შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2015 11:08
მიღების თარიღი აპრილი 16, 2015
შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 26 მარტს წარმოებაში გადმოეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ10/1467-15, 26.03.2015) თანდართული მასალით (დანართი: 1. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოდგენის და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის სტატისტიკა; 3. კომისიის 2015 წლის 02 მარტის წერილი და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ცხრილი - რეგულირების საფასურის გაანგარიშების და შესაბამისი ჩარიცხვების შესახებ; 5. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „დანი კომპიუტერსი“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (წერილი N05/182-15; 02.03.2015), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ10/1467-15, 26.03.2015) თანდართული მასალიდან (დანართი N2 - სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოდგენის და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის სტატისტიკა) ირკვევა, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“ 2014 წლის მარტიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით არ წარმოუდგენია კომისიაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ხოლო, ამავე ცხრილის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „დანი კომპიუტერს“ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით კომისიაში არ წარმოუდგენია ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და არ ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ10/1467-15, 26.03.2015) თანდართული მასალიდან (დანართიN3) ირკვევა, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“ კომისიის 2015 წლის 02 მარტის N05/182-15 წერილით, მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. ასევე, შპს „დანი კომპიუტერსი“ კომისიის 2015 წლის 02 მარტის N05/182-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ10/1467-15, 26.03.2015) თანდართული მასალიდან (დანართი N4 - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ცხრილი) ასევე ირკვევა, რომ შპს „დანი კომპიუტერსი“ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით კომისიაში არ წარმოადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს და არ რიცხავს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-10/1830-15 სამსახურებრივი ბარათით, გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტებიდან განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების, რეგულირების საფასურის გაანგარიშების ჩაბარების და რეგულირების საფასურის თანხის ჩარიცხვის თაობაზე (2014 წლის მარტიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით).
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 14 არილის Nშ-10/1830-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად წარმოდგენილი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-10/1854-15 სამსახურებრივი ბარათიდან, ირკვევა, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში 2014 წლის მარტიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ხოლო, რაც შეეხება 2015 წლის მარტის თვეს, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულმა პირმა მონაცემები კომისიის საერთო სტატისტიკურ საანგარიშო ბაზაში უნდა ატვირთოს, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან, არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-10/1830-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-10/1860-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“ 2014 წლის მარტის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც თანხები აქვს ჩარიცხული.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ10/1467-15, 26.03.2015 ) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 02 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „დანი კომპიუტერსს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „დანი კომპიუტერს“ ჩაბარდა 2015 წლის 04 აპრილს. (გზავნილის კოდი: 040022373584; ჩაბარების თარიღი: 04.04.2015; ჩაიბარა: ნინა გოგალაძემ).
2015 წლის 16 აპრილის სხდომაზე შპს „დანი კომპიუტერსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 04 აპრილს შპს „დანი კომპიუტერსს“ დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება, მისი წარმომადგენელი კომისიის 2015 წლის 16 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“ შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 04 აპრილს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 26 მარტის Nშ10/1467-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით - 9 ფურც.;
2. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
3. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-101830-15 სამსახურებრივი ბარათი;
4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-10/1854-15 სამსახურებრივი ბარათი;
5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-10/1860-15 სამსახურებრივი ბარათი;
6. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის მიერ 2015 წლის 16 აპრილის სხდომაზე გაკეთებული განმარტებები.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „დანი კომპიუტერსი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 21.02.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება).
2. შპს „დანი კომპიუტერსს“, კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, მიუხედავად კომისიის 2015 წლის 02 მარტის N05/182-15 წერილობითი მოთხოვნისა, რომლითაც შპს „დანი კომპიუტერს“ მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. ასევე, შპს „დანიკომპიუტერსი“ კომისიის 2015 წლის 02 მარტის N05/182-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.
3. შპს „დანი კომპიუტერსი“ 2014 წლის მარტიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ხოლო, 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე.
4. შპს „დანი კომპიუტერსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას; აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დანი კომპიუტერსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს და ასევე, დაევალოს სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა და მის შესაბამისად კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება შპს „დანი კომპიუტერსს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „დანი კომპიუტერსმა“, 10 სამუშაო დღის ვადაში, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა; 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6) შპს „დანი კოპმიუტერსისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დანი კომპიუტერსისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) და კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
