წვდომის მენიუ

შპს „TV სუპერის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 177 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2015

მიღების თარიღი აპრილი 02, 2015 13:17

 

შპს „TV სუპერის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ                    შპს „TV სუპერმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/70-15, 05.02.2015) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შპს „TV სუპერი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2011 წლის 11 მარტს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს რეგულირების საფასური. შპს ”TV სუპერს” დასაზუსტებელი აქვს 2012 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.

ამავე დროს, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. შპს ”TV სუპერს” 2013 წლის ივნისიდან კომისიაში არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული სტატისტიკური ფორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 01/234-15, 09.03.2015წ., რომელიც              შპს „TV სუპერს“  ჩაბარდა  2015 წლის 11 მარტს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს შპს ”TV სუპერის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/70-15, 05.02.2015)  ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                          მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები