წვდომის მენიუ

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ

ნომერი: 164 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2015 18:27

მიღების თარიღი აპრილი 02, 2015

სსგლობალ კონტაქტ კონსალტინგისსაკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპსევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ   კომისიას  განცხადებით მიმართეს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (ს/კ 204952275) და შპს „ევრაზია XXI”-მ (ს/კ 200192852), სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ლიცენზიების გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N525/1, კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N100/2, კომისიის 2007 წლის 13 ივლისის 396/1 გადაწყვეტილებებით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს:

1)       რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  F36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)  ა.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;

ა.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;“

ა.გ)  რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;

ა.დ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

2)       რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)    ა.ა. სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;

  ა.ბ. სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;

ა.გ. სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2006 წლის 9 დეკემბრიდან - 2016 წლის 9 დეკემბრამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”მიკრომედია XXI”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად; (შენიშვნა: 2011 წლის 11 მაისს შპს ”მიკრომედია XXI”-მა შეწყვიტა არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და რეორგანიზაციის შედეგად შეერწყა შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის N700/11 გადაწყვეტილებით,               სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ მიეცა თანხმობა კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 და F54 ლიცენზიების მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისთვის საჭირო მოწყობილობები: ანძები, მოდულატორები, რესივერები, გამაძლიერებლები და ა.შ) შპს “ევრაზია XXI“-ს მიერ  შეძენაზე. სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  მიერ შპს “ევრაზია XXI“-სთვის საოპერაციო აქტივების გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ წინასწარი თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციონერის, შპს „აქტივი 2008“-ის დამფუძნებლის და დირექტორის (აქციების 98.1176%-ის მფლობელი) მალხაზ ლოლაშვილის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, განისაზღვრა, რომ სს „ბანკი ქართუსა“ (12.09.14 წლის ცესიის ხელშეკრულებით ახალი კრედიტორი შპს „ევრაზია XXI” (ს/კ 200192852) და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ (ს/კ 204952275, რეორგანიზაციამდე არსებული სუბიექტი შპს „მიკრომედია-XXI”) შორის 2007 წლის 18 სექტემბერს დადებული გენერალური ხელშეკრულებით N მიკრომედია XXI/18-09-07 და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად, შპს „ევრაზია XXI”-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული/დაგირავებული სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ (ს/კ204952275) საკუთრებაში არსებული ნებისმიერი (და ყველა) უძრავი/მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის ლიცენზიები, საკუთრებაში გადაცემა შპს „ევრაზიაXXI“-ს (ს/კ 200192852) და ამ ქონების ღირებულებით დაფარულიყო სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ვალდებულებები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N6/7493-14) კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 0.19% წილის მფლობელის ოლღა სვანიძის წარმომადგენლების ლამარა კობალაძის და მანანა ნასარიძის განცხადება, თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/21576-14), რომლის შესაბამისადაც დაკმაყოფილდა ოლღა სვანიძის წარმომადგენლების ლამარა კობალაძის და მანანა ნასარიძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აეკრძალა აქციონერ მალხაზ ლოლაშვილის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებაში (საქმე N2/21576-14) აღნიშნულია, რომ დავის საგანს წარმოადგენს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დომინანტი აქციონერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა უძრავ/მოძრავი ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის საკუთრებაში გადაცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 2014 წლის 28 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/456-15) განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ გასაჩივრებულია და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხს იხილავს სასამართლო. სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ მიიჩნევს, რომ კომისია 2014 წლის 9 დეკემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინებით (საქმე N2/21576-14) არ არის შეზღუდული მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გადაპირებაზე და ეს განჩინება ვერ დააბრკოლებს 2014 წლის 24 დეკემბრის სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „ევრაზია XXI”-ის ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის N6/7517-14) განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი გარემოებების გამო:

1)       2014 წლის 9 დეკემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინება გამოტანილია კერძო პირთა შორის დავაზე და ის მიმართულია მხოლოდ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ. განჩინება არ შეიცავს კომისიის ვალდებულებას და ამ განჩინებით კომისია არ არის შეზღუდული. სასამართლოს განჩინებით სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აეკრძალა კონკრეტული აქციონერთა კრების (2014 წლის 7 ოქტომბრის აქციონერის) გადაწყვეტილების შესრულება და ეს აკრძალვა არ ვრცელდება თავად აქციონერზე და კომისიაზე;

2)       2014 წლის 9 დეკემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ დღემდე არ აღსრულებულა კანონით დადგენილი წესით საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აღმასრულებლის მიერ არ ჩაბარებია შეტყობინება სასამართლო განჩინების შესრულებაზე და არანაირი სააღსრულებო მოქმედება არ მიმდინარეობს;

3)       2014 წლის 23 დეკემბერს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციათა 98.1176 % (200160 ცალ აქცია) მფლობელი აქციონერის შპს „აქტივი 2008“-ის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, შპს „ევრაზია XXI”-ის წინაშე სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ვალდებულებათა შესასრულებლად, შპს „ევრაზიაXXI“-ის სასარგებლოდ დაგირავებული სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული საოპერაციო აქტივები, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „ევრაზიაXXI“-ს და ამ ქონების ღირებულებით დაიფარება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ვალდებულებები. ამავე გადაწყვეტილებით საზოგადოების გენერალურ დირექტორს დაევალა შესაბამის ხელშეკრულებებზე და დოკუმენტებზე ხელის მოწერა და ზემოაღნიშნული გადაწყევტილების შესასრულებლად ყველა საჭირო მოქმედების შესრულება. 2014 წლის 23 დეკემბრის აქციონერის გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, კომისიაში წარმოდგენილ 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემით (გადაპირებით) ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ;

