რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2015 14:16
მიღების თარიღი აპრილი 21, 2015
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/60-15, 02.02.2015) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანია თმობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიას მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”მაგთიკომის” განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 21 მაისს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
