შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2015 14:37
მიღების თარიღი მარტი 12, 2015
შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით; ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად დასახელდა 2015 წლის 26 თებერვლის 16:00 სთ, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №53/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ: კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად 2015 წლის 5 მარტის განსაზღვრა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 5 მარტს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”სტერეო+”–ს უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი და იურისტი მარიამ გოგოსაშვილი. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის თანახმადაც:
1. შპს „სტერეო+“ სამაუწყებლო ბადეს კომისიაში წარმოადგენს მხოლოდ მისი კერძო მაუწყებლობის NB152 ლიცენზიის ფარგლებში (საერთო ტელემაუწყებლობა), ხოლო მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის ფარგლებში (საერთო რადიომაუწყებლობა) კომპანიას სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ წარმოუდგენია;
2. კომპანია კომისიაში წარმოადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, თუმცა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, კომპანიას შემოსავლები უფიქსირდება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან, ხოლო მაუწყებლობის ნაწილში კომპანიას შემოსავალი არ გააჩნია;
3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2014 წლის 23 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ 2014 წლის 22 დეკემბერს კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების მონიტორინგის მიზნით დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ ქ. წალკაში, სადაც თვალყური ადევნეს შპს „სტერეო+“–ის მიერ გადამცემი სადგურისა და ანტენის ინსტალაციას. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ინსტალაციის პროცესის და FM გადამცემით გასხივებული სიგნალის სპექტრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც.
4. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ 2014 წლის 22 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ 2013 წლის 31 მაისიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში შპს „სტერეო+“–ის მიერ წალკაში მდებარე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის სატელევიზიო ანძიდან რადიომაუწყებლობა №B145 ლიცენზიით განსაზღვრულ სიხშირეზე 105.7 მჰც. არ განხორციელებულა.
5. კომისიამ ასევე მიმართა ყველა იმ კომპანიას, რომლებსაც ქ. წალკაში გააჩნდათ საანძო მეურნეობები. შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7526–14), შპს „მობიტელის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7528–14) და შპს „კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7529–14) თანახმად ირკვევა, რომ მათი საანძო მოწყობილობებიდან შპს „სტერეო+“–ის მიერ რადიომაუწყებლობა არ ხორციელდებოდა, ხოლო შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7527–14) თანახმად ირკვევა, რომ შპს „სტერეო+“–ის გადამცემის შპს „ჯეოსელის“ კუთვნილ საბაზო სადგურზე განთავსება განხორციელდა 2014 წლის 22 დეკემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
შპს ”სტერეო+”–ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ეთანხმება რადიოსიხშირეთა მართვის დეპარატმენტის მიერ ჩატარებულ გაზომვებს, მას არ აქვს პრეტენზია აღნიშნულ სამსახურთან, მისი აზრით ამავე სამსახურმა ერთ კვირაში დაადასტურა, რომ შპს „სტერეო+“ მაუწყებლობდა ეთერით. გაზომვის ეს ორი ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე კომპანია ეთერით არ მაუწყებლობდა, მითუმეტეს, რომ არსებობს მოსახლეობის წერილები, რომლებიც დეკემბრამდე შპს „სტერეო+“–ის გადაცემებს ისმენდნენ. მათ კომპანიას მიმართეს კიდეც თხოვნით, რომ აღედგინათ მაუწყებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ წარმოადგენდა სამაუწყებლო ბადეს და ქ. წალკაში მაუწყებლობიდან შემოსავალი არ ჰქონიათ, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს არის ორი სხვადასხვა საკითხი და ეს არ შეიძლება იყოს ლიცენზიის გაუქმების საფუძველი. დავით ზილფიმიანის განმარტებით ამჟამად შპს „სტერეო+“ კანონიერ ნიადაგზე მიღებული პროდუქტის მაუწყებლობას აწარმოებს კერძოდ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”რადიო 1”-ის პროდუქცია გადის ეთერში. რაც შეეხება სამაუწყებლო ბადეს მისი წარმოდგენა ჩვეულებრივ განახლდება, თუმცა ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ”რადიო 1”-ის სამაუწყებლო ბადე.
შპს „სტერეო+“-ის იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანიის მიერ არ იქნა დაწყებული მაუწყებლობა 2014 წლის მაისში ანუ ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში. კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილებით, რომლითაც კომპანიას მიეცა ლიცენზია, განსაზღვრული იყო, რომ კომისიას უნდა განეხორციელებინა შემოწმება დაიწყო თუ არა კომპანიამ მაუწყებლობა. კომისიის მხრიდან აღნიშნული ქმედება არ განხორციელებულა. მოგვიანებით, 2014 წლის დეკემბერში ჩატარებული გაზომვები არ შეიძლება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მაუწყებლობა არ იქნა დაწყებული მაისში. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „სტერეო+“-მა წარმოადგინა ქ. წალკის მოსახლეობის წერილები, სადაც მითითებული იყო მათი პირადი ნომრები, მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ პირს შეეძლო გადამოწმება იმისა, ნამდვილად ხდებოდა თუ არა მაუწყებლობა შპს „სტერეო+“-ის მიერ.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2015 წლის 12 მარტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო+”–ს უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი. კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა. შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კახი ბექაური და სოფიო ბრიტანჩუკი), ხოლო კომისიის წევრებმა ვახტანგ აბაშიძემ და აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირეს. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+”-სთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სტერეო+”-სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
