ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2015 18:11
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015
ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; ამავე კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 5 თებერვალს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 5 თებერვლის N10/237-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიამ 2015 წლის 16 იანვარს ააიპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ მიმართა წერილით (N04/56-15) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად კომისიაში წარმოედგინა უკანასკნელი ორი კვირის არქივი ციფრულ მატარებელზე. ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ 2015 წლის 27 იანვარს კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის N6/427-15) წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ირკვევა, რომ ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ ეთერში განთავსებულია იარაღის რეკლამა („ბერეტას“, „ბენელის“, „გლოკის“ და „ჩეზეს“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაღაზიათა ქსელი კალიბრი უპრეცედენტო საახალწლო ფასდაკლებას გთავაზობთ, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, „კალიბრი“ აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ…“).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის, სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანო. ამასთან, დეპარტამენტის აზრით სახეზეა კერძო მაუწყებლობის NB96 ლიცენზიით (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა; ლიცნეზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; გეოგრაფიული არეალი: ოთხი გადამცემი სადგური: თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევაც, კერძოდ, დარღვეულია კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 16 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 19 თებერვალს 16:00 საათზე, რის თაობაზეც ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040019665344) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, 2015 წლის 19 თებერვალს ქვორუმის არ არსებობის გამო საკითხის განხილვა გადაიდო კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის სხდომაზე 15 საათზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დირექტორი ირაკლი დათეშიძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ არ არღვევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან, არსად რეკლამაში არ არის მინიშნება, რომ მაღაზია „კალიბრში“ მყიდველმა შეიძლება შეიძინოს საბრძოლო იარაღი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 5 თებერვლის N10/237-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N04/56-15 წერილი;
- ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ 2015 წლის 27 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/427-15);
- ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ 2015 წლის 27 იანვარს წარმოდგენილი არქივი ციფრულ მატარებელზე;
- ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო NB96 რადიომაუწყებლობის ლიცენზია;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები;
- ააიპ მედია ცენტრისათვის „ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება;
- ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დირექტორის ირაკლი დათეშიძეს მიერ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ივანე მახარაძეს მიერ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მიცემული განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის NB96 ლიცენზიის მფლობელს. NB96 ლიცენზიის დანართი N2-ის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის NB96 ლიცენზიის ფარგლებში, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ირკვევა, რომ ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ ეთერში განთავსებულია საბრძოლო იარაღის რეკლამა („ბერეტას“, „ბენელის“, „გლოკის“ და „ჩეზეს“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაღაზიათა ქსელი კალიბრი უპრეცედენტო საახალწლო ფასდაკლებას გთავაზობთ, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, „კალიბრი“ აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ....);
- ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდაღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ადგილი არ ჰქონია.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველბია:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესხებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის, მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩებნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთბული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკურ ან იურიდიულ პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს და იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის, სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანო;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღბს გადაწყეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზრღვრული სანქცია;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ ეთერში განთავსებულია საბრძოლო იარაღის რეკლამა („ბერეტას“, „ბენელის“, „გლოკის“ და „ჩეზეს“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაღაზიათა ქსელი კალიბრი უპრეცედენტო საახალწლო ფასდაკლებას გთავაზობთ, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, „კალიბრი“ აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ…“), ამით, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცნეზიო პირობა. ზემოაღნიშნული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, კომპანია წერილობით უნდა გაფრთხილდეს. კომისისამ არ გაიზიარა ააიპ მეცია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ წარმომადგენლის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან სარეკლამო რგოლში არ კეთდება მინიშნება ვერბალურად იარაღზე, სახეზე არ გვაქვს იარაღის რეკლამა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე-14 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 63-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, 21 პუნქტების და კომსიის 2007 წლის 28 დეკემბრის N809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს ააიპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ წერილობით გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N809/1 (NB96 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსზღვრული სალიცნეზიო პირობის დარღვევის გამო;
- დაევალოს ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ მეწარმე სუბიექტის - შპს „კალიბრის“ პროდუქციის - იარაღის რეკლამის ეთერიდან დაუყოვნებლივ ამოღება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ მედია ცენტრისათვის „ღია აფხაზეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ააიპ რადიო ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ მედია ცენტრისათვის „ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ააიპ მედი ცენტრისათვის „ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (ი. მახარაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
