საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2015 11:06
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმე დაასრულოს მორიგებით. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია, მორიგების თაობაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, თუ მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობი NF8 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 10 წლით და განესაზღვრა აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ერთი თვის ვადაში.
კომისიის 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწვეტილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში და შპს ,,სუპერ ტვ“-ს განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის გადახდის სამთვიანი გრაფიკი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 და 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილებები შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე N3/2097-13). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „სუპერ ტვ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტლების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და კომისიის 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის ნაწილში) და კომისიას დაევალა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივ აქტი სადავო საკითხთან დაკავშირები.
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით როგორც კომისიის, ასევე შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში (საქმე N3ბ/1442-14).
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) განხილვის პროცესში, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლის - ირაკლი ჟორჟოლიანის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი, შპს „სუპერ ტვ“-ს დირექტორის, შალვა დოლიძის მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს გაცემული და ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ დამოწმებული მინდობილობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N141227766), მოქმედების ვადა 31.12.2015) მიერ შემოთავაზებულ იქნა სასამართოს დავის მორიგებით დასრულების წინადადება, კერძოდ, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“ უარის განაცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უზრუნველყოფს ცვლილებების განხორციელებას კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყეტილებაში, შპს „სუპერ ტვ“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიისთვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით.
მორიგების წინადადებით, მხარეებს მიმართა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ გაითვალისწინა რა თბილისი სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ასევე შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ შემოთავაზებული წინადადება დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით, 2015 წლის 15 იანვრის N03/38-15 წერილით მორიგების პირობად შპს „სუპერ ტვ“-ს შესთავაზა ცვლილების განხორციელება კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყეტილებაში და საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 465,287.04 ლარის განწილვადებას 1 წელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 20 თებერვალს კომისიაში (რეგისტრაციის N6/389-15) წარმოდგენილ იქნა შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლის ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადება (19.02.2015 N28-02/2015) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“ თანახმაა კომისიის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობაზე და კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას მორიგებით დასრულდეს კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავა. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია თანახმაა გადაიხადოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით კომისიის მიერ განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, კომისიის მიერ 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანიდან ერთი წლის ვადაში და უარი განაცხადოს კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 და 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილებების ბათილობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2014 წლის 26 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელი ბატონი ირაკლი ჟორჟოლიანი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი, შპს „სუპერ ტვ“-ს დირექტორის, შალვა დოლიძის მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს გაცემული და ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ დამოწმებული მინდობილობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N141227766), მოქმედების ვადა 31.12.2015 და ასევე შპს „სუპერ ტვ“-ს დირექტორის, შალვა დოლიძის მიერ 2015 წლის 23 თებერვალს გაცემული მინდობილობით, მოქმედების ვადა 31.12.2015). შპს ,,სუპერ ტვ-ს წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მორიგებასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის მოთხოვნებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII-ე თავის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კომისიასა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის მიმდინარე დავა (საქმე N3ბ/1442-14) კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 და 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დასრულდეს მორიგებით;
2. განისაზღვროს მორიგების შემდეგი პირობები:
ა) შპს ,,სუპერ ტვ“ კისრულობს ვალდებულებას, უარი განაცხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ სარჩელზე (საქმე N3/2097-13) და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენი სააპელაციო საჩივარზე (საქმე N3ბ/1442-14) კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 და 2013 წლის 14 ივნისის N392/19 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამასთან შპს „სუპერ ტვ“ იღებს ვალდებულებას სრულად დაფაროს თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განსაზღვრული, სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სახელმწიფო ბაჟი და სხვ.);
ბ) კომისია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, წინამდებარე მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში, დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში ცვლილების შეტანა კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყეტილებაში იმგვარად, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის 1 წლიანი გრაფიკი;
გ) მხარეები აცხადებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მორიგების პირობების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შემდგომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
3. მორიგების აქტის ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს;
4. წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მორიგების პირობები ძალაში შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული მორიგების პირობებისა და შესაბამისი მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ.ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
