წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 223 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2015 18:40

მიღების თარიღი აპრილი 28, 2015

შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.  ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების მიზნით  2015 წლის 24 მარტს გადმოეცა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 2015 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1407-15) საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. 2015 წლის 21 მარტს (შაბათი დღე) შპს „ჯეოსელმა“ შეაჩერა მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვა, იმის გამო, რომ კომპანიის მხრიდან არის საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დავალიანება. როგორც საჩივარშია აღნიშნული, ზემოაღნიშნული დავალიანების გამო, მოხდა არა მხოლოდ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეჩერება, არამედ ადგილობრივი მომხმარებლების მიერ წამოწყებული ზარების დასრულების მომსახურების შეჩერებაც. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ მხრიდან შაბათ დღეს ურთიერთჩართვის შეჩერებით მოხდა როგორც მომხმარებლების ინტერესების დარღვევა, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა; ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე, უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიეთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. მოცემულ შემთხვევაში კი შპს „ჯეოსელს“ არ ჰქონდა მიღებული კომისიის თანხმობა ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი ითხოვს კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს ზომები, რათა მოხდეს მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვის დროული აღდგენა კომპანიის მომხმარებლების ინტერესების სასარგებლოდ.

 

კომისია აღნიშნავს, რომ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, გადამოწმდა ინფორმაცია შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შორის არსებულ ფაქტიურ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით (იხ. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის N10/1534-15 სამსახურებრივი ბარათი).

 

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 31 მარტის Nშ10/1578-15 სამსახურებრივ ბარათში, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის N10/1534-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად,  აღნიშნულია, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 20 მარტის 23:26 საათიდან არ განხორციელებულა სატელეფონო ზარები შპს „ჯეოსელის“ მიმართულებით, ხოლო, ურთიერთჩართვა  ნაწილობრივ აღდგა 2015 წლის 23 მარტს 11:25 საათიდან 12:32 საათამდე. ასევე, ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის დანართიდან,  რომელშიც ასახულია მარტის თვეში ყოველდღიურად შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარები  შპს „ჯეოსელის“ მიმართულებით,  ირკვევა რომ 2015 წლის პირველი მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ ხორციელდებოდა გარკვეული რაოდენობის ზარები, ხოლო, 21 და 22 მარტს გამავალი ტრაფიკი არ ფიქსირდება, 23 მარტს დაფიქსირებულია 976 გამავალი ზარი, ხოლო, 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით კვლავ არ ფიქსირდება ტრაფიკი. 28 მარტს ფიქსირდება 107 ზარი, ხოლო შემდგომ კვლავ არ ფიქსირდება ურთიერთჩართვა.

 

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 2015 წლის 24 მარტის  N6/1407-15 საჩივრის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014  წლის 15 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის  მოთხოვნათა დარღვევის გამო. შპს „ჯეოსელს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა შეტყობინებებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „ჯეოსელს“  ჩაბარდა 2015 წლის 16 აპრილს. (გზავნილის კოდი: 040022373106; ჩაბარების თარიღი: 16.04.2015; ჩაიბარა: თამარ ლიპარტელიანმა).

კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე ასევე მოწვეულ იქნა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი (გზავნილის კოდი: 040022373126; ჩაბარების თარიღი:17.04.2015; ჩაიბარა: გელა ასიტაშვილმა).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორი დავით ჯიქია.

კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ შპს „ჯეოსელი“ მოქმედებდა მათ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად. მისი განმარტებით,  შპს „ქართულ სატელეფონო კომპიანია ჯტს“-ს საჩივარში სადავოდ არ გაუხდია დავალიანების ფაქტი, მაგრამ თუ დღეს მხარე სადავოდ გახდის მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ ურთიერთობებს და დავალიანების არსებობის ფაქტს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს მტკიცებულებებს იმისა, რომ  შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს გააჩნია შპს „ჯეოსელის“ მიმართ დავალიანება და აღნიშნული დავალიანება არის საკმაოდ დიდი ოდენობის, ხოლო რაც შეეხება შედარების აქტს შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ   შპს „ქართულ სატელეფონო კომპიანია ჯტს“-ს აღნიშნულ აქტს ხელს არ აწერს და ამ დრომდე აღნიშნულ  ფაქტს წარმატებით იყენებს. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის შესახებ, ყველა ოპერატორმა შეცვალა მოწვევის ოფერტა, რომელშიც ასახულ იქნა მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის, ძირითადი აქცენტი გაკეთებულ იქნა ოპერატორების მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოპერატორები დაიყო ორ ჯგუფად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონეებად და არამნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონეებად; შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირს და შესაბამისად, ნებისმიერი პირი, ვინც არ იყო ამ სტატუსის მატარებელი, ვალდებული იყო დათანხმებოდა მოწვევის ოფერტის პირობებს, გადაეხადა ავანსი და მასთან ურთიერთჩართვის ხელშეკრულება იარსებებდა იმ დრომდე, სანამ ეს ავანსი არ იქნებოდა ამოწურული. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე წარმოადგინა მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ მოწვევის ოფერტის კომისიის ვებ-გვერდზე დადგენილი წესების მიხედვით ატვირთვის შემდეგ,  შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს“-მა მოიწერა წერილი, რომლითაც საპროგნოზოდ განსაზღვრა, თუ რამდენ წუთს დაასრულებდა შპს „ჯეოსელის“ ქსელში და მოწვევის ოფერტის შესაბამისად, საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით ასევე წარმოადგინა ავანსის გადახდის ქვითრები. როგორც ლევან გიორგაძემ აღნიშნა, 2014 წლის 01 აპრილიდან მოყოლებული მხარე იყო იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც შპს „ჯეოსელის“ მიერ დადგენილ იქნა ახალი მოწვევის ოფერტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთჩართვა მოქმედია მანამ, სანამ ავანსი არ იქნებოდა სრულად ამოწურული. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოცემული პირობა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ დარღვეულ იქნა, შპს „ჯეოსელმა“ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და შეუწყვიტა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს ურთიერთჩართვა. ლევან გიორგაძე ასევე აღნიშნავს, რომ კანონის შინაარსიდან გამომდინარე მთავარია, რომ დაცული იყოს ბოლო მომხმარებელთა უფლებები ანუ ოპერატორის აბონენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ხოლო, აპრილის თვის  CD-R-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ  შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი ოპერატორის მეშვეობით, ტრანზიტულად, შპს „ჯეოსელის“  ქსელში დაასრულოს ზარები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ კომისიას გადასცა მტკიცებულებები: 1. შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტა - 8 ფურც.; 2. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დავალიანება საპის მიხედვით - 2 ფურც.; 3. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელის“ კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 31 ოქტომბრით და ამავე რიცხვით დათარიღებული ქვითრები - 2 ფურცელი, ასევე 2015 წლის 04 მარტს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ თანხის გადარიცხვის (10 000,00 ლარი) დამადასტურებელი ქვითარი - 1 ფურც.; 4. CD_R დისკი -1 ცალი.

კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორმა დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ როცა შპს „ჯეოსელმა“  ურთიერთჩართვა გათიშა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შპს „ჯეოსელის“ მიმართ სავარაუდოდ გააჩნდა დავალიანება, მაგრამ გადახდის ვალდებულების დრო არ იყო დამდგარი. დავით ჯიქიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს „ჯეოსელის“ მხრიდან სხვა ოპერატორებისაგან დეპოზიტზე თანხის დადება მოთხოვნილი არ ყოფილა, შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს“-იმ ეს თანხა დადო დეპოზიტზე საერთაშორისო ზარების დასრულებისათვის. დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ მათ მიერ შპს „ჯეოსელისათვის“ მიწერილ წერილში გამოთქვამდნენ მზადყოფნას შეეტანათ ცვლილებები ხელშეკრულებაში, მაგრამ კომპანიას  ამ წერილით არ გაუუქმებია მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და არც განახლებულ ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომპანიისთვის ურთიერთჩართვის შეჩერებით მომხმარებლებს შეეზღუდათ შესაძლებლობა პირდაპირ დაკავშირებოდნენ შპს „ჯეოსელის“ აბონენტებს. დავით ჯიქია ადასტურებს, რომ ტრანზიტულად ახორციელებს ურთიერთჩართვას თუმცა, აღნიშნული  ტრანზიტი კომპანიას  ძვირი უჯდება. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ შპს „ჯეოსელს“ კომისიის თანხმობის გარეშე ურთიერთჩართვის გათიშვის უფლება არ ჰქონდა.

კომისია აღნიშნავს, რომ  2015 წლის 23 აპრილის სხდომზე კომისიის მიერ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-სგან მოთხოვნილ იქნა მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოდგენა, ხოლო შპს „ჯეოსელისაგან“  მოდავე მხარის დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. კომისიის მიერ გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და განხილვის მიზნით კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება  და საკითხის განხილვის განახლების თარიღად დაინიშნა 2015 წლის 28 აპრილი, 16 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2015 წლის 24 აპრილის Nშ-13/2327-15 სამსახურებრივი ბარათით, მიმართა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ც. უჯმაჯურიძეს შეესწავლა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი CD_R დისკი.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 24 აპრილის  Nშ10/2328-15 სამსახურებრივ ბარათში, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის N10/2327-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად,  აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელმა“ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე წარმოადგინა CD_R დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია აპრილის  თვეში შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ -ის აბონენტების მიერ შპს „ჯეოსელის“  ქსელში დასრულებული ზარების შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის აბონენტების მიერ წამოწყებული სატელეფონო ზარები შპს „ჯეოსელის“ ქსელში სრულდება შპს „ახალი ქსელების“ და შპს „მაიფონის“  მეშვეობით, ტრანზიტულად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან - შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელის“ კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის გაგზავნილი წერილიდან, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 31 ოქტომბრით ირკვევა, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ გამოთქვამს მზადყოფნას გააფორმონ სავალდებულო ცვლილებები, რომელიც შემდგომ აისახება კომპანიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისათვის კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ფარგლებში არსებული ერთი არხი (E1), რომლის სავარაუდო ტრაფიკის მოცულობამ შეიძლება შეადგინოს 100000 (ასი ათასი) წუთი კალენდარული თვის პერიოდში, ასევე დაფარული იქნება მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული საავანსო თანხა და შპს „ჯეოსელის“ წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელის“ კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის გაგზავნილ წერილს დანართის სახით ერთვის გადარიცხვის საგადასახადო დავალების დამადასტურებელი ქვითრები: 1. 2014 წლის 31 ოქტომბერს  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გადარიცხულია 28 070,40  ლარი (გადახდის დანიშნულება: საერთაშორისო ზარის ტერმინაციის სავარაუდო მოცულობის ავანსი); 2. 2014 წლის 31 ოქტომბერს  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გადარიცხულია 4 000,00 ლარი (გადახდის დანიშნულება: გამოყოფილი არხის (E1) ავანსი); ასევე, კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე ლევან გიორგაძემ წარმოადგინა მტკიცებულება - 2015 წლის 04 მარტს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გადარიცხული თანხის ( 10 000,00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდის დანიშნულება: ავანსი).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 27 აპრილის Nშ-6/2387-15 წერილით შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს“-მა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება - 2004 წლის 29 დეკემბერს  შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, გამოცხადდნენ შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორი დავით ჯიქია.

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს“-მა თანხმობა განაცხადა ახალი ოფერტის პირობებზე მათ მიერ საავანსო თანხის ჩარიცხვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები ურთიერთჩართვისას ხელმძღვანელობენ ახალი ოფერტის პირობებით. ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედი აღარ არის თუნდაც იმიტომ, რომ 2014 წლის 1 ნოემბრიდან, რაც გამოქვეყნდა შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტა და მხარემ გააკეთა ამ მოწვევის ოფერტზე აქცეპტი, კომპანიები ურთიერთობას განაგრძობენ ახალი ოფერტით გათვალისწინებული პირობებით. ლევან გირგაძემ აღნიშნა, რომ შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“ გააჩნია მარტის თვის დავალიანება, ასევე განაცხადა, რომ ორივე მხარის ვალდებულება იყო ინფორმაციის წარმოდგენა დავალიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“–ის დავალიანებას ადასტურებს. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ ახალი ოფერტა ითვალისწინებს, იმას, თუ რა პრინციპით ხდება (ავანსის მიუხედავად) მხარეთა შორის საგადასახადო და შესაბამისად, სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნა. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როდესაც თვე სრულდება, მხარეს ეგზავნება ანგარიშფაქტურა, ხდება ციფრების შედარება და დოკუმენტაციის გაფორმება. კომპანიის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულება, დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაცემული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მარტის თვის  დავალიანება შპს „ჯეოსელის“ მიმართ შეადგენს 241 568.11 ლარს. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა არის დარიცხული მარტის თვის მომსახურების გაწევისთვის. როდესაც 20 მარტს ეს სერვისი შეწყდა, მას შემდეგ ეს თანხა არ გაზრდილა და აღნიშნული თანხა არის დაგროვილი მომსახურების შეწყვეტამდე. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომპანიას არ აქვს ერთნაირი მიდგომა ყველა ოპერატორთან მიმართებაში და მაქსიმალურად ცდილობს, კომუნიკაციის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარეს შესაძლოა რამდენიმე დღე დააგვიანდეს დავალიანების გადახდა, შპს „ჯეოსელი“ აძლევს შესაძლებლობას განაგრძოს ურთიერთჩართვა, მაგრამ ვინაიდან შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის შემთვევაში  ვალი იზრდებოდა და გადახდები არ იყო, ბოლო ნაბიჯი რაც კომპანიის მიერ იქნა მიღებული, იყო ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მოწვევის ოფერტის 15.2 პუნქტით განსაზღვრლული პირობა - „ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა იწვევს ავტორიზებულ პირთან ურთიერთჩართვის გაუქმებას, რაც ხორციელდება ავტორიზებული პირის ყოველგვარი დამატებითი გაფრთხილების გარეშე“ არის კომპანიის უფლება-მოსილება, თუმცა შპს „ჯეოსელი“ ასეთ ქმედებას მიმართავს უკიდურეს შემთხვევაში. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ როდესაც შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მხრიდან დაგროვდა დიდი რაოდენობის დავალიანება, იყო კომუნიკაცია კომპანიებს შორის და იყო დაპირებები, რომ რამდენიმე დღეში მოხდებოდა თანხის ჩარიცხვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ პოზიციების გაცვლის შედეგად, როგორც შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა განაცხადა, მიიღეს ფაქტად ის, რომ დავალიანება გახდა 240 000 ლარი. ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ როდესაც შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-სგან პასუხი ვერ მიიღეს დავალიანების გადახდის თაობაზე, ურთიერთჩართვა შპს „ჯეოსელმა“ გათიშა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ: 1. 2015 წლის 28 აპრილს შპს „ჯი ეს დი ჯგუფის“ (საკურიერო მომსახურების კომპანია) მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნილი წერილი თანდართული მასალით (გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დაკუმენტების ასლი) – 3 ფურც.; 2. ურთიერთშედარების აქტი (შპს „ჯეოსელიდან“ გამავალი/შემომავალი ადგილობრივი ზარები - მარტი, 2015). 2015 წლის 28 აპრილს შპს „ჯი ეს დი ჯგუფის“ (საკურიერო მომსახურების კომპანია) მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ 2015 წლის 22 აპრილს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ში გაგზავნილი გზავნილი (ურთიერთშედარების აქტი), მიმდინარე დღესვე ჩაიბარა ნუგზარ ჯანგულაშვილმა მისამართზე: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N16, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტის (შპს „ჯეოსელიდან“ გამავალი/შემომავალი ადგილობრივი ზარები - მარტი, 2015) შესაბამისად, ირკვევა, რომ ჯეოსელი-ჯთს-ის მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი ზარების წუთების რაოდენობამ შეადგინა 10,419.08 წუთი ტარიფით - 0.04 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 416.76 ლარი), ხოლო, ჯეოსელი - ჯთს-ის მიმართულებით საერთაშორისო ზარების წუთების რაოდენობამ - 8.20 წუთი, ტარიფით - 0.27 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 2.19 ლარი). ურთიერთშედარების აქტში ასევე ასახულია 2015 წლის მარტის თვეში ჯთს-ჯეოსელის მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი ზარების წუთების რაოდენობა, რამაც შეადგინა 3,105.48 წუთი, ტარიფით - 0.35 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 108.69 ლარი) და ასევე, ჯთს - ჯეოსელის მიმართულებით განხორციელებული ზარების წუთობრივი რაოდენობა - 678,671.08 წუთი, ტარიფით - 0.36 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 241,878.37 ლარი). ურთიერთშედარების აქტში სალდოს (სხვაობა) სახით წარმოდგენილია 241,568.11 ლარი.

 

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორმა დავით ჯიქიამ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში მითითებული არის ურთიერთჩართვის ტარიფები, ხელშეკურლების შეწყვეტის პირობები, ასევე ანგარიშსწორების პირობები და ვადები. დავით ჯიქიმ აღნიშნა, რომ  მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, მხარეები ცვლიან უწყისებს საანგარიშო თვის დამთავრებიდან 7 დღის ვადაში. უწყისის მონაცემები უნდა შეთანხმდეს ორმხრივად. ანგარიშსწორება მხარეებს შორის წარმოებს უწყისის შეთანხმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე, რომელიმე მხარის მიერ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: თუ რომელიმე მხარე არღვევს ხელშეკურლების პირობებს და ამგვარი დარღვევა არ აღმოიფხვრება შეტყობინებიდან 2 კვირის განმავლობაში; თუ რომელიმე მხარეს ჩამოერთმევა საქართველოში სატელეკომუნიკაციო სისტემის სფეროში საქმიანობის ლიცენზია; თუ რომელიმე მხარე გამოცხადდება გაკოტრებულად ან მის მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება. 2004 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის  სხვა შემთხვევებს არ ითვალისწინებს. დავით ჯიქიამ, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ მიერ შპს „ჯეოსელის“ მიმართ არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თებერვლის თვის დავალიანება უნდა იქნას გადახდილი 2004 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ შპს „ჯეოსელის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა ნაწილობრივ მოახდინა 2015 წლის 4 მარტს, ხოლო 20 მარტს გადაიხადა 30 000 ლარი, რის შედეგადაც სრულად ამოიწურა შედარების აქტის შესაბამისად არსებული თებერვლის თვის დავალიანება. დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ 20 მარტს ურთიერთჩართვის შეწყვეტა შპს „ჯეოსელის“ მხრიდან მოხდა თვითნებურად, მას შემდეგ რაც შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს“-იმ ანგარიშსწორება მოახდინა. კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ კომპანიებს შორის ურთიერთობა ხდებოდა ზეპირი ფორმით. რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ მიმართა თხოვნით შპს „ჯეოსელს“ სერვისის ჩართვისთვის და წარუდგინეს ანგარიშფაქტურები, რომ მათ ყველანაირი დავალიანება გადახდილი ჰქონდათ. დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ  ორშაბათს მოხდა ურთიერთჩართვის აღდგენა და მეორე დღეს ისევ შეწყდა  ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ 1 მარტიდან 20 მარტამდე პერიოდში, ვინაიდან ურთიერთჩართვა არსებობდა, ამ პერიოდში რა თქმა უნდა მოხდა ურთიერთჩართვისათვის გადასახადი თანხის დარიცხვა, ასევე დაერიცხა შპს „ჯეოსელსაც“, თუმცა ამ დარიცხული თანხის გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა, მარტის საანგარიშო თვის დასრულების შემდგომ ჯერ უნდა მოხდეს ურთიერთშედარება, ურთიერთშედარების აქტის ხელმოწერა, ხოლო შემდგომ გადახდა.

 

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

 

1. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 2015 წლის 24 მარტის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/1407-15 ; 24.03.2015);

2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 30 მარტის სამსახურებრივი ბარათი (30.03.2015; N10/1534-15);

3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 31 მარტის სამსახურებრივი ბარათი, თანდართული დოკუმენტაციით - 3 ფურც. (31.03.2015; Nშ10/1578-15);

4.    შპს „ჯეოსელის“  ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

5. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

6.   კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

7.  კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორის დავით ჯიქიას მიერ მიცემული განმარტება;

8. კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ( 1. შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტა - 8 ფურც.; 2. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დავალიანება საპის მიხედვით - 2 ფურც.; 3. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელის“ კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 31 ოქტომბრით და ამავე რიცხვით დათარიღებული  ქვითრები - 2 ფურცელი, ასევე 2015 წლის 04 მარტს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ თანხის გადარიცხვის (10 000,00 ლარი) დამადასტურებელი ქვითარი ; 4. CD_R დისკი -1 ცალი);

9. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის Nშ-10/2327-15 სამსახურებრივი ბარათი;

10. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 24 აპრილის Nშ-10/2328-15 სამსახურებრივი ბარათი;

11. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის  2015 წლის 27 აპრილის Nშ-6/2387-15 წერილი დანართით (შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლი) - 8 ფურც;

12. კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (1. 2015 წლის 28 აპრილს შპს „ჯი ეს დი ჯგუფის“ (საკურიერო მომსახურების კომპანია) მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნილი წერილი თანდართული მასალით (გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დაკუმენტების ასლი) - 3 ფურც.; 2. ურთიერთშედარების აქტი (ჯეოსელიდან გამავალი/შემომავალი ადგილობრივი ზარები - მარტი, 2015) – 1 ფურც.);

13.  კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

14.  კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის დირექტორის დავით ჯიქიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

კომისია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

1.  შპს „ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 12/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება), რომელიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება);

3.  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 2015 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1407-15) საჩივრიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 21 მარტს  შპს „ჯეოსელმა“ შეაჩერა მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვა, იმის გამო, რომ კომპანიის მხრიდან არის საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დავალიანება;

4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 31 მარტის Nშ10/1578-15 სამსახურებრივ ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 20 მარტის 23:26 საათიდან არ განხორციელებულა სატელეფონო ზარები შპს „ჯეოსელის“ მიმართულებით, ხოლო, ურთიერთჩართვა  ნაწილობრივ აღდგა 2015 წლის 23 მარტს 11:25 საათიდან 12:32 საათამდე. ასევე, ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის დანართიდან,  რომელშიც ასახულია მარტის თვეში ყოველდღიურად შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარები  შპს „ჯეოსელის“ მიმართულებით,  ირკვევა რომ 2015 წლის პირველი მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ ხორციელდებოდა გარკვეული რაოდენობის ზარები, ხოლო, 21 და 22 მარტს გამავალი ტრაფიკი არ ფიქსირდება, 23 მარტს დაფიქსირებულია 976 გამავალი ზარი, ხოლო, 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით კვლავ არ ფიქსირდება ტრაფიკი. 28 მარტს ფიქსირდება 107 ზარი, ხოლო შემდგომ კვლავ არ ფიქსირდება ზარები. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 24 აპრილის  Nშ10/2328-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელმა“ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე წარმოადგინა CD_R დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია აპრილის  თვეში შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ -ის აბონენტების მიერ შპს „ჯეოსელის“  ქსელში დასრულებული ზარების შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის აბონენტების მიერ წამოწყებული სატელეფონო ზარები შპს „ჯეოსელის“ ქსელში სრულდება შპს „ახალი ქსელების“ და შპს „მაიფონის“ ქსელების გავლით, ტრანზიტულად; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელი აღნიშნული ურთიერთჩართვის გათიშვის შედეგად არ ზარალდება, ვინაიდან  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ აბონენტების მიერ განხორციელებული ზარები ტრანზიტულად შპს „ჯეოსელში“ სრულდება;

5. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის  2015 წლის 27 აპრილის Nშ-6/2387-15 წერილით წარმოდგენილი 2004 წლის 29 დეკემბერს შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2004 წლის 29 დეკემბერს და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი თანხმობით, ხოლო 6.2 პუნქტის შესაბამისად, თუ მხარეები ზემოთხსენებული ვადის გასვლამდე 14 (თოთხმეტი) დღით ადრე არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე ვადით და იგივე პირობებით. 2004 წლის 29 დეკემბერს შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეები გაცვლიან უწყისებს საანგარიშო თვის დამთავრებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში. უწყისის მონაცემები ორმხრივად უნდა შეთანხმდეს. ანგარიშსწორება მხარეთა შორის წარმოებს უწყისის შეთანხმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში;

6. შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადაა 2014 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 01 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის 01 ნოემბრამდე რომელიმე ავტორიზებული პირი არ განახორციელებს/არ დააკმაყოფილებს წინამდებარე ოფერტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, უპირობოდ არ დაეთანხმება ( არ გააკეთებს აქცეპტს) მათ შესრულებას და არ გადაიხდის /წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებს, „ჯეოსელი“ უფლებას იტოვებს 2014 წლის 01 ნოემბრიდან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს/შეაჩეროს ასეთ ავტორიზებულ პირებთან არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები/ურთიერთობა; ამავე ოფერტის 5.3.1 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვის მსურველი ავტორიზებული პირი ვალდებულია წინასწარ, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ან/და გაფორმების შემდგომ წერილობითი ფორმით წარუდგინოს (თვის დასაწყისამდე) „ჯეოსელს“ ყოველთვიური სავარაუდო პროგნოზი (შემდგომში -პროგნოზი), მის მიერ „ჯეოსელის“ ქსელში ან/და მისი ქსელის მეშვეობით დასასრულებელი/დასატერმინირებელი წუთების ოდენობის შესახებ, ხოლო მოწვევის ოფერტის 5.3.4 პუნქტის შესაბამისად, ის ავტორიზებული პირი, რომელსაც, მათ შორის, სურს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაცია „პროგნოზის“ მიხედვით გადასახდელ თანხასთან ერთად დამატებით იხდის ფიქსირებულ 4 000 (ოთხიათასი) ლარს, თითეულ E1-ზე, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას,       ხოლო ამავე ოფერტის 15.1.1 პუნქტის შესაბამისად ირკვევა, რომ ხელშეკრულება მოქმედებს ავტორიზებული პირის მიერ ავანსის ან/და ავანსის 5.3.4 პუნქტით განსაზღვრული/გადახდილი თანხის ამოწურვამდე. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, აღნიშნული მოიაზრებს იმ შემთხვევას, როდესაც ავტორიზებული პირის მიერ ავანსი ან/და ავანსი და 5.3.4 პუნქტის  საფუძველზე გადახდილი თანხა მთლიანად იქნება გახარჯული „ჯეოსელის“ მიერ გაწეულ მომსახურებაში. ოფერტის 15.1.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებს იმ ვადამდე, სანამ ავტორიზებული პირის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ოდენობა არ გაუტოლდება  „ჯეოსელის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას და გაწეული მომსახურების ღირებულება არ არის გადახდილი ავტორიზებული პირის მიერ, ხოლო ოფერტის 15.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით.

7. კომისიის 2015 წლის 23 აპრილის სხდომაზე, შპს „ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან - შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელის“ კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის გაგზავნილი წერილიდან, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 31 ოქტომბრით, ირკვევა, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ გამოთქვამს მზადყოფნას გააფორმოს სავალდებულო ცვლილებები, რომელიც შემდგომ აისახება კომპანიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისათვის კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ფარგლებში არსებული ერთი არხი (E1), რომლის სავარაუდო ტრაფიკის მოცულობამ შეიძლება შეადგინოს 100000 (ასი ათასი) წუთი კალენდარული თვის პერიოდში, ასევე დაფარული იქნება მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული საავანსო თანხა და შპს „ჯეოსელის“ წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებები. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელის“ კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის გაგზავნილ წერილს დანართის სახით ერთვის გადარიცხვის საგადასახადო დავალების ქვითრები: 1. 2014 წლის 31 ოქტომბერს  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გადარიცხული 28 070,40  ლარი; 2. 2014 წლის 31 ოქტომბერს  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გადარიცხული 4 000,00 ლარი;

8. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ კომისიის 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტის (შპს „ჯეოსელიდან“ გამავალი/შემომავალი ადგილობრივი ზარები - მარტი, 2015) შესაბამისად, ირკვევა, რომ ჯეოსელი-ჯტს მიმართულებით მარტის თვეში განხორციელებული ადგილობრივი ზარების წუთების რაოდენობამ შეადგინა 10,419.08 წუთი ტარიფით - 0.04 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 416.76 ლარი), ხოლო, ჯეოსელი - ჯტს საერთაშორისო ზარების წუთების რაოდენობამ - 8.20 წუთი ტარიფით - 0.27 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 2.19 ლარი). ურთიერთშედარების აქტში ასევე ასახულია 2015 წლის მარტის თვეში ჯტს-ჯეოსელის მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი ზარების წუთების რაოდენობა, რამაც შეადგინა 3,105.48 წუთი, ტარიფით - 0.35 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 108.69 ლარი) და ასევე, ჯტს - ჯეოსელის მიმართულებით განხორციელებული ზარების წუთობრივი რაოდენობა - 678,671.08 წუთი ტარიფით - 0.36 ლარი (დაანგარიშებული თანხა - 241,878.37 ლარი). ურთიერთშედარების აქტში სალდოს (სხვაობა) სახით წარმოდგენილია 241,568.11 ლარი ( შპს „ჯეოსელის“ მიერ შპს „ქართული სატელეფონო კომოანია ჯტს“-სთვის გადასახდელი თანხის  ოდენობაა ჯამში - 418. 95 ლარი, ხოლო შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გადასახდელი თანხის ოდენობაა ჯამში - 241,987.06 ლარი, ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე შპს „ქართული სატელეფონო კომოანია ჯტს“-ს დავალიანებამ დაანგარიშების შედეგად (241 987. 06 - 418.14 = 241,568.11) მარტის თვის მონაცემების შესბამისად, შეადგინა 241,568,11 ლარი), მაშინ როცა შპს „ქართული სატელეფონო კომაონაი ჯტს“-ი შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის მოწვევის ოფერტის 5.3.1 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია წინასწარ, წერილობითი ფორმით წარუდგინოს (თვის დასაწყისამდე) „ჯეოსელს“ ყოველთვიური სავარაუდო პროგნოზი, მის მიერ „ჯეოსელის“ ქსელში ან/და მისი ქსელის მეშვეობით დასასრულებელი/დასატერმინირებელი წუთების ოდენობის შესახებ, და ასევე, მოწვევის ოფერტის 5.3.4 პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის „პროგნოზის“ მიხედვით გადასახდელ საავანსო თანხასთან ერთად დამატებით გადაიხადოს ფიქსირებული 4 000 (ოთხიათასი) ლარი, თითეულ E1-ზე, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებასაც.

9. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ თებერვლის თვის დავალიანება სრულად გადაიხადა მარტის თვეში, მარტის თვის დავალიანება შეადგენდა 241,568,11 ლარს, თუმცა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შპს „ჯეოსელისთვის“ არ ჰქონდა ჩარიცხული მარტის თვის საავანსო თანხა „ჯეოსელის“ ქსელში ან/და მისი ქსელის მეშვეობით დასასრულებელი/დასატერმინირებელი წუთების საპროგნოზო ოდენობის შესაბამისად და ასევე საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის ფიქსირებული 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, ერთ E1-ზე), როგორც ეს კომპანიის 2014 წლის მოწვევის ოფერტითაა განსაზღვრული (იხ. შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის 5.3.1 და 5.3.4 პუნქტები), რაც შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის  მე-15 პუნქტის შესაბამისად, ამ უკანასკნელს შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-სთან სახელშეკრულებო ურთიერთობის  შეწყვეტის შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამართლებრივი საფუძვლები:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ  მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

