წვდომის მენიუ

შპს „ჩვენი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 115 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2015 15:24

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015

 

შპს „ჩვენი რადიოსათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 4 თებერვალს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 თებერვლის  N10/217-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ  კომისიამ 2015 წლის 15 იანვარს შპს „ჩვენ რადიოს“  მიმართა წერილით (N04/48-15) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად კომისიაში წარმოედგინა უკანასკნელი ორი კვირის არქივი ციფრულ მატარებელზე. შპს „ჩვენმა რადიომ“ 2015 წლის 23 იანვარს კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის N6/360-15) წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ირკვევა, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ (ბრენდული სახელწოდება „რადიო კომერსანტი“) ეთერში განთავსებულ ახალ ამბებს ჰყავს სპონსორები („კომერსანტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი“; „კომერსანტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ „თეგეტა მოტორსი“).        

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი და კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, იკრძალება ახალი ამბების პროგრამების (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა) სპონსორობა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 18 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოსათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის  და  კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის N645/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტით  განსაზღვრული სალიცენზიო პირობის  დარღვევის გამო.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ჩვენ რადიოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (გზავნილის კოდი: N040019665838) და   მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 26 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ჩვენი რადიოს“ დირექტორი გოგა სამუშია, რომელმაც კომისიის სხდომოაზე აღიარა, რომ  შპს „ჩვენ რადიოს“ ეთერში განთავსებულ ახალ ამბებს წინასაახალწლო პერიოში ჰყავდა სპონსორები, სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი“ და „თეგეტა მოტორსი“.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის 2015 წლის 4 თებერვლის N10/217-15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის 2015 წლის 15 იანვრის  N04/48-15 წერილი;
  3. შპს „ჩვენი რადიოს“ 2015 წლის 23 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/360-15);
  4. შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ 2015 წლის 23 იანვარს წარმოდგენილი არქივი ციფრულ მატარებელზე;
  5. შპს ,,ჩვენი რადიოს“  კუთვნილი კერძო NB72 რადიომაუწყებლობის  ლიცენზია;
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და  კომისიის  უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები;
  7. შპს „ჩვენი რადიოსათვის“ გაგზავნილი შეტყობინება;
  8. შპს ,,ჩვენი რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს ,,ჩვენი რადიო“ წარმოადგენს NB72 კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, რომლის N2 დანართის პ) პუნქტის და კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის N645/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუქნტის თანახმად,  შპს ,,ჩვენ რადიოს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;                                                              
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ირკვევა, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ (ბრენდული სახელწოდება „რადიო კომერსანტი“) ეთერში განთავსებულ ახალ ამბებს ჰყავს სპონსორები: სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი“ და „თეგეტა მოტორსი“ („კომერსანტის“ ახალ ამბებს წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი“; „კომერსანტის“ ახალ ამბებს წარმოგიდგნენთ „თეგეტა მოტორსი“);
  3. შპს „ჩვენი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველბია:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, იკრძალება  ახალი ამბების პროგრამების სპონსორობა (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) პუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
  5.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;
  6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

 შპს ,,ჩვენი რადიო“,  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები.

კომისიას მიაჩნია, შპს „ჩვენი რადიოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ ახალ ამბებს ჰყავს სპონსორები: სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი“ და „თეგეტა მოტორსი “(„კომერსანტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი“; „კომერსანტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ „თეგეტა მოტორსი“), რითაც შპს „ჩვენი რადიო“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, კერძოდ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც აკრძალულია ახალი ამბების სპონსორობა (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა),  ამასთან შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ დარღვეულია, კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის N2 დანართის პ) პუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო პირობა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის N645/6 გადაწტვეტილების მე-3 პუქტის პ) ქვეპუნქტი, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,ჩვენი რადიო“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს.                                                                                                                  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე მუხლების,  76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე-14 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის,  69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის  N645/6 (კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს შპს „ჩვენ რადიოს“ წერილობით გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და  კომისიის 2014  წლის 26 ნოემბრის N645/6 (კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსზღვრული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს შპს „ჩვენ რადიოს“ ახალი ამბების სპონსორობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; 
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჩვენი რადიოსათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ჩვენი რადიოს“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსათვის“ ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „ჩვენი რადიოსათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                     კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები