არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2015 15:22
მიღების თარიღი აპრილი 24, 2015
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 16 აპრილს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/1978) მიმართა ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე.
ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარიში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომლის მხარდამჭერებიც არაინ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა სახელმწიფო და კერძო დონორები, არის ევრაზიის ფონდის ქსელის წევრი, რომელშიც შედის სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი ხუთი ადგილობრივი ფონდი რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აშშ–ში. სამხრეთ კავკასიაში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მოქმედებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის კუთხით. ა(ა)იპ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” ახორციელებს პროექტს „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“. ამ პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მომხმარებელთა უფლებების შესახებ, ძირითადად საკვები პროდუქტების სფეროში. კამპანია „გაიგე რას ჭამ“ მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისაკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ და რაც მთავარია არის მესამე პირებისთვის უსასყიდლო.
ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარიში აღნიშნულია, რომ ვინაიდან პროექტი სოციალურად სასარგებლო აქტივობას წარმოადგენს, ფონდმა დაამზადა სოციალური რეკლამა და მიმართა მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათებით სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების მოთხოვნით. იმ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელსაც ფონდმა მიმართა რეკლამა უსასყიდლოდ განათავსა. მათ შორის იყო: შპს „ტელეიმედი“, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი მაუწყებლები, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“, შპს „იმპერია“ (მეცხრე არხი), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, შპს „პალიტრა TV“ და რადიოებმა – შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ფორტუნა +), შპს „რადიო იმედი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. სოციალური რეკალმის განთავსებაზე უარი თქვეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–მა და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთმა“, იმ დასაბუთებით, რომ წარმოდგენილი რეკლამა არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, შესაბამისად, მათი განმარტებით, მასზე არ ვრცელდება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ აღნიშნულ დასაბუთებას არ იზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ არ შეიძლება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“– ს ან რომელიმე სხვა ტელევიზიას ჰქონდეს საკუთარი სტანდარტი რეკლამის შინააარსის შეფასებისას, როდესაც კანონით დადგენილია თუ რა შემთხვევაში ითვლება რეკლამა სოციალურად. კერძოდ: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკალმა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; განმცხადებლის განმარტებით, ფონდის მიერ დამზადებული რეკალამა სრულად ექცევა ამ განმარტების ქვეშ და აკმაყოფილებს მის ყველა პირობას, ასევე არ წარმოადგენს კომერციული საქმიანობის რეკლამირებას (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არასამეწარმეო იურიდიული პირია). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოცილაურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათი ჯამში არანაკლებ 90 წამისა. აღნიშნული ვალდებულება თანაბრად ვრცელდება ყველა მაუწყებელზე მათ შორის ტელეკომპანია თრიალეთსა და რუსთავი 2 – ზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“ მიაჩნია, რომ მაუწყებლები არღვევენ კანონით მათზე დაკისრებულ ვალდებულებას.
მოთხოვნები:
1. ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ საჩივრის განხილვის პროცესში ჩაერთოს როგორც მხარე;
2. შესწავლილ იქნას ზემაღნიშნული ფაქტები და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
3. დაევალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“, ეთერში გაუშვან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა;
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 24 აპრილს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (N04/565-15, 22.04.2015; N04/564-15, 22.04.2015, N04/561-15, 22.04.15) ეცნობათ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“ გადაეგზავნათ ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 აპრილს კომისიაში შემოსულია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განცხადება ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებასა და მისი განხილვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/2363–15), სადაც აღნიშნულია, რომ:
“ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65–ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც, დაინტერესებულ პირს (ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“) უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
- 1. ვიდეო რგოლის, როგორც „სოციალური რეკლამის“ სტატუსის საკითხი
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი ვერ ჩაითვლება სოციალურ რეკლამად, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 პუნქტით განსაზღვრულ სოციალური რეკლამის დეფინიციას;
სოციალური რეკლამა განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია თუ ვინ არიან კერძო სამართლის სუბიექტები:
1. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო , ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივრის ავტორი, ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომეციულ) იურიდიულ პირს, ის არის კერძო სამართლის სუბიექტი, რომლის საქმიანობის რეკლამირების ამსახველი ვიდეო მასალაც ვერ ჩაითვლება სოციალურ რეკლამად. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, მსგავსი სამართლებრივი მსჯელობა ვრცელდება ვიდეო რგოლში იდენტიფიცირებულ სხვა სუბიექტებზეც, რომლებიც ასევე, წარმოადგენენ კერძო სამართლის სუბიექტებს: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველო, საზოგადოება ბილიკი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია; აღნიშნული სუბიექტების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი მტკიცებულების სახით თან ერთვის წინამდებარე წერილს.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობა „გაიგე რას ჭამ“ წარმოადგენს უშუალოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობას, მათ პროექტს და ამ პროექტის ფარგლებში უკვე გაწეულ, მიმდინარე მომსახურებას და სამომავლო აქტივობებს. ვიდეო რგოლში იდენტიფიცირებული სუბიექტებიც, რომლებიც ფუნქციონირებენ სერვის ცენტრების სახით, ეწევიან კონკრეტული სახის მომსახურებას/საქმიანობას. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, ვიდეო მასალა მთლიანად ემსახურება მითითებული ორგანიზაციების საქმიანობის რეკლამირებას და სადავო ვიდეო რგოლ, წარმოდგენილი რედაქციით, ჯდება არა „სოციალური რეკლამის“, არამედ რეკლამის დეფინიციის ფარგლებში.
„რეკალამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, არგეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“.
- 1. მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, წარმოდგენილი ვიდეო რგოლი შეიცავს მაგარ სპირტიანი სასმელის, არყის რეკლამას, კერძოდ წარმოდგენილია ბოთლის ვიზუალაური გამოსახულება წარწერით „არაყი“ „40%“. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–14 პუნქტი განსაზღვრავს თუ რა ითვლება „მაგარი სპირტიანი სასამელის“ რეკლამად – „ალკოჰოლიანი სასამელის რეკლამა, რომლის შემაგდენლობაში „სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს“, ხოლო თავად „ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა“ ამავე მუხლის მე–13 პუნქტით განმარტებულია როგორც „რეკლამა, რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ან ალკოჰოლიანი სასამელის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, ალკოჰოლიანი ასასმელის მისი ტარის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშიერბული ქმედების დემონსტრირებას. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის აზრით საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლში მაგარი სპირტიანი სასმელის დემონსტრირებით სახეზე არის მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა, რომლის მაუწყებლის ეთერში განთავსებასაც კრძალავს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე– 8 მუხლის მე– 7 პუნქტი: „აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასამელებიას და თამბაქოს ნაწარმის რეკალმის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე“.
- 2. ვიდეო რგოლის რედაქტირება სოცილაური რეკლამის სტატუსისთვის
როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებაშია აღნიშნული, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის წარმომადგენლის, ბატონ კონსტანტინე ბათმანიდის მიერ საჩივრის ავტორს განემარტა ის გარემოებები, რომლებიც აფერხებდა მაუწყებელს წარმოდგენილი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაშვებაზე. კერძოდ, ბატონი კონსტანტინე ბათმანიდი მოითხოვდა ვიდეო რგოლის დაკორექტირებას იმგვარად, რომ უზრუნველყოფილიყო ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სახით რედაქტირება (ააიპ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ლოგოტიპისა და მითითებული სუბიექტების დასახელებების მოხსნას, აგრეთვე არყის ნაწილის ამოღებას). აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე მაუწყებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა დაინტერესებული პირის მოთხოვნა ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სახით ეთერში გაშვებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს მიაჩნია, რომ ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარში მითითებულ დარღვევაზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები. საჩივარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით დაუსაბუთებელია. შპს სამაუწყებლო კომპანი „რუსთავი 2“ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ მაუწყებელი მზად არის სადავო რგოლს მიანიჭოს სოციალური რეკლამის სტატუსი და დაუთმოს მას კანონით განსაზღვრული დრო.
მოთხოვნა:
უარი ეთქვას ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე“.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 აპრილს, კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსლი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში ჩამოყალიბებულ პოზიციებს. შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენლის განცხადებით კი, კომპანია მზადაა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა, იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში აღნიშნული მოთხოვნა ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ გაიგზავნება ოფიციალური წერილით.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
6. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;
8. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ სოციალური რეკლამის სტატუსით წარდგენილი სარეკლამო რგოლის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე თაობაზე თქმის საკითხს და „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს წარმოებაში ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი და შესაბამისად დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარის (16.04.2015 Nშ–6/1978-15) განხილვის მიზნით;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 14 მაისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა(ნ.ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
