წვდომის მენიუ

მოქალაქე გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციულ საჩივრის წარმობაში მიღებასა და განხილვაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 203 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2015 12:12

მიღების თარიღი აპრილი 21, 2015

მოქალაქე გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციულ საჩივრის წარმობაში მიღებასა და განხილვაზე უარის თქმის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ადმინისტრაციული საჩივრით (15.04.2015 Nშ-9/1907-15) მიმართა მოქალაქე გიორგი იასაშვილმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 8 აპრილის N290 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

          კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრისა და თანდართული დოკუმენტაციიდან დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2015 წლის 9 და 18 თებერვალს მოქალაქე გიორგი იასაშვილმა განცხადებებით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:

ა) სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ თავმჯდომარის მიერ 2004 წლის 15 სექტემბრის ბრძანების გამოცემამდე, სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობასა“ და სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს) საშტატო ნუსხის შეთანხმების ოქმის დამოწმებული ასლი;

ბ) სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ თავმჯდომარის მიერ 2004 წლის 15 სექტემბრის N726-კ ბრძანების გამოცემამდე სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოში (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში) წარდგენილი სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ თავმჯდომარის მოთხოვნა (მიმართვა) საშტატო ნუსხის შეთანხმების თაობაზე;

2. მოქალაქე გიორგი იასაშვილს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირის ნათია მრელაშვილის მიერ ეცნობა, რომ 2015 წლის 9 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ იძებნებოდა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ხოლო 2015 წლის 18 თებერვლის განცხადებით მოთხოვნლი დოკუმენტაცია, წარდგენილი იყო სასამართლოში, დავის განხილვის ფარგლებში და ეს დოკუმენტაცია გიორგი იასაშვილს, როგორც მხარეს, გადაცემული ჰქონდა;

3. მოქალაქე გიორგი იასაშვილმა მიიჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა; მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ „საზოგაოდებირვი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს  და მოითხოვა შემდეგი:

ა) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირის მიმართ სამეურვეო საბჭოს დაეწყო დისციპლინური ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) სამეურვეო საბჭოს ბათილად ეცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 16.02.2015 N551/02 და 24.02.2015 N667/02 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები (წერილები);

გ) სამეურვეო საბჭომ დაევალებინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელ პირისთვის გამოეცა სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია გიორგი იასაშვილის მიერ 2015 წლის 09 და 18 თებერვალს წარდგენილ განცხადებების მიმართ;

4. 2015 წლის 8 აპრილს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება N290, რომლის შესაბამისადაც, გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

 

            5. 2015 წლის 15 აპრილს მოქალაქე გიორგი იასაშვილმა ადმინისტრაციული საჩივრით (15.04.2015 Nშ-9/1907-15) მიმართა კომისიას და მოითხოვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 8 აპრილის N290 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

            კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2   ნაწილის   შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე  გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქე გიორგი იასაშვილის მიერ კომისიაში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი 2015 წლის 15 აპრილს, კომისიამ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი განიხილა 2015 წლის 21 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მოქალაქე გიორგი იასაშვილი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი.

            კომისიის სხდომაზე დამატებით წარმოდგენილ იქნა მოქალაქე გიორგი იასაშვილის განცხადება (20.04.2015 Nშ-9/2266-15), სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 8 აპრილს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ განხილულ იქნა გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიუღებლობას.

            კომისიის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს მოქალაქე გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი გამომდინარე იქიდან, რომ კომისია არ წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლიდან გამომდინარე, გამორიცხავს კომისიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას.

            კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კომისიის სხდომაზე დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ი) პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო

            შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის თაობაზე, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

3. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ) პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა განმარტებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის; ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოებია: სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში.

            კომისია აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე დაინტერესებულ მხარეს მართალია უფლება აქვს გაასაჩივროს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კომისიაში, მაგრამ აღნიშნული გასაჩივრება არ გულისხმობს კომისიაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ვინაიდან სწორედ აღნიშნული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განმარტავს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს,  ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები ცალკე არის მოწესრიგებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით და 179-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ  ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისია ასევე ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კომისიის ფუნქციებსა და სპეციალური უფლებამოსილებებს, რაც „ეროვნული მარეგულირებელი  ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის გ) ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის შესაბამისად, სწორედ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება.

            აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია დამატებით მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (თამარ გურჩიანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ), სადაც სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. ამდენად ცალსახაა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვერ იქნება მიჩნეული ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს“ (სასამართლოს გადაწყვეტილება გვ.6).

            სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობი ზედამხედველობას კომისია ახორციელებს მხოლოდ მაუწყებლობის სფეროში „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. ამდენად, სასამართლომ უდაოდ მიიჩნია, რომ კომისია ვერ იქნება მიჩნეული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (სასამართლოს გადაწყეტილება გვ.7).

            რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს, სასამართლომ განმარტა, რომ „კანონმდებლის მითითება მასზედ, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში, ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გულისხმობს მხოლოდ მაუწყებლობის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას და მხოლოდ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში.  თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ კომისია უფლებამოსილია განიხილოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი მაუწყებლობის სფეროში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვერ მიანიჭებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსს, ამდენად დავა ვერ მოექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით დადგენილი რეგულაციების სფეროში

            კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

            ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას მოქალაქე გიორგი იასეშვილს კომისიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებასა და მის განხილვაზე.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 76-ე, 96-ე, 98-ე, 178-ე, 179-ე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის და VII თავის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უარი ეთქვას  მოქალაქე გიორგი იასაშვილს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქე გიორგი იასაშვილისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლითვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო  გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მხარეთათვის მისი დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 1 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ.აბაშიძე                    

კომისიის წევრები                                                                 გ.ფრუიძე                                   

                                                                                                            მ.ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები