სახეზე იყოს მაუწყებლობის ტრანზიტი, აუცილებელია სამაუწყებლო ბადე გადაიცემოდეს ერთი მაუწყებლის მიერ, ხოლო სხვა მაუწყებლის მიერ ხდებოდეს იმავე გადაცემების, დროის რეალურ რეჟიმში  უცვლელი სახით გავრცელება.

3.                შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის  2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,რ-რადიო“ ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

4.                მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;

5.                მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების სრულადყოფილად შესწავლის შედეგად, იკვეთება, რომ საკითხის განხილვაში მონაწილე ყველა პირის მთავარ მიზანს,  წარმოადგენდა ,,რადიო სპუტნიკი-საქართველოს“ ეთერში გასვლა - იმ სამაუწყებლო კონტენტის საეთერო გავრცელება, რომელზედაც სარედაქციო პასუხისმგებლობა არ ჰქონდა შპს ,,,რ-რადიოს“.

კომისია აღნიშნავს, შპს ,,რ-რადიოს“ ეთერში 2014 წლის 4-13 ნოემბერს განთავსებული პროგრამები გადაიცემოდა არა შპს ,,რ-რადიოს“, არამედ ,,NEWSGEORGIA”-ს პირადი  სარედაქციო პასუხისმგებლობით, ხოლო საეთერო გავრცელებას უზრუნველყოფდა შპს ,,რ-რადიო“ მასსა და ,,NEWSGEORGIA”-ს შორის არსებული ზეპირი გარიგების საფუძველზე; ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის საფუძველზე, მაუწყებლის ცნება გულისხმობს პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით, საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაცემების განთავსების დროს (დღეში 4 საათის მანძილზე)  არ ჰქონდა ადგილი  შპს ,,რ-რადიოს“ მიერ მისი კუთვნილი N B104 ლიცენზიის ფარგლებში მაუწყებლობას, არამედ სახეზე იყო შპს ,,რ-რადიოსა“ და  ,,NEWSGEORGIA”-ს მიერ ბრენდული სახელწოდებით „რადიო სპუტნიკი-საქართველოს“ სამაუწყებლო პროდუქციის გავრცელება, რაც ერთობლივად მაუწყებლობის განხორციელებად უნდა შეფასდეს, შესაბამისი ლიცენზიისა და ავტორიზაციის გარეშე.

კომისიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ,,NEWSGEORGIA”-ს და შპს „რ–რადიოს“ მიერ ერთობლივად განხორციელებულია ულიცენზიო საეთერო მაუწყებლობა, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული 5000 ლარიანი ჯარიმა უნდა დაეკისროთ ერთობლივად. გარდა ამისა, შპს „რ–რადიოს“ მიერ დარღვეულია სალიცენზიო ვალდებულება, კერძოდ 2012 წლის 18 მაისის 369/6 გადაწყვეტილების მე–3 მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობა, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამაუწყებლო ბადის საჯარო გაცნობისათვის როგორც საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, ასევე კომისიაში წარმოდგენას. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანქცირება, წერილობითი გაფრთხილების სახით.

აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად, კომისიის დავალებით, კომისიის უფლებამოსილმა პირმა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ 2014 წლის 25 დეკემბერს, კომისიის მიერ საქმეზე მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის შემდგომ, ადგილზე შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000233, რომელიც კომისიის სხდომაზევე წარედგინა მხარეებს.  კომისიის მხრიდან ,,NEWSGEORGIA”-სა და შპს „რ–რადიოს“ უფლებამოსილ წარმომადგენლებს განემარტათ უფლება არ დაეთანხმონ შედგენილ ოქმს და საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირონ ოქმზე. ,,NEWSGEORGIA”-სა და შპს „რ–რადიოს“ წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული უფლება გამოყენებული არ იქნა და მათ სამართალდარღვევის ოქმს ხელი მოაწერეს  ახსნა-განმარტებების  გარეშე.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,რ-რადიოს“ მიერ დარღვეულ იქნა შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის  2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით დადგენილი სალიცენზიო პირობა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რ-რადიო“ უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,რ-რადიოს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად კომისიაში წარმოდგენა, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 95–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36–ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.             შპს ,,რ-რადიოსა“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA”-ს ერთობლივად დაეკისროთ ადმინისტრაციული სახდელი  5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის - მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის/ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისათვის.

2.             შპს ,,რ-რადიომ“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA”-მ უზრუნველყონ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300453251;

3.                შპს ,,რ-რადიოსა“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA”-ს დაევალოთ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა ჯარიმის გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.                შპს ,,რ-რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო;

5.              უზრუნველყოს შპს ,,რ-რადიომ“ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად კომისიაში წარმოდგენა პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, სალიცენზიო პირობების შესაბამისად;

6.             დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,რ-რადიოსა“ და  შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA”-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7.             დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს ,,რ-რადიოს” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8.             გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,რ-რადიოსა“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA”-სათვის  ჩაბარების დღიდან;

9.             გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რ-რადიოსა” და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA”-სათვის   ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;

10.          გადაწყვეტილება (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რ-რადიოსათვის”   ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

11.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს  (ი. აბულაძე);

12.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს  (ი. მახარაძე);

13.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე–3, მე-5, მე-6, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                             ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                             კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები