წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 111 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2015 15:26

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015

 

შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „ტელეკომპანია I სტერეომ“ და სს „სილქნეტმა“, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის (2200მჰც-2350მჰც სიხშირული დიაპაზონი) ნაწილობრივ  (2300მჰც-2350მჰცსიხშირული დიაპაზონი) სს „სილქნეტზე“ გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N334/5 და 2008 წლის 14 ივლისის N407/2 გადაწყვეტილებებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით,

”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლოგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის N581/11 გადაწყვეტილებით, წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება; 

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” ერთ-ერთმა პარტნიორმა დავით ზილფიმიანმა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 7-9/610-15. 26.02.2015), რომლის თანახმადაც, შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” არ გააჩნია პარტნიორთა საერთო კრების თანხმობა ლიცენზიის გადაპირების თაობაზე. კომპანიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გადაპირება სცილდება კომპანიის ჩვეულებრივ საქმიანობას და შესაბამისად, საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია პარტნიორთა კრების მოწვევა, რასაც ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9I მუხლის მე-7 ნაწილი. დავით ზილფიმიანი ითხოვს, კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას  გაითვალისწინოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შესწავლილ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ წარმოდგენილი წესდება, კერძოდ ამ  წესდების 6.8 და 7.5 პუნქტების შინაარსი და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისია უზრუნველყოფს შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დამფუძნებლის ბატონი დავით ზილფიმიანის მოწვევას და საკითხის განხილვას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2 აპრილის 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

 5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                           კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                                           ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი.მოსეშვილი

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები