შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2015 16:21
მიღების თარიღი აპრილი 16, 2015
შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/17-15, 09.02.2015წ.) მიმართა შპს “იბერია TV”-მ მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს “იბერია TV”-ის დაკვეთით შპს ”სოციალური პროექტების” მიერ განხორციელდა სატელევიზიო ბაზრის კვლევა (კვლევა თან ერთვის წერილს). კვლევის შედეგების თანახმად ქ. თბილისის მოსახლეობა შპს “იბერია TV”-ის სატელევიზიო ეთერში ისურვებდა საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხილვას. წერილში აღნიშნულია, რომ შპს “იბერია TV” წლების მანძილზე ფლობდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას და წარმატებით ახორციელებდა მაუწყებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “იბერია TV” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიას 2013 წლის 17 ოქტომბრის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 და 4 ოქტომბრის №611/5 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) სატელევიზიო მაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 2 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის №110/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 2 აპრილი 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/134-15, 13/02/2015) თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “იბერია TV”-ის კუთვნილი №B106 ლიცენზიით განსაზღვრულ მაუწყებლობის გეოგრაფიულ ზონაში (თბილისი-ზონა №259) სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო ტელემაუწყებლობა, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ №B106 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 2 აპრილს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს “იბერია TV”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები ნატალია გელაძე, ხათუნა ფურელიანი, დავით ბიტაძე და შალვა კოტრიკაძე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს “იბერია TV”-ის კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება. შპს “იბერია TV”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის ოდენობის დაზუსტების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 7 სამუშაო დღე - 2015 წლის 16 აპრილი.
2015 წლის 8 აპრილს შპს “იბერია TV”-მ წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1796-15-15) დააზუსტა მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და 6 საათის ნაცვლად განსაზღვრა 18 საათი.
2015 წლის 16 აპრილის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს “იბერია TV”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები ნატალია გელაძე, ხათუნა ფურელიანი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “იბერია TV”-ის კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 29 ივლისის №476/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების:
ა) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;”
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 18 საათი.”
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ) ქვეპუნქტი:
”ტ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იბერია TV”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “იბერია TV”-ისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