5. კომისიის 2014 წლის 9 სექტემბრის N508/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯეოსელს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს მიეცა გაფრთხილება, კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4. პუნქტით დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დარღვევით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების  გამო;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება (საქმე №ბს-177-170 (კ-13), სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში მითითებული ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი);

კომისია აღნიშნავს, რომ: ა) შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის მე-17 პუნქტში განსაზღვრულია კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მოწვევის ოფერტის მოქმედების 2 წლიანი ვადა, 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდი. აქვე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ 2014 წლის 1 ნოემბრამდე, რომელიმე ავტორიზებული პირი არ განახორციელებს და არ დააკმაყოფილებს წინამდებარე ოფერტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის უპირობოდ არ დაეთანხმება (არ გააკეთებს აქცეპტს) მათ შესრულებას და არ გადაიხდის, არ წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებს, შპს „ჯეოსელი“ უფლებას იტოვებს 2014 წლის 1 ნოემბრიდან დაუყონებლივ შეწყვიტოს/შეაჩეროს ასეთ ავტორიზებულ პირებთან არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, ურთიერთობები; ბ) ამ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების შემდეგ, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ი  2014 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული წერილით შპს „ჯეოსელს“ აცნობებს, რომ შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურბეისთვის შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ გამოყენებულ იქნება კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ფარგლებში არსებული E1 არხი, რომლის სავარაუდო ტრაფიკის მოცულობამ შეიძლება შეადგინოს 100 000 წუთი კალენდარული თვის პერიოდში, ასევე დაფარული იქნება მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული საავანსო თანხა და შპს „ჯეოსელის“  წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება. ამავე წერილის დანართის სახით წარმოდგენილია გადარიცხვის საგადასახადო დავალების 2 ფურცელი; გ) კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ 2014 წლის 31 ოქტომბრის წერილით და  გადახდებით შეასრულა შპს „ჯეოსელის“ ახალი მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული პირობები, ამით ფაქტიურად გააკეთა აქცეპტი, შესაბამისად, მხარეები ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით ურთიერთობას ამ მომენტიდან მხარეები განაგრძობდნენ შპს „ჯეოსელის“ ახალი მოწვევის ოფერტის პირობების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მათ შორის არ გაფორმებულა ახალი ხელშეკრულება, როგორც ეს გათვალისწინებულია  შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტში; დ) კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ ოფერტის პირობების შესაბამისად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულება მოქმედებს განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგომამდე. ეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი გახლავთ შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის  პირობების შესაბამისად, ავანსის გაქვითვა. ამიტომ, კომისია აღნიშნავს, რომ როდესაც შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ ჩარიცხული საავანსო თანხა ამოიწურა (იხ. შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის 15.1.1 პუნქტი), შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის მოწვევის ოფერტის შესაბამისად, ავტომატურად ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც; ე) კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ჯეოსელმა“ ურთიერთჩართვა არ შეაჩერა ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე, კომპანიამ განაგრძო ფაქტობრივი ურთიერთჩართვა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-სთან, ხოლო, ვინაიდან შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს საავანსო თანხა შპს „ჯეოსელისათვის“ არ ჩაურიცხავს, შპს „ჯეოსელს“ მიეცა უფლება და შესაძლებლობა შეეჩერებინა მოქმედი ურთიერთჩართვა, სახელშეკრულებო პირობების უზრუნველსაყოფად; ვ) კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ფაქტობრივი ურთიერთჩართვა და შპს „ჯეოსელმა“ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევით, შეაჩერა მოქმედი ურთიერთჩართვა, რითაც დაარღვია კანონისმიერი ვალდებულება კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაცია ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შპს „ჯეოსელის“ მოწვევს ოფერტის 15.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელს“, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო იგი უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების  უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა, არ მიუმართავს  კომისიისათვის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებისათვის თანხმობის მისაღებად, რის გამოც სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კანონისმიერი ვალდებულების დარღვევა, რაც თავის მხრივ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14  პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    მიეცეს გაფთხილება შპს „ჯეოსელს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

2.   შპს „ჯეოსელს“ და შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს დაევალოთ შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის მოწვევის ოფერტის შესაბამისად უზრუნველყონ ურთიერთჩართვის აღდგენა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;

3.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-სთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჯეოსელისთვის“ დაკისრებული ადმინისტრაცული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატამენტს (ი.ხარებავა);

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები