სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლობედ ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2014
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლობედ ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 5 თებერვალს სს „სილქნეტმა“ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/621–14) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
აღნიშნულ განცხადებაში სს „სილქნეტი“ განმარტავს, რომ სს „სილქნეტი“ კომისიას სისტემატიურად უგზავნის ინფორმაციას აბონენტთათვის მიწოდებული მომსახურებების შესახებ აბონენტებისთვის შეთავაზებულ პაკეტების ჭრილში.
კომპანია განმარტავს, რომ მომსახურებების პაკეტების შესაქმნელად კომპანიაში ჩატარებულია კვლევები, დახარჯულია მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, რომელიც გამიზნულია ბაზარზე კონკურეტული უპირატესობის მოსაპოვებლად. სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია არის კომერციული ღირებულების მქონე და მიუღებელია მისი გასაჯაროება და კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომობა.
სს „სილქნეტი“ ითხოვს აბონენტებისათვის მიწოდებულ პაკეტურ მომსახურებაზე (სტატისტიკური ფორმა №4.3 და 4.4) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობას.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 19 თებერვალს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „სილქნეტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ქალბატონი მაია გონაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიის სტატისტიკურ ფორმებში 4.3 (თვიური მონაცემები) და 4.4 (კვარტალური მონაცემები) წარმოდგენილია ავტორიზებული პირების აბონენტების, დეკოდერების, ახალი აბონენტების, სააბონენტო შემოსავლის და დღგ–ს ოდენობა თვეების, დასახლებული პუნქტების, მიწოდების ტიპის, კოდირების და პაკეტების ჭრილებში.
კომისია მიიჩნევს, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა, კერძოდ, 4.3 და 4.4 ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია პაკეტების ჭრილში შეიცავს კომერციულ საიდუმლოს, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი) აღმოჩნდა ბაზრისთვის უფრო მიმზიდველი, რაც ავტორიზებული პირის კვლევის, ანალიზის და ინტელექტუალური შემოქმედების შედეგია. სწორედ ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2014 წლის 5 თებერვლის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/621–14) და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.3–სა და ფორმა 4.4–ში წარმოდგენილი ინფორმაცია პაკეტების ჭრილში;
2. ფორმა 4.3–სა და ფორმა 4.4–ში წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად;
3. ინფორმაცია სს „სილქნეტის“კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
