წვდომის მენიუ

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“- თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 88 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2014

 

შპს „ჯი-დი-ეს  თი-ვი“- თვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებისის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

       ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 21 იანვარს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის N10/95-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს „ჯი-დი-ეს  თი-ვი“-ს მიერ  დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა განახორციელა მონიტორინგი და გამოარკვია, რომ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2013 წლის 06 ნოემბერს  განხორციელდა ცვლილება, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი (ანრი კაპანაძის ნაცვლად განისაზღვრა ავთანდილ ბადურაშვილი), რაც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერით დასტურდება (ამონაწერის მომზადების თარიღი: 06/11/2013 18:36:53, განაცხადის ნომერი: 678453). აღნიშნული ცვლილების შემდგომ 10 დღის ვადაში მაუწყებელმა შესაბამისობის დეკლარაცია არ წარმოადგინა კომისიაში და არც საკუთარ ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებია.

    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 03 თებერვალს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს  მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევასთან დაკავშირებით, შპს  ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს  სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 13 თებერვალს 16:00საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ეცნობა წერილობითიშეტყობინებით (გზავნილის კოდი:040007742271) და   მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შპს  ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 07 თებერვალს  შპს  „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომისიაში წარმოადგინა N74 წერილობითი არგუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 07.02.2014; 6/656-14), რომელსაც თან ერთვის შეცვლილი შესაბამისობის დეკლარაცია, ასევე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის განთავსების დამადასტურებელი ლინკის  მისამართი: - htt://gdstv.ge/images/declaracia.jpg.

                კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 13 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, კომპანიის იურისტი მარიამ ფარადაშვილი, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ  სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების დროს იგი  იმყოფებოდა შვებულებაში, რამაც გამოიწვია შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 

1.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული  დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის N10/95-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს კუთვნილი კერძო NB15 და NB125 სამაუწყებლო  ლიცენზიები;

3.       მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და  კომისიის  უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები;

4.       ამონაბეჭდი შპს  ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ -ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან  2014 წლის 22 იანვრის და 2014 წლის 03 თებერვლის  მდგომარეობით;

5.       შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის 07 თებერვლის N74 წერილობითი არგუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 07/02/2014; 6/656-14);

6.       შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ -ს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის 2014 წლის 6 თებერვალის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენს კერძო სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობის NB15 და NB125 ლიცენზიების მფლობელს. NB15 ლიცენზიის დანართი N2-ის „ლ“ ქვეპუნქტის, ხოლო NB125 ლიცენზიის დანართი N2-ის „მ“  ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ -ს სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში , შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

2.      მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის 2013 წლის 06 ნოემბრის  ამონაწერის  მიხედვით, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ -ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა  ცვლილება, რომლის შედეგად შეიცვალა კომპანიის დირექტორი, კერძოდ ანრი კაპანაძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ავთანდილ ბადურაშვილი. აღნიშნული ცვლილების თაობაზე კომპანიას კომისიაში 2014 წლის 07 თებერვლამდე (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ) არ ჰქონდა წარმოდგენილი  შესაბამისობის დეკლარაცია და არც ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ-გვერდზე არ  ჰქონდა გამოუქვეყნებული;

3.      შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“,  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები.

 ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ  2013 წლის 06 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება და აღნიშნული ცვლილების შემდგომ 10 დღის ვადაში მაუწყებელს კომისიაში არ წარმოუდგენია, ასევე არ გამოუქვეყნებია ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ-გვერდზე განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, აგრეთვე 2012 წლის 06 ივლისის N468/5 და 2013 წლის 01 ნოემბრის N655/15  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები (კერძოდ, NB15 ლიცენზიის დანართი N2-ის „ლ“ ქვეპუნქტით და  NB125 ლიცენზიის დანართი N2-ის „მ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები), რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

                კომისია აღნიშნავს, რომ  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე  ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

        ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71–ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი” -ს  მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-თვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-თვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-თვის ჩაბარების დღიდან;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს  სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე ( მე-3  პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                             მოვალეობის შემსრულებელი                                                            აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები