შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის სს „სილქნეტისთვის“ ნაწილობრივ გადაპირებაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2015 11:09
მიღების თარიღი აპრილი 21, 2015
შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის სს „სილქნეტისთვის“ ნაწილობრივ გადაპირებაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „ტელეკომპანია I სტერეომ“ და სს „სილქნეტმა“, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის (2200მჰც-2350მჰც სიხშირული დიაპაზონი) სს „სილქნეტზე“ ნაწილობრივ (2300მჰც-2350მჰცსიხშირული დიაპაზონი) გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N334/5 და 2008 წლის 14 ივლისის N407/2 გადაწყვეტილებებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლოგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის N581/11 გადაწყვეტილებით, წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ გადაპირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” ერთ-ერთმა პარტნიორმა დავით ზილფიმიანმა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 7-9/610-15. 26.02.2015), რომლის თანახმადაც, შპს “ტელეკომპანია I სტერეოს” არ გააჩნია პარტნიორთა საერთო კრების თანხმობა ლიცენზიის გადაპირების თაობაზე. კომპანიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გადაპირება სცილდება კომპანიის ჩვეულებრივ საქმიანობას და შესაბამისად, საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია პარტნიორთა კრების მოწვევა, რასაც ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9I მუხლის მე-7 ნაწილი. დავით ზილფიმიანი ითხოვს, კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ წარმოდგენილი წესდება, კერძოდ ამ წესდების 6.8 და 7.5 პუნქტების შესაბამისად კომპანიის დირექტორს აქვს უფლება დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად. შესაბამისად კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის №111/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 2 აპრილი 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 2 აპრილს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” 22%-იანი წილის მფლობელის დავით ზილფიმიანის განცხადება, რომლის თანახმადაც იგი აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება (№14-245, 25.04.2014) ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე, ვინაიდან მას არ მიეცა საშუალება გაცნობოდა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, რომლის რამდენიმე არსებითი პირობა გაწერილია არა ხელშეკრულებაში არამედ მის დანართში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გადაპირების წინაპირობები, ასევე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და დადგინდა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა დაზუსტებული სტატისტიკურ ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით სტატისტიკურ ფორმებში შემოსავლებს აფიქსირებდა მხოლოდ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან. კომპანიამ 2014 წლის 16 დეკემბერს, კორექციის მეშვეობით შეიტანა ცვლილებები 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში და მითითებულ პერიოდში მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები შეავსო, როგორც ნულოვანი. ხოლო ის შემოსავალი, რომელსაც იგი აჩვენებდა, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგინა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (მაუწყებლობის ტრანზიტი - ტექნიკური მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 2015 წლის 31 მარტს შპს „ტელეკომპანია I სტერეომ” 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში შეიტანა ცვლილებები და ის შემოსავალი, რომელიც 2014 წლის 16 დეკემბერს დააფიქსირა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (მაუწყებლობის ტრანზიტი - ტექნიკური მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადაიტანა ისევ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებში. ასევე 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში საკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგინა როგორც ნულოვანი და 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში წარმოადგინა „ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - სააბონენტო გადასახადიდან” მიღებული შემოსავალი. ამავე პერიოდზე ფორმა 5.4-ში (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად იგი ინტერნეტის შესყიდვას ახორციელებს სს ”სილქნეტისგან”, ხოლო სს ”სილქნეტის” მონაცემებით საბითუმო ინტერნეტის მიყიდვა შპს „ტელეკომპანია I სტერეოზე” მითითებულ პერიოდში არ ფიქსირდება. 2015 წლის 31 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” კომისიის წინაშე წარმოეშვა რეგულირების საფასურის და გაანგარიშების ფორმების წარმოდგენის დავალიანება. კომპანიის მიერ 2015 წლის 1 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები და დაფარულ იქნა დავალიანება.
კომისიის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორის ზვიად ამირიძის მიერ წარმოდგენილ იქნა მოქალაქე მზია სირბილაძესა და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2014 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება უსადენო ინტერნეტით მომსახურების შესახებ. ზვიად ამირიძის განმარტებით ამჟამად კომპანიას ჰყავს 4 აბონენტი, რომელსაც უწევს ინტერნეტ მომსახურებას (ორი აბონენტი ქ. სენაკში და ორი აბონენტი ქ. ქუთაისში), კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით აღნიშნული განხორციელებულ იქნა სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების მიზნით. როგორც ზვიად ამირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანიას განზრახული აქვს ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შემდგომ, განახორციელოს გადაპირების შედეგად მიღებული თანხის ბიზნესში ინვესტიცია და შესაბამისად, მისი ბიზნეს საქმიანობის განვითარება. რაც შეეხება სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებას, როგორც ზვიად ამირიძემ განაცხადა, ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, რომელიც უკვე გასწორებულია. ზვიად ამირიძის განცხადებით შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” ძირითადი შემოსავალი აქვს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან და შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეომ” რამდენჯერმე შეცვალა ინფორმაცია ერთი და იგივე პერიოდის სტატისტიკური ფორმებში, ასევე კომპანიის მიერ ფორმა 5.4-ში (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) მითითებული მონაცემები არ მოდის შესაბამისობაში სს „სილქნეტის“ მიერ შევსებულ ინფორმაციასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ დადასტურებულიყო კომპანიის მიერ პრაქტიკულ საქმიანობის განხორციელება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მხრიდან ინტერნეტის საბითუმო შესყიდვის თაობაზე სს”სილქნეტთან” გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა.
2015 წლის 2 აპრილის სხდომაზე, საქმის მასალების შესწავლისა და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მხრიდან ინტერნეტის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენის მიზნით, გამოცხადდა შესვენება 2015 წლის 8 აპრილის 16 საათამდე. აღნიშნულის შესახებ შპს „ტელეკომპანია I სტერეო” გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2015 წლის 8 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე და სს ”სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მაია გონაშვილი. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სს ”სილქნეტსა” და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2013 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება VPN (ვირტუალური პირადი ქსელის) მოწყობის მომსახურების მიწოდების თაობაზე. ასევე ფიზიკურ პირ ნინო ელიზბარაშვილსა (მის. ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88) და სს ”სილქნეტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება). როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, სს ”სილქნეტსა” და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2013 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ”სპეციალური პირობების” 1.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (2015 წლის 31 მარტი) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში სს ”სილქნეტი” მოახდენს VPN -ვირტუალური პირადი ქსელის მოწყობა მიწოდებას შემდეგი მიმართულებებით:
- თბილისი, ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88-დან - ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №88 და
-
- თბილისი, ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88-დან - სენაკი, სს ”სილქნეტის” რადიო სარელეო სატელეკომუნიკაციო კვანძი.
ზვიად ამირიძის განმარტებით შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” ინტერნეტს უსასყიდლოდ აწვდის ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი (მცხოვრები ქ. თბილისი, ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88), რომელსაც გაფორმებული აქვს სს ”სილქნეტთან” ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება). მან ასევე განმარტა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა” და სს ”სილქნეტს” შორის ინტერნეტის საბითუმო შესყიდვაზე არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” სტატისტიკურ ფორმებში მითითებული იყო საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა სს ”სილქნეტისგან” იმის გამო, რომ ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი ინტერნეტს იძენს სს ”სილქნეტისგან”. ზვიად ამირიძის განმარტებით ეს ყოველივე გაკეთებული იყო იმის გამო, რომ დაკმაყოფილებული სალიცენზიო პირობები, კომპანიას ჰყავს აბონენტები და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორის ზვიად ამირიძის განმარტებით ნაწილობრივი გადაპირების ძირითადი მიზანი არის ქსელის განვითარება და ამ ლიცენზიის ფარგლებში სრულფასოვანი მუშაობის დაწყება. ამ ეტაპზე ქსელი მთლიანად არ არის აწყობილი, ნაჩვენებია მხოლოდ ის ადგილები, სადაც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას - ქ. ქუთაისი და ქ. სენაკი.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე სს ”სილქნეტის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მაია გონაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არსებობს ქვეყნის რეგიონული დაყოფა, სამეგრელოს რეგიონი, იმერეთის რეგიონი და ა.შ. „გეოგრაფიული ზონის“ განმარტება კანონმდებლობაში არ არის, რაც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, კერძოდ რას გულისხმობდა კანონმდებელი - ცალკე ხარაგაულს და ზესტაფონს თუ იმერეთის რეგიონს.
2015 წლის 8 აპრილის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომი შესწავლის მიზნით, შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 21 აპრილი, 16:00 საათი; აღნიშნულის შესახებ შპს „ტელეკომპანია I სტერეო” და სს „სილქნეტი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის 2015 წლის 21 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე, სს ”სილქნეტის” გენერალური დირექტორი ლევან ბუჩუკური და სს ”სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მაია გონაშვილი. კომისიის სხდომაზე ზვიად ამირიძემ განაცხადა, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხის განხილვის დროს დაისვა კითხვა, ჰქონდა თუ არა პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“. მისი აზრით, აბონენტების მიხედვით ჩანს, რომ კომპანიას პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული აქვს, ჰყავს ბოლო მომხმარებლები და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ზვიად ამირიძემ ასევე განაცხადა რომ კომისია შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ ედავებოდა გეოგრაფიულ ზონებზე, თუმცა კანონმდებლობაში გეოგრაფიული ზონის განმარტება არ იძებნება.
კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა, აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ ლიცენზიაში, არ არის მითითებული არანაირი ვალდებულება, არც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების, არც ზონების მიხედვით საბაზო სადგურების რაოდენობის დამონტაჟების კუთხით. მიუხედავად ამისა, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ ამ მოთხოვნის ფორმალური ნაწილი შესრულებული აქვს და ეწევა ეკონომიკური საქმიანობას. ლევან ბუჩუკურის აზრით კომისია გასცემს ლიცენზიას, შემდეგ კი უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია, შეინარჩუნებს მას, გაყიდის, განავითარებს თუ ა.შ. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ საქმიანობა ამ კუთხით არ იყო მომგებიანი, ზუსტად ამან განაპირობა ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. სს „სილქნეტი“ დაინტერესებულია გადაპირებით, მაგრამ თუ კომისია არ მიიღებს გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილებას, აღნიშნული დაფუძნებული იქნება მხოლოდ კომისიის სუბიექტურ შეგრძნებებზე, რომლის დასაბუთებაც მომავალში კომისიას ძალიან გაუჭირდება. მისი აზრით, უამრავი კომპანიის დოკუმენტის მოძიება შეიძლება კომისიაში, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰყავდა 1–2 აბონენტი და სალიცენზიო პირობის ფორმალური ნაწილი შესრულებული ჰქონდა. რაც შეეხება პრაქტიკული საქმიანობის დაწყების კუთხით, ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შემოწმებას, ამის მონიტორინგი კომისიას შეეძლო განეხორციელებინა ლიცენზიის გაცემიდან 9 წლის განმავლობაში და არა ეხლა როცა კომპანიას პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული აქვს და ყველა ფორმალური მოთხოვნა შესრულებულია. ლევან ბუჩუკურის აზრით ეს არის პრეცედენტი, რომელიც ხვალ შეიძლება სს „სილქნეტის“ მიმართაც იქნეს გამოყენებული. გაუგებარია იმ პრაქტიკის დანერგვა, რომ კომისიამ შეიძლება განსაზღვროს რამდენი აბონენტი უნდა ჰყავდეს კომპანიას, რამდენი საბაზო სადგური უნდა ჰქონდეს დამონტაჟებულია და ა.შ. კომისიამ უნდა დაასახელოს კანონის ის მუხლები, რომლის საფუძველზეც შეჩერდება ლიცენზიის გადაპირება და საქმე გადავა ლიცეზიის გაუქმების რეჟიმში, ვინაიდან გაუგებარია, რა დაარღვია შპს „ტელეკომპანია I სტერეომ“.
სს ”სილქნეტის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მაია გონაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა კომისიას ერთობლივი განცხადებით ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე მიმართეს 2014 წლის 30 ივნისს. წინასწარი თანხმობა კომისიის მიერ მიღებული იქნა 2014 წლის 16 ოქტომბერს. ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება, იყო გარკვეული ტიპის ანგარიშსწორება და ასევე იყო კანონიერი ნდობა კომისიის მიმართ, რომ კომისიის მიერ მიღებულ იქნებოდა დადებითი გადაწყვეტილება გადაპირების თაობაზე. როგორც მაია გონაშვილმა აღნიშნა, კომპანიები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კომისიამ შეისწავლა საკითხი და წინასწარი თანხმობა ისე მისცა მხარეებს. მაია გონაშვილის განმარტებით გადაპირებაზე უარის თქმით სს „სილქნეტი“ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. მაია გონაშვილმა აღნიშნა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონიშ შესაბამისად, კანონით რეგულირდება ზოგადი ნორმები, ხოლო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არის ის დოკუმენტები, რომელსაც ინდივიდუალური აღმჭურველი ხასიათი აქვს და განპირობებულია სწორედ იმისთვის, რომ ზოგადი ნორმები მორგებულ იქნეს კონკრეტულ სამართალსუბიექტზე. მაია გონაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში იგულისხმება ის 4 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღო კომისიამ დროის სხვადასხვა მონაკვეთში და რომლებიც დღეს შესულია კანონიერ ძალაში. თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ გასაჩივრებულა, მას ენიჭება კანონიერი ძალა და მის ყველა ნორმას იგივე დატვირთვა აქვს, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს. ოთხივე ადმინისტრაციულ აქტში აღნიშნულია, რომ მიენიჭოს შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უფლება, განახორციელოს ესა თუ ის საქმიანობა შემდეგ რეგიონებში და არის მითითებული რეგიონების ჩამონათალი. მაია გონაშვილის განმარტებით როდესაც პირს აქვს მინიჭებული უფლება განახორციელოს სატელეკომუნიკაციო მომსახურება საქართველოს 16 რეგიონში და მან გამოიყენა ეს უფლება 2 რეგიონში, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის მინიჭებული სიკეთე გამოიყენა ნაწილობრივ და არ გამოიყენა სრულად, რაც ლიცენზიის მფლობელის გადასაწყვეტია.
კომისია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში;
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება;
დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება.
3. შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №360/1, 2007 წლის 7 სექტემბრის №517/22, 2008 წლის 13 ივნისის №334/5 და 14 ივლისის №407/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე, კერძოდ:
- კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №360/1 გადაწყვეტილებით შპს ”სატელიტსერვისზე” გაიცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე მეორადი გამოყენების უფლებით;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიის მფლობელს სიხშირეები მინიჭებული აქვს მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
- კომისიის 2007 წლის 7 სექტემბრის №517/22 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზია და ამავე გადაწყვეტილებით ლიცენზიის მფლობელი პირდაპირი გადაპირების წესით გახდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეო” და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;”
- კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებით განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება შპს ”ვაიმაქს ჯორჯიაზე”. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიას მინიჭა №F65 და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2326 მჰც-დან 2350 მჰც-მდე სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
- კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №407/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზია, შევიდა ცვლილება ”შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ” კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებაში და სალიცენზიო პირობები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული ამოწურვადი რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობას. კომისიის მხრიდან აღნიშნულის თაობაზე დასკვნის გამოტანის საფუძველს წარმოადგენს ერთი მხრივ თავად ლიცენზიის მფლობელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმმარტებები და მეორე მხრივ, ასევე თავად ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებში ერთი და იგივე პერიოდზე შემოსავლებს აჩვენებდა ხან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან, ხან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობიდან, რაც კომისიაში ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ კომპანიას არ ჰქონდა დაწყებული პრაქტიკული საქმიანობა და ეს ყველაფერი კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიის წინაშე ფორმალური თვალსაზრისით ვალდებულებები შესრულებული ჰქონოდა. აღნიშნულ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ ფორმა 5.4-ში (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) მითითებული მონაცემები არ მოდის შესაბამისობაში სს „სილქნეტის“ მიერ შევსებულ ინფორმაციასთან. შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა” და სს ”სილქნეტს” შორის ინტერნეტის საბითუმო შესყიდვაზე არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. კომპანია საერთოდ არ იძენს საბითუმო ინტერნეტს და მას ინტერნეტს უსასყიდლოდ აწვდის ფიზიკური პირი, რაც კიდევ ერთხელ იძლევა საფუძველს იმისა, რომ კომპანიის მიერ არ ხორციელდება პრაქტიკური საქმიანობა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმინობა დაწყებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის გამოყენებით საქმიანობისას აკმაყოფილებს სამ კუმულაციურ პირობას, ანუ I. განხორციელებული აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში, II. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეწევა ეკონომიკური საქმიანობას და III. ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვებას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას;
შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზია ითვალისწინებს 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონით სარგებლობის უფლებას ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე; ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ისევე როგორც თავად ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ არ აქვს განხორციელებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიით განსაზღვრულ ზემოაღნიშნულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში (რაიონში), შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის ახსნა-განმარტებით, კომპანია საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ქ. ქუთაისში და ქ. სენაკში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ტელეკომპანია I სტერეო“-ს მიერ, წარმოდგენილ იქნა აბონენტთან, მზია სირბილაძესთან 2014 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება უსადენო ინტერნეტით მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ უსადენო ინტერნეტით მომსახურებას აწვდის მოქალაქე მზია სირბილაძეს შემდეგ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ბუკიას ქ. 3/57. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როგორც კომისიის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ წარმომადგენელმა განმარტა - უსადენო ინტერნეტ მომსახურება, რომლითაც შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე უწევს აბონენტ მზია სირბილაძეს, ქ. ქუთაისში, თავად შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიღებული აქვს მოქალაქე ნინო ელიზბარაშვილისგან, უსასყიდლოდ, რომელსაც თავის მხრივ ამ სახის მომსახურება მიღებული აქვს სს „სილქნეტისგან“, როგორც აბონენტს, ”ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება)” ხელშეკრულების საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის ფაქტს, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის გ) პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს, კომისიას მიაჩნია, რომ შეუძლებელია აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივ სს „სილქნეტისთვის“ გადაპირებაზე თანხმობის მიცემა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის სს „სილქნეტისთვის“ ნაწილობრივ გადაპირებაზე და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვას შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის სს „სილქნეტისთვის“ ნაწილობრივ გადაპირებაზე;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
3. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 21 მაისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება, პირველი პუნქტის გარდა გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
