შპს ,,სქაიტელეკომ-SkyTelecom LTD” -სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2014
შპს ,,სქაიტელეკომ-SkyTelecom LTD” -სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 22 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ნ.ჯანელიძე) სამსახურებრივი ბარათი (№10/94-14; 20.01.14.), საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 10 იანვარს, შპს ,,AirNet”-მა კომისიას წერილობით აცნობა სარეგისტრაციო მონაცემებში 2013 წლის 18 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. კერძოდ, შპს ,,AirNet”-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა კომპანიის სახელწოდება და შპს ,,AirNet” გახდა შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საფირმო სახელწოდების ცვლილების თაობაზე შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ს (შპს ,,AirNet”) კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ს მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 28 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 6 თებერვალს, რის შესახებ შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom“-ს ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას ასევე გადაეგზავნა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/94-14; 20.01.14); შპს ,,AirNet”-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: №6/72-14; 10.01.14); ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 6 თებერვალს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სქაიტელეკომ-Skytelecom LTD“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი რამაზ ბარნაბაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში დაგვიანებით წარდგენა განპირობებული იყო ტექნიკური პრობლემით, რომლის აღმოფხვრის შემდეგ, აღნიშნული ცვლილებების თაობაზე წერილობით ეცნობა კომისიას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/94-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,AirNet”-ის 2014 წლის 10 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/72-14);
3. შპს ,,სქაიტელეკომ-Skytelecom LTD“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმატება;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,სქაიტელეკომ-Skytelecom LTD“-ის შესახებ მონაცემები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სქაიტელეკომ-Skytelecom LTD“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2013 წლის 3 აპრილი. ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ-მომსახურება (WiFi);
2. 2014 წლის 10 იანვარს, შპს ,,AirNet”-მა კომისიას წერილობით აცნობა სარეგისტრაციო მონაცემებში 2013 წლის 18 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. კერძოდ, შპს ,,AirNet”-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა კომპანიის სახელწოდება და შპს ,,AirNet” გახდა შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ი. აღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom”-მა კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 25 იანვარს;
3. შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული იურიდიული პირის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს - საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
კომისიას მიაჩნია, რომ საფირმო სახელწოდების ცვლილების თაობაზე შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ს კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სქაიტელეკომ - SkyTelecom LTD”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