4)       აქციონერის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული. ასევე არ არსებობს სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების შესრულების აკრძალვაზე;

5)       საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება არ უნდა გავრცელდეს კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის N700/11 გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან წინასწარი თანხმობა გაიცა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ საოპერაციო აქტივების გადაცემაზე, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტით არ ხდება საოპერაციო აქტივების გადაცემა. კომისიის წინასწარი თანხმობა არის საოპერაციო აქტივების გადაცემის (სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების) წინაპირობა და ის ვერ შეცვლის საოპერაციო აქტივების გადაცემის ხელშეკრულებას. მიუხედავად კომისიის წინასწარი თანხმობისა, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ შეუძლია საერთოდ არ გადასცეს საოპერაციო აქტივები. კომისიის წინასწარი თანხმობა საოპერაციო აქტივებზე ადასტურებს კომისიის მიერ საოპერაციო აქტივების გადაცემის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან (მე-20 და 35-ე მუხლებთან) შესაბამისობას და არ ეხება საოპერაციო აქტივების მიწოდების სამოქალაქო სამართლებრივ ბუნებას, მის ბათილობის კერძო სამართლებრივ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა კერძო სამართლებრივ საკითხებს. სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადებით „ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული“. მოცემულ შემთხვევაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონი პირდაპირ განსაზღვრავს კომისიის მიერ საოპერაციო აქტივების მიწოდების საკითხის შემოწმების ფარგლებს და მის მიზნებს (მე-20, 35-ე მუხლი) და ამ ფარგლებს გარეთ სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში კომისიის ჩარევა კანონსაწინააღმდეგოა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 2014 წლის 28 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/456-15) წერილში მითითებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 2014 წლის 3 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის N6/535-15) დამატებითი განცხადება, თანდართული კომპანიის წესდებით. წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, „საერთო კრება უფლებამოსილია: მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან დატვირთვის შესახებ, რომელთა ღირებულება შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვული, გარდა ისეთი გარემოებებისა, რომლებიც წარმოადგენს ჩვეულ სამეწარმეო საქმიანობას“. ამავე წესდების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. ამ შემთხვევაში დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ამ პუნქტში აღნიშნულ აქციათა რაოდენობას ფლობს ერთ აქციონერზე მეტი, აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავალდებულოა. იგივე დანაწესს შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 11 პუნქტი. დღეის მდგომარეობით შპს „აქტივი 2008“ ფლობს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციათა 98.1176%-ს, ხოლო ოლღა სვანიძის საკუთრებაშია აქციათა 0.1961 %. ამგვარად კომპანია მიიჩნევს, რომ 2014 წლის 7 ოქტომბერს აქციონერის გადაწყვეტილება მიღებულია აქციონერისათვის კანონის და წესდების პირდაპირი ჩანაწერით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი მიღებისას არ ჰქონია ადგილი კრების მოწვევის/ჩატარების კანონით ან წესდებით დადგენილი წესების დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება; 

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 26 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ                     სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „ევრაზია XXI”-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ გულუა და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციონერის ოლღა სვანიძის წარმომადგენლები ლამარა კობალაძე და მანანა ნასარიძე. სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციონერის  წარმომადგენლებმა ლამარა კობალაძემ და მანანა ნასარიძემ აღნიშნეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არ არიან კომისიაში დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგსა“ და                        შპს „ევრაზია XXI”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და F54 ლიცენზიების გადაპირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არსებობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოება, თუმცა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აეკრძალა აქციონერ მალხაზ ლოლაშვილის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის №112/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების                                        შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 2 აპრილი 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 მარტს ოლღა სვანიძის წარმომადგენლების ლამარა კობალაძისა და მანანა ნასარიძის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინება და სააღსრულებო ფურცელი (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/1199-15), რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებს. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” შუამდგომლობა. კერძოდ კომპანია ითხოვს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის 3 თვემდე გაგრძელებას. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მხრიდან გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინება და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 31 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა ოლღა სვანიძის წარმომადგენლების ლამარა კობალაძის და მანანა ნასარიძის განცხადება, რომლითაც ითხოვენ ზეპირი მოსმენის სხდომის გადატანას სხვა თარიღისთვის, ვინაიდან ვერ შეძლებენ 2015 წლის 2 აპრილს დანიშნულ სხდომაზე დასწრებას.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 2 აპრილს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა                                        სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „ევრაზია XXI”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ნიკოლოზ გულუა.

კომისია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინების შესწავლის შედეგად აღნიშნავს შემდეგს: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებზე ყადაღის დადება  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნტებიდან გამომდინარე გამორიცხავს როგორც სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, ისევე კომისიის მიერ აღნიშნული ლიცენზიების განკვარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების განხორციელებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგსა“ და მის ერთ-ერთ აქციონერ ოლღა სვანიძეს შორის არსებობს სამოქალაქო დავა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებს, სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ ლიცენზიებზე ყადაღის მოხსნამდე კომისიაში უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განჩინების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების                                        შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ ლიცენზიებზე ყადაღის მოხსნამდე.

2. დაევალოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აცნობოს კომისიას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებზე სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნის თაობაზე და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგსთვის“, შპს „ევრაზია XXI”-სთვის და ოლღა სვანიძის წარმომადგენლებისთვის ლამარა კობალაძისთვის და მანანა ნასარიძისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ჯავახიძე);

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                             მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                             გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები