სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2015 13:51
მიღების თარიღი მარტი 26, 2015
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 5 მარტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 5 მარტის N10/740-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდგომში „საზოგადოებრივი მაუწყებელი“) მონიტორინგი, კერძოდ, შემოწმდა გადაცემა „ეტალონი“, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გადის ყოველ შაბათს 19:00 საათზე. მონიტორინგი განხორციელდა გადაცემის ორ გამოშვებაში 14 და 21 თებერვალს, რის შედეგადაც ირკვევა, რომ 14 თებერვლის გადაცემაში 19 საათსა და 22 წუთზე განთავსებულია სასპონსორო ბლოკი, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემის სპონსორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. იდენტური სასპონსორო ბლოკია განთავსებული 21 თებერვლის გადაცემაში (19:22 წთ.) ამასთან, 21 თებერვლის გადაცემაში 19:04 წთ. გადაცემის „ეტალონი“ წამყვანი ასახელებს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც გადაცემის მხარდამჭერს და წარმოსთქვამს მის სლოგანს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 16 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 მარტს 16:00 საათზე, რის თაობაზეც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (გზავნილის კოდი: N040022376592) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 26 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდდნენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტები ელენე მიხაილოვა და მალხაზ ვარდოსანიძე. ქალბატონმა ელენე მიხაილოვამ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც მაუწყებელი, პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალიწინებული პროდუქციის გადაცემას; ამასთან, ნებისმიერ გადაცემას, რომელიც მომზადებულია ეთერში გასაშვებად უტარდება შიდა მონიტორინგი; აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ხარვეზი გაპარულ იქნა გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემა „ეტალონის“ დაწყებამდე განთავსებულ ბლოკში არ არის სიტყვა „სპონსორი“ ნახსენები და არც გადაცემა „ეტალონის“ წამყვანი არ ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას „სპონსორებად“, არამედ იხსენიებს მათ, როგორც გადაცემის მხარდამჭერებს და წარმოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სლოგანს. ქალბატონმა ელენე მიხაილოვამ ასევე აღნიშნა, რომ გადაცემა „ეტალონი“ ფინანსურად და შინაარსობრივად დამოუკიდებელი პროგრამაა.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 5 მარტის N10/740-15 სამსახურებრივი ბარათი დანართით 1 DVD დისკი;
- „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება;
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის 2015 წლის 26 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება და წარმოდგენილნი მტკიცებულება (მიღება- ჩაბარების აქტი);
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად (14.02.2015 და 21.02.2015), ირკვევა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, ყოველ შაბათს 19:00 სთ. გადის გადაცემა „ეტალონი“, აღნიშნულ გადაცემაში, 19:22 წთ. განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასპონსორო ბლოკი;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 21 თებერვალს ჩატარებული მონიგორინგის შედეგად ირკვევა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში „ეტალონი“ გადაცემის წამყვანი 19:04 წთ.-ზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ასახელებს, როგორც გადაცემის მხარდამჭერს და წარმოსთქვამს მის სლოგანს, კერძოდ: „ეროვნულ საქმეში „ეტალონის“ მხარდამჭერია შსს-ს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის სლოგანი მთელმა საქართველომ იცის: „იყავი დაცული ყოველთვის, იყავი მშვიდად ყველგან.“
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველბია:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/ მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტის შესაბამსიად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), ხოლო მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის თანახმად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია,რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფომმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ,საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის, ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები.
კომისიას მიაჩნია, რომ, ვინაიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებულ გადაცემა „ეტალონში“ განთავსებულია ადმინისტრაციული ორგანოს სასპონსორო ბლოკები, კერძოდ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასპონსორო ბლოკები, ამით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კომისია ვერ გაითვალისწინებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სიტყვა „სპონსორობა“ არ გამოიყენება ზემოაღნიშნულ გადაცემაში, არამედ საუბარია მხოლოდ მხარდაჭერაზე, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას. კომისია მიანიშნებს „სპონსორობის“ დეფინიაციაზე და განმარტავს, რომ „სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით“; ასევე, ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან „ეტალონი“ ფინანსურად და შინაარსობრივად დამოუკიდებელი გადაცემაა, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო. კომისიამ განმარტა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ისევე როგორც ყველა სხვა მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით განახორციელოს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემა.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე-14 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 67-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წერილობით გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების განუხრელი დაცვა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
