შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2015 15:27
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/17-15, 09.02.2015წ.) მიმართა შპს “იბერია TV”-მ მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს “იბერია TV”-ის დაკვეთით შპს ”სოციალური პროექტების” მიერ განხორციელდა სატელევიზიო ბაზრის კვლევა (კვლევა თან ერთვის წერილს). კვლევის შედეგების თანახმად ქ. თბილისის მოსახლეობა შპს “იბერია TV”-ის სატელევიზიო ეთერში ისურვებდა საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხილვას. წერილში აღნიშნულია, რომ შპს “იბერია TV” წლების მანძილზე ფლობდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას და წარმატებით ახორციელებდა მაუწყებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “იბერია TV” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიას 2013 წლის 17 ოქტომბრის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 და 4 ოქტომბრის №611/5 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) სატელევიზიო მაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 2 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისში.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/134-15, 13/02/2015) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი №B106 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B106 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 2 აპრილს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იბერია TV”-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
