შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელის სხდომის ჩატარებისა და არსებითი განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2015 10:07
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015
შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის მიზნით მოსამზადებელის სხდომის ჩატარებისა და არსებითი განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/514-15; 02.02.2015) მიმართა შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული სამაუწყებლო რეკლამის, როგორც არასათანადო რეკლამის გავრცელების აკრძალვის, შპს „მობიტელისთვის“ კონტრრეკლამის გავრცელების დავალდებულებისა და შპს „მობიტელის“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე.
შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიერ ვრცელდება სამაუწყებლო რეკლამა, სადაც კომპანია აუწყებს ფართო საზოგადოებას 4G მომსახურების კომერციულად გაშვების თაობაზე. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, სამაუწყებლო არხებზე გასულ სარეკლამო რგოლში კომპანია აცხადებს, რომ „ბილაინი“ სთავაზობს აბონენტებს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს (,,ახალი ბილაინი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი! ყველაზე დაბალ ფასად!’’). გარდა ამისა, შპს ,,მობიტელის“ მიერ საგაზეთო რეკლამის და საჯარო განცხადებების საშუალებით, ასევე ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს „ბილაინი“ სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე სწრაფ 4G ინტერნეტს. გაზეთი ,,მთელი კვირის“ და ,,ახალი თაობისთვის“ ნომრებში გათავსებულია რეკლამა ტექსტით: ,,ახალი ბილაინი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი! ყველაზე დაბალ ფასად!“. საგაზეთო და ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში შპს ,,მობიტელის“ გენერალური დირექტორი ფაქტიურად იმეორებს ხსენებული რეკლამის სლოგანს და აცხადებს, რომ „ბილაინი“ სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რეკლამა წარმოადგენს საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკური და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშწყობას. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, უდავოა, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, როგორც სარეკლამო რგოლი, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მიერ მიცემული ინტერვიუები, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტის თაობაზე, წარმოადგენს რეკლამას, რომელიც ემსახურება შეთავაზებული მომსახურებისადმი ინტერესის ფორმირებას და ამავე დროს, განკუთვნილია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს და სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს რეკლამის წარმოების, განთავსების და გავრცელებისას რეკლამის დამკვეთის, დამამზადებლის და გამავრცელებლის ქმედებებს. აღნიშნული კანონი ასევე ადგენს შეზღუდვებს და კრძალავს არასათანადო რეკლამის გავრცელებას. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არაკეთილსინდისიერ რეკლამას წარმოადგენს რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნის და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არასარწმუნო რეკლამა წარმოადგენს რეკლამას, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების შესახებ; ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამას წარმოადგენს, რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეცდომაში შეჰყავს რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შუძლია დააზიანოს კონკურენტი.
შპს „მაგთიკომის“ განმარტებით მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მობიტელს“ პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ და ამავე დროს, შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს. როგორც შპს „მაგთიკომის“ განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც 4G მომსახურება საქართველოში კომერციულად გაეშვა 2015 წლის 1 თებერვალს და წარმოადგენს სიახლეს მთელი ქვეყნისათვის, ბუნებრივია საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული არათუ კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის, არამედ ზოგადად ამ მომსახურების თაობაზე. უფრო მეტიც, თავად კომპანიებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია კონკურენტების მომსახურების ხარისხის შესახებ.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,მობიტელი“ მომსახურების კომერციულად გაშვების დღესვე აცხადებდა, რომ მან პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურება და ამავე დროს, სწორედ იგი სთავაზობს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს, მაშინ როდესაც შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების გაშვების თარიღი სამივე ოპერატორისთვის იყო 1 თებერვალი და შესაბამისად, შპს „მობიტელს“ არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა ინფორმაცია თუ როგორ აქვს დაგეგმილი ქსელი მაგალითად, შპს ,,მაგთიკომს“ და რა სიჩქარით შეუძლია მიაწოდოს ინტერნეტი საკუთარ თუ პოტენციურ მომხმარებელს. შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, შპს ,,მობიტელის“ ეს განცხადება მხოლოდ მისთვის სასურველი რეალობის წარმოჩენის მცდელობაა, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს კონკურენტი კომპანიების იმიჯს და რეპუტაციას. შპს „მაგთიკომის“ აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების გავრცელება და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,მობიტელის“ მხრიდან ასევე ადგილი აქვს, მოზანმიმართულ სარეკლამო კამპანიას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სარეკლამო რგოლით; კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა სამაუწყებლო არხების და ბეჭდური გამოცემებისათვის მიცემულ ინტერვიუებში ამტკიცებენ, რომ „ბილაინი“ სთავაზობს აბონენტებს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს და რომ, „ბილაინმა“ განახორციელა უპრეცენდენტო ინვესტიცია 4G ქსელის დასანერგად. აღნიშნული ფაქტი, შპს „მაგთიკომის“ განმარტებით ნათლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ სარეკლამო რგოლში ნახსენები ფრაზა ,,ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი!“ არის მცდელობა, მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანოს რეკლამის მომხმარებელი და ზიანი მიაყენოს კონკურენტ კომპანიებს.
