წვდომის მენიუ

შპს ,,ახალი ქსელების“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე

ნომერი: 141 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2015 18:14

მიღების თარიღი მარტი 16, 2015

 

შპს ,,ახალი ქსელების“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და  საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ შ-10/833-15; 10.03.2015),  რომელსაც თან ერთვის: 2015 წლის 9 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000110 და ამონაბეჭდი შემოწმებისას განხორციელებული სატესტო სატელეფონო ზარების შესახებ.  აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და შპს ,,მედიაპროჯორჯიას“ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, 2015 წლის 6 მარტს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ახალი ქსელების“ შემოწმება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ახალი ქსელები“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ნებართვის გარეშე იყენებს ნუმერაციის რესურს: 24 11 26-დან 24 11 39-ის ჩათვლით, რის შესახებ 2015 წლის 9 მარტს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000110. აღნისნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელები“ ექვემდებარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სანქცირებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2015 წლის 9 მარტს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-6/826-15) მიმართა კომისიას, სადაც განმარტა, რომ კომპანიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ზესტაფონში გარკვეული აბონენტები სარგებლობდნენ იმ ნუმერაციის რესურსით, რომელიც არ არის მათ სარგებლობაში. ვინაიდან, აღნიშნულის აღმოჩენისთანავე, შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მყისიერად მოხდა ამ აბონენტებისათვის ნომრების შეცვლა და მათ მიენიჭათ ახალი სანომრე რესურსი, შპს ,,ახალი ქსელები“ ითხოვს არ მოხდეს მათ მიმართ სანქცირების გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ვინაიდან, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 9 მარტს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიას წარედგინა 2015 წლის 10 მარტს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 16 მარტი, რის  შესახებ  შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ახალ ქსელებს“ და განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობისა და ადვოკატის იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. შპს ,,ახალ ქსელებს“ ასევე განემარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000110  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორი ნანა შარაშენიშე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი. ამასთან  შპს ,,ახალ ქსელებს“ ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ახალი ქსელების“ გენერალური დირექტორის მოადგილე ხ.ინჯია, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნუმერაციის რესურსით არამართლზომიერი სარგებლობა გამოვლენისთანავე აღმოფხვრილ იქნა. კერძოდ, შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მყისიერად მოხდა აბონენტებთან შეთანხმებით ნომრების შეცვლა და მათ მიენიჭათ ახალი სანომრე რესურსი. შესაბამისად,  შპს ,,ახალი ქსელები“ ითხოვს არ მოხდეს მათ მიმართ სანქცირების გამოყენება.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის განმარტებით, 2015 წლის 9 მარტის მდგომარეობით, შპს ,,ახალი ქსელებმა“ შეწყვიტა ნუმერაციის რესურსის არამართლზომიერი სარგებლობა.

2015 წლის 16 მარტის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ შ-10/833-15; 10.03.2015) და ამონაბეჭდი შემოწმებისას განხორციელებული სატესტო სატელეფონო ზარების შესახებ;

2. 2015 წლის 9 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000110;

3. შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 9 მარტის № 2/2/161/მ.ჯ.  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-6/826-15);

4. შპს ,,ახალი ქსელების“ 2012 წლის 28 თებერვლის №94  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № 7/134-12; 29.02.2012);

5. შპს ,,ახალი ქსელების“ 2012 წლის 14 მარტის №130  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №7/183-12; 15.03.2012.);

6. კომისიის 2012 წლის 19 მარტის №01/700-12  წერილი;

7. კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“;

8. კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილება ,,ნუმერაციის რესურსით (ციფრების ხუთნიშნა და ექვსნიშნა კომბინაციით) სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“;

9. შპს ,,ახალი ქსელების“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

10. ამონაწერი კომისიაში დაცულ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ახალი ქსელები“  არის ავტორიზებული პირი (რეგისტრაციის თარიღი: 2006 წლის 2 მარტი. ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება;

2. კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილებით შპს ,,ახალი ქსელებს“ მიეცა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N67 ლიცენზია (მოქმედების ვადა: 2016 წლის 7 ივლისამდე). ნუმერაციის რესურსი: ზესტაფონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 40XXX - 44XXX, რომელიც კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა  და გახდა - 24XXXX;

3. 2012 წლის 28 თებერვალს და 2012 წლის 14 მარტს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ წერილობით მიმართა კომისიას ნუმერაციის რესურსის სარგებლობის N67 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილის ჩაბარების თაობაზე, კერძოდ, მისი განმარტებით,  მისთვის სარგებლობაში გადაცემული 10000 (24XXXX) ნომრიდან დაიტოვა მხოლოდ 2016 ნომერი;

4. შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და შპს ,,მედიაპროჯორჯიას“ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, 2015 წლის 6 მარტს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემოწმება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ახალი ქსელები“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ნებართვის გარეშე იყენებს ნუმერაციის რესურს: 24 11 26 -დან 24 11 39-ის ჩათვლით, რის შესახებ 2015 წლის 9 მარტს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000110;

5. შპს ,,ახალ ქსელებმა“, ნუმერაციის რესურსის არამართლზომიერად გამოყენების გამოვლენისთანავე, 2015 წლის 6 მარტს, შეწყვიტა ნუმერაციის რესურსის არამართლზომიერად სარგებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 6 მარტს, შპს ,,ახალი ქსელები“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნებართვის გარეშე სარგებლობდა ნუმერაციის რესურსით, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2015  წლის  9 დეკემბერს შედგენილი №000110 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით, შპს ,,ახალმა ქსელების“ 2015 წლის 9 მარტის № 2/2/161/მ.ჯ.  წერილითა და 2015 წლის 16 მარტს კომისიის სხდომაზე შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით. აღნიშნული, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ნებართვის გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, შპს ,,ახალმა ქსელების“ გულწრფელი მონანიება; გამოვლენისთანავე სამართალდარღვევის მყისიერად აღმოფხვრა; აბონენტებისგან არ შემოსულა რაიმე პრეტენზია ნუმერაციის რესურსის შეცვლასთან დაკავშირებით.  ამავე დროს ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებს და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელები“ უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე, 290-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-11, მე-13, მე-14 პუნქტების, 37-ე, 38-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ახალ ქსელები“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის ჩადენის გამო და მიეცეს სიტყვიერი შენიშნვა;

2.   კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                      აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                      სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                      ირაკლი მოსეშვილი

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები