შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2015 17:03
მიღების თარიღი მარტი 12, 2015
შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/514-15; 02.02.2015) მიმართა შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული სამაუწყებლო რეკლამის, როგორც არასათანადო რეკლამის გავრცელების აკრძალვის, შპს „მობიტელისთვის“ კონტრრეკლამის გავრცელების დავალდებულებისა და შპს „მობიტელის“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე.
შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიერ ვრცელდება სამაუწყებლო რეკლამა, სადაც კომპანია აუწყებს ფართო საზოგადოებას 4G მომსახურების კომერციულად გაშვების თაობაზე. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, სამაუწყებლო არხებზე გასულ სარეკლამო რგოლში კომპანია აცხადებს, რომ „ბილაინი“ სთავაზობს აბონენტებს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს (,,ახალი ბილაინი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი! ყველაზე დაბალ ფასად!’’). გარდა ამისა, შპს ,,მობიტელის“ მიერ საგაზეთო რეკლამის და საჯარო განცხადებების საშუალებით, ასევე ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს „ბილაინი“ სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე სწრაფ 4G ინტერნეტს. გაზეთი ,,მთელი კვირის“ და ,,ახალი თაობისთვის“ ნომრებში გათავსებულია რეკლამა ტექსტით: ,,ახალი ბილაინი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი! ყველაზე დაბალ ფასად!“. საგაზეთო და ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში შპს ,,მობიტელის“ გენერალური დირექტორი ფაქტიურად იმეორებს ხსენებული რეკლამის სლოგანს და აცხადებს, რომ „ბილაინი“ სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რეკლამა წარმოადგენს საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკური და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშწყობას. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, უდავოა, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, როგორც სარეკლამო რგოლი, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მიერ მიცემული ინტერვიუები, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტის თაობაზე, წარმოადგენს რეკლამას, რომელიც ემსახურება შეთავაზებული მომსახურებისადმი ინტერესის ფორმირებას და ამავე დროს, განკუთვნილია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს და სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს რეკლამის წარმოების, განთავსების და გავრცელებისას რეკლამის დამკვეთის, დამამზადებლის და გამავრცელებლის ქმედებებს. აღნიშნული კანონი ასევე ადგენს შეზღუდვებს და კრძალავს არასათანადო რეკლამის გავრცელებას. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არაკეთილსინდისიერ რეკლამას წარმოადგენს რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნის და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არასარწმუნო რეკლამა წარმოადგენს რეკლამას, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების შესახებ; ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამას წარმოადგენს, რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეცდომაში შეჰყავს რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შუძლია დააზიანოს კონკურენტი.
შპს „მაგთიკომის“ განმარტებით მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მობიტელს“ პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ და ამავე დროს, შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს. როგორც შპს „მაგთიკომის“ განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც 4G მომსახურება საქართველოში კომერციულად გაეშვა 2015 წლის 1 თებერვალს და წარმოადგენს სიახლეს მთელი ქვეყნისათვის, ბუნებრივია საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული არათუ კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის, არამედ ზოგადად ამ მომსახურების თაობაზე. უფრო მეტიც, თავად კომპანიებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია კონკურენტების მომსახურების ხარისხის შესახებ.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,მობიტელი“ მომსახურების კომერციულად გაშვების დღესვე აცხადებდა, რომ მან პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურება და ამავე დროს, სწორედ იგი სთავაზობს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს, მაშინ როდესაც შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების გაშვების თარიღი სამივე ოპერატორისთვის იყო 1 თებერვალი და შესაბამისად, შპს „მობიტელს“ არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა ინფორმაცია თუ როგორ აქვს დაგეგმილი ქსელი მაგალითად, შპს ,,მაგთიკომს“ და რა სიჩქარით შეუძლია მიაწოდოს ინტერნეტი საკუთარ თუ პოტენციურ მომხმარებელს. შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, შპს ,,მობიტელის“ ეს განცხადება მხოლოდ მისთვის სასურველი რეალობის წარმოჩენის მცდელობაა, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს კონკურენტი კომპანიების იმიჯს და რეპუტაციას. შპს „მაგთიკომის“ აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების გავრცელება და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,მობიტელის“ მხრიდან ასევე ადგილი აქვს, მოზანმიმართულ სარეკლამო კამპანიას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სარეკლამო რგოლით; კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა სამაუწყებლო არხების და ბეჭდური გამოცემებისათვის მიცემულ ინტერვიუებში ამტკიცებენ, რომ „ბილაინი“ სთავაზობს აბონენტებს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს და რომ, „ბილაინმა“ განახორციელა უპრეცენდენტო ინვესტიცია 4G ქსელის დასანერგად. აღნიშნული ფაქტი, შპს „მაგთიკომის“ განმარტებით ნათლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ სარეკლამო რგოლში ნახსენები ფრაზა ,,ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი!“ არის მცდელობა, მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანოს რეკლამის მომხმარებელი და ზიანი მიაყენოს კონკურენტ კომპანიებს.
შპს „მაგთიკომის“ მოსაზრებით, შპს ,,მობიტელის“ მიერ გავრცელებული რეკლამის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას ფიზიკურ პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ, შეიცავს რეკლამირებადი საქონლის თვისებების სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს და ამევე დროს განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი, რამაც შესაძლოა დააზიანოს კონკურენტი. ამდენად, აღნიშნული რეკლამა, შპს „მაგთიკომის“ განმარტებით წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ, არასარწმუნო და შეცდომაში შემყვან რეკლამას, რომელიც თავის მხრივ, ,,რეკლამის შესახებ“ კანონის თანახმად, განეკუთვნება არასათანადო რეკლამის კატეგორიას და რომლის გავრცელება აკძალულია, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ სატელევიზიო ეთერით გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და ითხოვს:
1. კომისიამ აუკრძალოს შპს „მობიტელს“ არასათანადო რეკლამის გავრცელება;
2. კომისიამ დაავალოს შპს „მობიტელს“ კონტრრეკლამის გავრცელება;
3. შპს „მობიტელის“ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 26 თებერვლის სხდომაზე იმსჯელა შპს „მობიტელის“ საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე, და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე–19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის,21-ე მუხლის მე-21 პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტისა საფუზველზე მიიღო გადაწყვეტილება N116/22, რომლის შესაბამისადაც, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მაგთიკომის“ საჩივარი შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ და დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით, ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 12 მარტს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნდა შპს „მობიტელის“ 2015 წლის 10 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/849–15) ახსნა–განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ საჩივრის შესაბამისად, კომპანიის უკმაყოფილება გამოიწვია „ბილაინის“ სატელევიზიო რეკლამაში გაჟღერებულმა სიტყვებმა „ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი“. რპგპრც ახნსა-განმარტებაშია აღნიშნული, შპს „მაგთიკომს“ მოჰყავს ამონარიდები რეკლამის შესახებ საქართველოს კანონიდან და აცხადებს, რომ შპს „მობიტელმა“ პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეიყვანა მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ და ამავე დროს, რეკლამა შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს. შპს „მობიტელის“ აზრით კონკურენტი კომპანიის ზემოაღნიშნული განცხადება, შეურაცხყოფას აყენებს ქართველ მომხმარებელს, კერძოს შპს „მობიტელს“ მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც აღნიშნული მომსახურებით უნდა ისარგებლოს, ზუსტად იცის, რომ 4G ინტერნეტი არის ყველაზე სწრაფი და ტექნოლოგიური კუთხით, უფრო სწრაფი ინტერნეტი ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს. როგორც შპს „მობიტელი“ აცხადებს, წლების მანძილზე ქართველი მომხმარებელი ელოდა აღნიშნული 4G ინტერნეტის დანერგვას საქართველოში და იმაზე აპელირება, რომ ზოგადად მომსახურების თაობაზე, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის, გონივრულ აზრს მოკლებულია. შპს „მობიტელის“ სარეკლამო სლოგანი, სწორედ, იმას გულისხმობს, რომ 4G ინტერნეტი არის ყველაზე სწრაფი. შპს „მობიტელი“ აღნიშნავს, რომ თუ კარგად დავაკვირდებით სატელევიზიო რეკლამას დავინახავთ, რომ პირველი წინადადება „ახალი ბილაინი“, გულისხმობს, რომ კომპანია სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას ახალ მომსახურებას, ხოლო „ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი“ გულისხმობს, რომ 4G ინტერნეტი, არის ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში, რაც ნამდვილად არ არღვევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
შპს „მობიტელი“ კომისიაში წარმოდგენილ ახსნა–განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ, სწორედ, თავისივე რეკლამა, სადაც გაჟღერებულია ფრაზა „მაგთიკომის 4G ქსელი, უსწრაფესი კავშირის სამყარო“, არღვევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, შპს „მობიტელი“ აღნიშნავს, რომ მომდევნო ბრალდება ეხება, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც შპს „მაგთიკომის“ მიერ რეკლამადაა განხილული. კომპანიას მიაჩნია რომ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს შპს „მობიტელის“ გენერალური დირექტორის განცხადება სამაუწყებლო რეკლამისგან. როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული, გენერელური დირექტორი, იმავდროულად არის საქართველოს მოქალაქე - გიორგი ტყეშელაშვილი და მას აქვს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აზრის გამოხატვის თავისუფლება. მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს და, ასევე, როგორც შპს „მობიტელის“ გენერალურ დირექტორს, გააჩნია საკუთარი დამოკიდებულება, შეხედულება და მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი, მოქცეულ იქნას, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირებად სფეროში.
შპს „მობიტელის“ ახსნა–განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ უკმაყოფილება, გამოიწვია სიტყვებმა: „ბილაინმა“ განახორციელა უპრეცენდენტო ინვესტიცია 4G ქსელის დასანერგად“ რითაც, მათი აზრით, მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა მომხმარებელი. კომპანიის განცხადებით კომისია ძალიან კარგად არის ინფორმირებული, კომპანიების მიერ 4G ქსელის დასანერგად განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. შპს „მობიტელი“ აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ, შპს “მაგთიკომს“ არ აწყობს კონკურენტი კომპანიის წინსვლა და განვითარება, ის, რომ, „მაგთიკომის“ მიერ 4G ინტერნეტით უზრუნველყოფილ ვერ იქნა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რამაც მათი მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, შპს „მობიტელის“ რეკლამას არასათანადოდ, შეცდომაში შემყვანად, არაკეთილსინდისიერად და არაკონკურენტულად ვერ გადააქცევს. უფრო მეტიც, შპს „მაგთიკომის“ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ აქვთ 4G ქსელის ყველაზე ფართო დაფარვის ზონა საქართველოში. მსგავსად ამისა, წლების მანძილზე კონკურენტი კომპანიების მხრიდან ვრცელდებოდა არაკონკურენტული და არაკეთილსინდისიერი სამაუწყებლო რეკლამები, თუმცა შპს „მობიტელს“ მსგავსი, არაკონკურენტული ხერხებისთვის არ მიუმართავს.
შპს „მობიტელი“ დამატებით აღნიშნავს, რომ თუნდაც კომპანიის სატელევიზიო რეკლამის ტექსტი განხილულ იქნას, იმგვარად, რომ შპს „მობიტელი“ სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე სწრაფ 4G ინტერნეტს, კომპანიის მიერ ჩატარებულმა სატესტო შემოწმებებმა აჩვენეს, რომ, სწორედ, შპს „მობიტელის“ 4G ინტერნეტის სიჩქარე არის ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი საქართველოში. კომპანიის განმარტებით, კომისიას თავად აქვს შესაძლებლობა გაზომოს 4G ინტერნეტის სისწრაფე და დარწმუნდეს, რომ შპს „მობიტელს“ არც მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში, არც არაკეთილსინდისიერ, არაკონკურენტულ შეცდომაში შემყვან რეკლამებს ათავსებს და შესაბამისად არც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 მარტის კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შპს „მობიტელის“ ახსნა–განმარტებას, ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ საჩივარში საუბარია არა იმაზე, რომ 4G ინტერნეტი ყველაზე სწრაფი ინტერნეტია, არამედ იმაზე, რომ შპს „მობიტელი“ რეკლამაში ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საკუთარი მომსახურების ფარგლებში შეთავაზებული ინტერნეტი არის ყველაზე სწრაფი. ამასთან, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც 4G ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობა 1 თებერვლიდან გახდა შესაძლებელი, ხოლო ზემოაღნიშნული რეკლამაც ამავე დღეს გავრცელდა, შპს „მობიტელს“ ვერ ექნებოდა ინფორმაცია თუ ვის რა სისწრაფის შეთავაზების შესაძლებლობა ექნებოდა აღნიშნული მომსახურების ფარგლებში.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომპანიის მიერ წარმოდგენილ ახსნა–განმარტებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის N116/22 გადაწყვეტილების მე–2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე წარმოფგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების, სამართლებრივმა დეპარტამენტისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმის დასკვნები.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
„1. შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, შპს „მობიტელის“ რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ, არასარწმუნო და შეცდომაში შემყვან რეკლამას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს არასათანადო რეკალმას და რომლის გავრცელებაც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად აკრძალულია;
2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, შპს „მობიტელს“ პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ და ამავე დროს შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით იმ პირობებში, როდესაც 4G მომსახურება, რომელიც საქართველოში კომერციულად გაეშვა 2015 წლის 1 თებერვალს და რომელიც წარმოადგენს სიახლეს მთელი ქვეყნისათვის, ბუნებრივია საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული არათუ კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის, არამედ ზოგადად ამ მომსახურების თაობაზე. უფრო მეტიც, თავად კომპანიებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია კონკურენტების მომსახურების ხარისხის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ რეკლამას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს წარმოდგენილი სარეკლამო რგოლის ფარგლებში მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფიზიკურ პირთა ნდობის ან/და მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებაზე მსჯელობა. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდა 4G მომსახურების ქვეყანაში დანერგვას, ხოლო აღნიშნული პროცესები ფართოდ და დეტალურად იქნა გაშუქებული, როგორც ეროვნული მაუწყებლების, ისე ადგილობრივი მაუწყებლების მიერ შპს „მობიტელის“ რეკლამა მომხმარებელს შეცდომაში ვერ შეიყვანდა რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ რეკალმა არ უნდა იქნას განხილული, როგორც არაკეთილსინდისიერი რეკლამა;
3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, არასარწმუნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიცშეიცავსსინამდვილესთანშეუსაბამომონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის, წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების,ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,მობიტელი“ მომსახურების კომერციულად გაშვების დღესვე აცხადებს, რომ მან პირველმა შეთავაზა მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურება და ამავე დროს სწორედ იგი სთავაზობს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს, მაშინ როდესაც მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების გაშვების თარიღი სამივე ოპერატორისთვის იყო 1 თებერვალი (მაგთიკომმაც 1 თებერვლიდან შესთავაზა საკუთარ მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურება) და როდესაც მას არ გააჩნია არავითარი ინფორმაცია თუ როგორ აქვს დაგეგმილი ქსელი მაგალითად, შპს ,,მაგთიკომს“ და რა სიჩქარით შეუძლია მიაწოდოს ინტერნეტი საკუთარ თუ პოტენციურ მომხმარებელს. შპს „მაგთიკომის“ განმარტებით შპს ,,მობიტელის“ ეს განცხადება მხოლოდ მისთვის სასურველი რეალობის წარმოჩენის მცდელობაა, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს კონკურენტი კომპანიების იმიჯს და რეპუტაციას. ყოველივე ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სინამდვილესთანშეუსაბამომონაცემებისგავრცელებადამომხმარებლისშეცდომაშიშეყვანა. შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,მობიტელის“ მხრიდან ასევე ადგილი აქვს, მოზანმიმართულ სარეკლამო კამპანიას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სარეკლამო რგოლით. კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა სამაუწყებლო არხების და ბეჭდური გამოცემებისათვის მიცემულ ინტერვიუებში ამტკიცებენ, რომ ბილაინი სთავაზობს აბონენტებს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს და რომ ბილაინმა განახორციელა უპრეცენდენტო ინვესტიცია 4G ქსელის დასანერგად. აღნიშნული ფაქტი ნათლად მიუთითებს, იმ გარემოებას, რომ სარეკლამო რგოლში ნახსენები ფრაზა ,,ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი!“ არის მცდელობა, მიზანმიმართულად შეცდომაშიშეიყვანოსრეკლამისმომხმარებელიდაზიანიმიაყენოსკონკურენტკომპანიებს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ წარმომადგენლების მიერ პრესკონფერენციებზე, ინტერვიუებში და მითუმეტეს ბეჭდურ მედიაში (რაც კომისიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება) გამოთქმული მოსაზრებები და განცხადებები არ უნდა განვიხილოთ კომერციული რეკლამის ჭრილში და შესაბამისად, საკითხის განხილვისას მხოლოდ შპს „მობიტელის“ სარეკლამო რგოლი უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ სარეკლამო რგოლში ნახსენები არ არის არც ის გარემოება, რომ შპს ,,მობიტელმა“ პირველმა შეთავაზა მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურება. რაც შეეხება რეკლამაში გამოყენებულ სლოგანს, „ახალი ბილანი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი“, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული გაგებულ უნდა იქნას არა როგორც სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტ სიჩქარის შედარება (მაგალითად, ის რომ შპს „მობიტელის“ 4G ინტერნეტი უფრო სწრაფია ვიდრე შპს „მაგთიკომის“), არამედ ისე, რომ 4G ინტერნეტი ამ ეტაპზე ყველა სწრაფი ინტერნეტ მომსახურებაა.
ამასთან, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ რეკლამაში გამოყენებულ სლოგანს, „ახალი ბილაინი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი“, განვიხილავთ რეკლამაში გაჟღერებულ ფრაზასთან „თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც გავხდებოდი მათზე სწრაფი ... ყველაზე სწრაფი“ ერთობლიობაში და დავუშვებთ, რომ აღნიშნული ერთობლიობა გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ რეკლამაში იგულისხმბა ის რომ შპს „მობიტელის“ 4G ინტერნეტი უფრო სწრაფია ვიდრე არსებულ ბაზარზე მისი კონკურენტების მიერ შეთავაზებული ანალოგიური მომსახურება, მიგვაჩნია, რომ შესაბამისი გაზომვებისა და საკითხის ტექნიკური ნაწილის შესწავლის გარეშე არასარწმუნო და შეცდომაში შემყვან რეკლამაზე მსჯელობა მიზანშეწონლი არ არის“.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:
„„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად:
- არაკეთილსინდისიერი რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
- არასარწმუნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის,წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების,ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ.
- არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.
- შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „მობიტელის“ კომერციული რეკლამა (სარეკლამო რგოლი თან ერთვის), როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად.
კომერციული რეკლამის შინაარსში ყურადსაღებია და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ფრაზები: „მათზე სწრაფი“, „ყველაზე სწრაფი“.
1) იმ შემთხვევაში, თუ კომისია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფრაზები მომხმარებლისათვის მეტწილად ასოცირდება კომპანიასთან, ანუ შპს „მობიტელთან“, აღნიშნული კომერციული რეკლამა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც არასათანადო რეკლამა, კერძოდ:
ა) როგორც არასარწმუნო რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემს რეკლამის დამკვეთისა და ბაზარზე საქონლის არსებობის თაობაზე (შპს „მობიტელი“ არ არის ერთადერთი კომპანია ბაზარზე, რომელიც ახორციელებს მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდებას, საქართველოს ბაზარზე არსებობენ ავტორიზებული პირები, რომლებიც ასევე სთავაზობენ მომხმარებლებს მეოთხე თაობის ფართოზოლოვან მომსახურებას);
ბ) როგორც შეცდომაში შემყვანი რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს განზრახ შეჰყავს შეცდომაში მომხმარებელი და აზიანებს კონკურენტებს.
სამართლებრივი დეპარტამენტის ზემოაღნიშნული მსჯელობა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „მობიტელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია, რომლითაც მომხმარებლებს სთავაზობს მეოთხე თაობის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას მოიპოვა 2015 წლის 29 იანვარს. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N56/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „მობიტელის“ NF97 ლიცენზიის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 1 თებერვლიდან - 2030 წლის 1 თებერვლამდე პერიოდი.
ამავე დღეს, კომისიამ მიიღო მეორე გადაწყვეტილებაც, კერძოდ გადაწყვეტილება N55/2 „შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12, №F15, №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20, №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირების, ცალკეულ შემთხვევებში მოქმედების ვადის 15 წლით განსაზღვრისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა გადაანგარიშების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მობილურ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კონკურენტი კომპანიების კუთვნილი რადიოსიხშირული ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად განკუთვნილ მიწისზედა უსადენო სისტემებისათვის ჰარმონიზებული დიაპაზონების სიხშირულ ზოლებს, მოდიფიცირდა ისე, რომ მათაც მიეცათ საშუალება შეეთავაზებინათ მომხარებლებისათვის მეოთხე თაობის სატელეკომუნიკაციო მომსახურება 2015 წლის 1 თებერვლიდან 15 წლის მანძილზე.
შესაბამისად, შპს „მობიტელი“ ვერ შეთავაზებდა მეოთხე თაობის ფართოზოლოვან მომსახურებას მომხმარებლებს სხვა კონკურენტ კომპანიებზე უფრო ადრე, უფრო სწრაფად.
ამ ნაწილში შეფასებისას, კომისიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებასაც, რომ შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული აღნიშნული რეკლამის პარალელურად, სამაუწყებლო ეთერში განთავსდა ცალკეული კონკურენტი კომპანიების (მაგალითად, შპს „მობიტელის“) კომერციული რეკლამა, ანალოგიური პროდუქტის შეთავაზებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეეძლო შპს „მობიტელის“ კომერციულ სამაუწყებლო რეკლამას შეცდომაში შეეყვანა მომხმარებელი, ამ პროდუქტის მხოლოდ შპს „მობიტელის“ მიერ შეთავაზების კუთხით, მაშინ როცა მისი კონკურენტი კომპანიაც სთავაზობდა იგივე საშუალებით (სამაუწყებლო კომერციული რეკლამა) ზემოაღნიშნულ ახალ პროდუქტს მომხმარებელს.
2) იმ შემთხვევაში, თუ კომისია ჩათვლის, რომ ზემოაღნიშნული ფრაზები წარმოდგენილ სარეკლამო კლიპში მეტწილად ასოცირდება შეთავაზებულ პროდუქტთან და არა რეკლამის დამკვეთთან, ანუ თუ კომისია მიიჩნევს, რომ მობიტელის მიერ გავრცელებულ სამაუწყებლო კომერციულ რეკლამაში საუბარია იმაზე რომ მისი 4G მომსახურება არის კონკურენტი კომპანიების 4G მომსახურებაზე უფრო სწრაფი, წარმოდგენილი სარეკლამო კლიპის არასათანადო რეკლამად დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა ჩატარდეს დამატებითი ტექნიკური გამოკვლევა, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვას: წარმოადგენს თუ არა შპს „მობიტელის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურება, კონკურენტი კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ანალოგიურ მომსახურებასთან შედარებით უფრო სწრაფი, უფრო ხარისხიანი.
იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური შემოწმების შედეგად წარმოდგენილი დასკვნით, დადასტურდება რომ
ა) შპს „მობიტელის“ მიერ შეთავაზებული ზემოაღნიშნული პროდუქტი უფრო სწრაფია სამომხმარებლო ბაზარზე სხვა იურიდიული პირების მიერ შეთავაზებულ ანალოგიურ პროდუქტებთან/მომსახურებასთან შედარებით, მაშინ შპს „მობიტელის“ ზემოაღნიშნული სარეკლამო კლიპი ვერ ჩაითვლება არასათანადო, მომხმარებლის შეცდომაში შემყვან რეკლამად;
ბ) შპს „მობიტელის“ მიერ შეთავაზებული ზემოაღნიშნული პროდუქტი არ არის უფრო სწრაფი სამომხმარებლო ბაზარზე სხვა იურიდიული პირების მიერ შეთავაზებულ ანალოგიურ პროდუქტებთან/მომსახურებასთან შედარებით, მაშინ სახეზე გვექნება, შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო სამაუწყებლო კომერციული რეკლამის განთავსების დადასტურებული ფაქტი; კერძოდ, ამ შემთხვევაში შპს „მობიტელის“ რეკლამა უნდა შეფასდეს, როგორც
– არაკეთილსინდისიერი რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებას სხვა იურიდიულ პირთა ანალოგიურ საქონელთან/მომსახურებასთან;
– არასარწმუნო რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემს საქონლის თვისებების, აგრეთვე ბაზარზე საქონლის არსებობის თაობაზე და
– შეცდომაში შემყვანი რეკლამა, რომლითაც რეკლამის დამკვეთს განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
პასუხისმგებლობის სუბიექტი
იმ შემთხვევაში თუ კომისია სარეკლამო კლიპის შეფასებისას მივა იმ დასკვნამდე, რომ შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული სამაუწყებლო სარეკლამო კლიპი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, უნდა დადგეს არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
– რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით.
– რეკლამის მწარმოებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გაფორმებას, წარმოებას ან მომზადებას.
– რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს.
„შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 5 თებერევლის N74/18 გადაწყვეტილებაში კომისიის მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს რომ მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი). მან არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეკლამის დამკვეთის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შინაარსის არასათანადო რეკლამად შეფასებისას მაუწყებელი ყოველთვის არაა დაცული შეცდომისაგან, არასწორი შეფასებისაგან და სხვ., გამომდინარე თავად არასათანადო რეკლამის დეფინიციიდან (,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი).
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი შპს ,,მობიტელის“ მიერ წარდგენილ კომერციულ სამაუწყებლო რეკლამას შინაარსობრივად ვერ შეაფასებდა, როგორც სამაუწყებლო რეკლამისადმი წარდგენილი მოთხოვნების დამრღვევ, არასათანადო რეკლამად, ვინაიდან:
– მაუწყებელისათვის დღემდე უცნობია შპს „მობიტელის“ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურება არის თუ არა ყველაზე სწრაფი კონკურენტი კომპანიების მიერ შეთავაზებულ ანალოგიურ მომსახურებასთან შედარებით, ამგვარი გარემოების დამადასტურებელი საჯაროდ ხელმისაწვდომი დასკვნის არარსებობის გამო;
– საყოველთაოდ ცნობილი არ ყოფილა და შესაბამისად, მაუწყებლებსაც ვერ ეცოდინებოდათ, რომ მეოთხე თაობის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებისათვის შეთავაზების შესაძლებლობა, კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N55/2 და N56/1 გადაწყვეტილებების შესაბამისად, ყველა კონკურენტ კომპანიას ერთდროულად – 2015 წლის 1 თებერვლიდან მიეცა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ შპს „მობიტელის“ სარეკლამო კლიპის არასათანადო რეკლამად შეფასების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ რეკლამის დამკვეთი, ანუ შპს „მობიტელი“.
პასუხისმგებლობის ზომა და სამართლებრივი საფუძველი
რეკლამის დამკვეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, „შპს „ჯეოსელის“ მიერ სამაუწყებლო რეკლამის დაკვეთასთან დაკავშირებით კანონდარღვევის ჩადენისა და შპს „ჯეოსელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 5 თებერვლის N75/22 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ რეკლამის დამკვეთის პასუხისმგებლობის ზომას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი 159), თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მოგვაჩნია, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი სანქცია დააკისროს შპს ,,მობიტელს“ ზემოაღნიშნული კოდექსის 159-ე მუხლის დარღვევისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით რეკლამის დამკვეთის მიმართ სანქციას იყენებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შპს „მობიტელი“ ამ შემთხვევაში წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეკლამის დამკვეთს, რომელზეც სრულად ვრცელდება სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, იგი წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ - ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის განმახორციელებლ ავტორიზებულ პირს, რომელიც ვალდებულია ასევე დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დაკვეთილი ზემოაღნიშნული სამაუწყებლო კომერციული რეკლამის შინაარსი, კომისიის მიერ მისი არასათანადო რეკლამად, ზემოაღნიშნული დასაბუთებისა და წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე შეფასების შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და მოთხოვნებთან. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ შპს „მობიტელის“ სამაუწყებლო სარეკლამო რგოლი შეაფასა როგორც მომხმარებლებისათვის მის მიერ გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციად, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება არა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის საფუძველზე, როგორც რეკლამის დამკვეთს, არამედ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის შესაბამისად, დასანქცირდება (წერილობით გაფრთხილდება), „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის დარევისათვის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირი, მის მიერ უხარისხო ანუ მომსახურების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის (რეკლამის) შეუსაბამო მომსახურების მიწოდებისათვის, ვინაიდან:
– „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება განმარტებულია, როგორც მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
– „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება“.
მომხმარებელთაინტერესებისსაზოგადოებრივიდამცველისსამსახურისდასკვნაში აღნიშნულია, რომ:
„შპს ,,მობიტელის“ მიერ ზემოაღნიშნულ სარეკლამო რგოლში 4G ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლის, კერძოდ, ინტერნეტის სიჩქარის უპირატესობის დამტკიცება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი სხვა ოპერატორების ანალოგიურ მომსახურებასთან მიმართებით, გამოიხატება სიტყვებით - ,,ჩვენ შევიცვალეთ! ახალი ბილაინი, ყველაზე სწრაფი 4G ინტერნეტი! ყველაზე დაბალ ფასად!“. აღნიშნული ტექსტი დანაწევრებულად, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ვიზუალურად ჩნდება კადრების ფონზე, რითაც კომპანია აქცენტს აკეთებს საკუთარი პროდუქტის უპირატესობაზე კონკურენტ კომპანიებთან შედარებით. შედეგად, კომპანია ამტკიცებს, რომ მხოლოდ თავად სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე სწრაფ 4G ინტერნეტს. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სატელეკომუნიკაციო დარგში ავტორიზებულ პირთა ზოგად ვალდებულებას საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე და ადგენს, რომ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი. შესაბამისად, კომპანია „მობიტელის“ მიერ გავრცელებული რეკლამის შინაარსით გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობა და სიზუსტე საჭიროებს ტექნიკური კუთხით საკითხის შესწავლა/ანალიზს, რათა გამოირიცხოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მ-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული არასათანადო, არაკეთილსინდისიერი და არასარწმუნო რეკლამა, რომელიც გულისხმობს - სათანადო ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენების გზით (არაკეთილსინდისიერი რეკლამა), საქონლის სამომხმარებლოს თვისებებზე სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების გავრცელებით (არასარწმუნო რეკლამა), რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას (არასათანადო რეკლამა). „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, შედარებითია რეკლამა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს კონკურენტზე ან ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც შეთავაზებულია კონკურენტის მიერ. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ რეკლამირებისას გამოყენეულია ირიბი მითითება, კერძოდ, კონკურენტი კომპანიების განმასხვავებელი სიმბოლოების - წითელი და იასამნისფერი ფერების საშუალებით, რაც, საზოგადოებაში მათი ფართოდ გავრცელების გამო, ხელს უწყობს მომხმარებლების მიერ კონკურენტი კომპანიების - შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,ჯეოსელის“ იდენტიფიცირებას. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შედარებითი რეკლამა თუ ის ახდენს კონკურენტის მდგომარეობის, სავაჭრო ნიშნების, სავაჭრო დასახელებების, სხვა განმასხვავებელი ნიშნების, საქონლის, მომსახურების ან საქმიანობის დისკრედიტაციას. შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევს, რომ კომპანია „მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონით აკრძალული ფორმით შედარებით რეკლამირებას, რა დროსაც ფერების მეშვეობით ირიბად მიუთითებს კონკურენტ კომპანიებზე, ხოლო მომხმარებელთა ვიზუალურ აღქმაზე ამგვარი მანიპულირებით კომპანია ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგს და კონკურენტი კომპანიების მიერ შეთავაზებულ ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით, მაყურებელი (მომხმარებელი) დაარწმუნოს საკუთარ უპირატესობაში, ხოლო შეგნებული ქმედებით მოახდინოს ცალკეული ეკონომიკური სუბიექტის დისკრედიტაცია (მომხმარებელთა თვალში ავტორიტეტის, პრესტიჟის შელახვა, ნდობის დაკარგვა და სხვ.). შესაბამისად, კომპანია „მობიტელის“ მიერ გავრცელებული რეკლამა, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 6 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას მომხმარებელთა შეცდომაში შემყვან რეკლამად, რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი. საყურადღებოა, რომ ,,რეკლამის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძრითად ამოცანებში შედის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის განხილვისას მიზანშეწონილია კომისიამ ასევე იმჯელოს და შეაფასოს ადგილი აქვს თუ არა რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვას შპს ,,მობიტელის“ მიერ სარეკლამო რგოლში გამოყენებული ტექსტის შინაარსისა და საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების სიმბოლოების - ფერების (კომპანიათა განმასხვავებელი ნიშნების) მეშვეობით“.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს, რომელიც სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან ერთად ქმნის საქართველოს კანონმდებლობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება განმარტებულია, როგორც მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში;
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
8. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;
9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
10. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
11. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
12. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის;
13. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
14. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით;
15. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
16. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული სამაუწყებლო რეკლამის შესწავლის, ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული რეკლამა ვერ დაკვალიფიცირდება როგორც არასათანადო რეკლამა. კერძოდ, კომისიას მიაჩნია, რომ მაშინ როდესაც მეოთხე თაობის ინტერნეტის (4G) ქვეყანაში დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები ფართოდ და დეტალურად იქნა გაშუქებული, როგორც ეროვნული მაუწყებლების, ისე ადგილობრივი მაუწყებლების მიერ, შპს „მობიტელის“ რეკლამა მომხმარებელს რეკლამირებადი საქონლის თვისებების ნაწილში შეცდომაში ვერ შეიყვანდა. ამასთანავე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ რეკლამაში გამოყენებული ფრაზები „მათზე სწრაფი“, „ყველაზე სწრაფი“ არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტ სიჩქარის შედარება, არამედ ზემოაღნიშნული ფრაზები წარმოდგენილ სარეკლამო კლიპში მეტწილად ასოცირდება შეთავაზებული პროდუქტის ტექნიკურ უპირატესობებთან სხვა თაობის ინტერნეტ მომსახურების მიმართ. ამავე დროს, კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ შპს „მობიტელის“ მიერ გავრცელებული აღნიშნული რეკლამის პარალელურად, სამაუწყებლო ეთერში განთავსდა ცალკეული კონკურენტი კომპანიების (მაგალითად შპს „მაგთიკომის“) კომერციული რეკლამა, ანალოგიური პროდუქტის შეთავაზებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ კომერციული სამაუწყებლო რეკლამა მომხმარებელს შეცდომაში ვერ შეიყვანდა, მაშინ როცა მისი კონკურენტი კომპანიაც მომხმარებელს სთავაზობდა იგივე საშუალებით (სამაუწყებლო კომერციული რეკლამა) ზემოაღნიშნულ ახალ პროდუქტს. რაც შეეხება შპს „მობიტელის წარმომადგენლების მიერ პრესკონფერენციებზე და ბეჭდურ მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და განცხადებებს, აღნიშნული სცილდება კომისიისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციას, არ უნდა იქნეს განხილული კომერციული რეკლამის ჭრილში და შესაბამისად, საკითხის განხილვისას ვერ გახდებოდა კომისიის მსჯელობის საგანი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრის, ირაკლი მოსეშვილის მიერ დაფიქსირებულ იქნა განსხვავებული აზრი, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვინაიდან 4G ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობა 1 თებერვლიდან გახდა შესაძლებელი, ხოლო შპს „მობიტელის“ ზემოაღნიშნული რეკლამაც ამავე დღეს გავრცელდა, შპს „მობიტელის“ რეკლამაში გაჟღერებულ ფრაზებს „ყველაზე დაბალ ფასად“ შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა მომხარებელი, შესაბამისად, ირაკლი მოსეშვილის აზრით სახეზეა შეცდომაში შემყვანი რეკლამის ნიშნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე–19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის,21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვახტან აბაშიძე, კომისიის წევრები კახი ბექაური, სოფიო ბრიტანჩუკი, წინააღმდეგი კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ განცხადება (N6/514–15; 02.02.2015) შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „მობიტელისთვის“ (ნ.ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 1 თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