შპს „მაგთიკომის“ მოსაზრებით, შპს ,,მობიტელის“ მიერ გავრცელებული რეკლამის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას ფიზიკურ პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ, შეიცავს რეკლამირებადი საქონლის თვისებების სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს და ამევე დროს განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი, რამაც შესაძლოა დააზიანოს კონკურენტი. ამდენად, აღნიშნული რეკლამა, შპს „მაგთიკომის“ განმარტებით წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ, არასარწმუნო და შეცდომაში შემყვან რეკლამას, რომელიც თავის მხრივ, ,,რეკლამის შესახებ“ კანონის თანახმად, განეკუთვნება არასათანადო რეკლამის კატეგორიას და რომლის გავრცელება აკძალულია, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ სატელევიზიო ეთერით გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და ითხოვს:
1. კომისიამ აუკრძალოს შპს „მობიტელს“ არასათანადო რეკლამის გავრცელება;
2. კომისიამ დაავალოს შპს „მობიტელს“ კონტრრეკლამის გავრცელება;
3. შპს „მობიტელის“ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 26 თებერვალს. სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (N04/93-15, 20.02.2015; N04/94-15, 20.02.2015) ეცნობათ შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს “მობიტელს“. შპს „მობიტელს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს “მობიტელს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 თებერვალი, კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ კომპანია კომისიისგან ითხოვს საკითხის განხილვას, თუმცა არა დავის რეჟიმში და მხარს უჭერს განცხადებაში ჩამოყალიბებულ მოხოვნებს, კერძოდ, რომ შპს „მობიტელს“ დაევალოს კონტრრეკლამის განხორციელება და ამავე დროს, შპს „მობიტელის“ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო.
შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის განმარტებით კომპანიას მიაჩნია, რომ საკითხის განხილვა უნდა განხორციელდეს დავის რეჟიმში. შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანია მტკიცებულებებს წარმოადგენს იმ შემთხვევაში თუ კომისია დასაშვებად ცნობს შპს „მაგთიკომის“ განცხადებას და დაინიშნება საკითხის არსებითი განხილვა.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს, რომელიც სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან ერთად ქმნის საქართველოს კანონმდებლობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება განმარტებულია, როგორც მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში;
7. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
8. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;
9. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
10. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
11. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
12. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის;
13. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
14. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით;
15. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
16. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის არსებითი განხილვის დანიშვნა 2015 წლის 12 მარტს, 16:00 საათზე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე–19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის,21-ე მუხლის მე-21 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო შპს „მაგთიკომის“ განცხადების არსებითი განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 12 მარტს, 16:00 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს „მობიტელის“ რეკლამის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების კომისიის 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე წარმოდგენა;
3. ეთხოვოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შპს „მობიტელის“ რეკლამის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის კომისიის 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე წარმოდგენა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ (კ.ყურაშვილი) და მაუწყებლობის რეგულირების (ი.მახარაძე) დეპარტამენტების.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
