შპს „მომავლის რეკლამის“ კერძო მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2015
მიღების თარიღი აპრილი 02, 2015 14:49
შპს „მომავლის რეკლამის“ კერძო მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/485-14, 13.03.2015წ.) მიმართა შპს ”მომავლის რეკლამამ“ კუთვნილი მაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მომავლის რეკლამა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიას 2015 წლის 8 აპრილამდე, კომისიის 2005 წლის 8 აპრილის №215/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
N |
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
რადიო-სიხშირე მგჰც |
სიმძლავრე კვტ |
ანტენის გასხივების დიაგრამა |
სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ |
|
FM |
|||||||||
|
1 |
თბილისი |
1 |
თბილისის ანძა |
44E47;41N41 |
100 |
97.1 |
1 |
წრიული |
25 |
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 08 აპრილამდე;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”მომავლის რეკლამის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1541-15, 30.03.2015).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/1414-15, 24.03.2015), რომელმაც შპს ”მომავლის რეკლამის“ მაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10 692.00 ლარი.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 2 აპრილის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”მომავლის რეკლამის“ დირექტორი ირაკლი დათეშიძე, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე)
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”მომავლის რეკლამის“ კუთვნილ მაუწყებლობის №B76 ლიცენზიას 2015 წლის 8 აპრილიდან 2025 წლის 8 აპრილამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
N |
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
რადიო-სიხშირე მგჰც |
სიმძლავრე კვტ |
ანტენის გასხივების დიაგრამა |
სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ |
|
FM |
|||||||||
|
1 |
თბილისი |
1 |
თბილისის ანძა |
44E47;41N41 |
100 |
97.1 |
1 |
წრიული |
25 |
2. შპს ”მომავლის რეკლამა“ ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
3. შპს ”მომავლის რეკლამის“ კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს –10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 მაისამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 ივნისამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 ივლისამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 აგვისტომდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 სექტემბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 ოქტომბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 ნოემბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 2 დეკემბრამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 2 იანვრამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 2 თებერვლამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 2 მარტამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 2 აპრილამდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მომავლის რეკლამისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).
6. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) ძალაში შევიდეს შპს ”მომავლის რეკლამისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრ გიორგი ფრუიძის განსხვავებული აზრი:
გიორგი ფრუიძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 19 მარტს კომისიის სხდომაზე გამართული მსჯელობისას, სადაც განიხილებოდა კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შპს ”მომავლის რეკლამის” მიერ წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების თემა, მან და კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვებას. თუმცა კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე და კომისიის წევრი ელისო ასანიძე) საკითხის განხილვა გადავიდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის რეჟიმში.
გიორგი ფრუიძემ აღნიშნა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების პროექტს არ ეთანხმება და არის მისი მიღების წინააღმდეგი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება კომისიის მხრიდან საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვას და არა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების რეჟიმს.
2. კანონის ეს ნორმა იმპერატიულია და რაიმე სხვა წესით ლიცენზიის ვადის გაგრძელების საკითხის განხილვა არ წარმოადგენს კომისიის დისკრეციის საგანს.
3. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით არის დადგენილი ლიცენზიის ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე განცხადების შეტანის ვადა, რათა მოესწროს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და თუ ეს ვადა დარღვეულია (ანუ ვეღარ ესწრება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით) კომისია იღებს გადაწყვეტილებას ასეთი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მათ შორის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესი.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
