წვდომის მენიუ

სს ”ინფოჯორჯია XXI”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმებისა და შპს ”09.TECH”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 82 / 24

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2014

 

სს ”ინფოჯორჯია XXI”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმებისა და შპს ”09.TECH”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/15-14, 16.01.2014) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მ და შპს ”09.TECH”-მა  სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის შპს  ”09.TECH”-ის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. 

       სს ”ინფოჯორჯია XXI” კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში  ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N39  ლიცენზიას 4000 სააბონენტო ნომერზე, (2490XXX-2491XXX,  2150XXX-2151XXX) 2013 წლის 27 ივნისამდე. კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №419/24 გადაწყვეტილების შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-16 პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  სს ”ინფოჯორჯია XXI” ფლობს ფიქსირებული  საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N135 ნებართვას იგივე ნუმერაციის რესურსზე.

     კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”09.TECH” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.     A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

·      სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·                     ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·                     სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·                     ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

2.    A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

·                     რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

3.     B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

·                     გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand).

      კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

            კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -  გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის;  ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ  - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

    კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის და შპს  ”09.TECH”-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის და შპს  ”09.TECH”-ის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  კომისიაში წარმოდგენილია  სს  ”ინფოჯორჯია XXI”-ის და შპს  ”09.TECH”-ის ერთობლივი განცხადება, შპს ”09.TECH”-ის  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ”09.TECH”-ის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 400 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

       კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”09.TECH” არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის  და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა  №N 135 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 28 ივნისის №419/24 გადაწყვეტილება;

2. მიეცეს შპს ”09.TECH”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N179  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 2 49 0XXX-2 49 1XXX, 2 15 0XXX-2 15 1XXX, სულ 4000 (ოთხი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა:ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3.  ეცნობოს შპს ”09.TECH” -ს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს”09.TECH”-სთვის  ჩაბარებისთანავე.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                           აკაკი  სიხარულიძე

კომისიის წევრები:                                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

                                                                                                           ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები