ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2015 11:08
მიღების თარიღი აპრილი 30, 2015
ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას (შემდგომში “კომისია”) ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით (20.04.2015 Nშ-6/2080-15), სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2015 წლის 11 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 16.03.2015 Nშ-6/1005-15) მიმართა კომისიას შემდეგი საჯარი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით:
1. 2014 წელს კომისიის წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული პრემიების ოდენობა თვეების მიხედვით;
2. 2014 წელს კომისიის წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;
3. 2014 წელს თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობა თვეების მიხედვით;
4. 2014 წელს თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;
5. 2014 წელს კომისიის თავმჯდომარეზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები;
6. 2014 წელს გაწეული წარმომადენლობითი ხარჯები (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
7. 2014 წელს კომისიის წევრების (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) მიერ ე.წ. „როუმინგულ მომსახურებაზე“ გაწეული ხარჯები;
8. 2014 წელს კომისიის წევრების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯები (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით) მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და თანხის მითითებით;
9. 2014 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდვის სახეობის, მოცულობის, ობიექტისა და თანხის მითითებით;
10. 2015 წელს კომისიის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები;
11. 2014 წელს შესყიდული ავტომობილების ჩამონათვალი (ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის და შესყიდვის ფასის მითითებით);
12. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სია, რომელიც 2014 წელს სახელმწიფო შესყიდვის მოქმედი კანონმდებლობის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდა (თითოეულის მიმართ ახალი ღირებულებისა და ჩასანაცვლებელი ქონების შეფასებული ღირებულების მითითებით);
13. 2014 წელს განხორციელებული აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო ან არასახელმწიფო) აქტები;
14. დღეის მდგომარეობით შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა (ცალ-ცალკე) რაოდენობა გენდერულ ჭრილში (მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა);
15. დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელ პოზიციებზე (განყოფილების უფროსი და ზემოთ) დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში (მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა);
16. 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა გათავისუფლების მიზეზების მიხედვით;
ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისიას ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ არ მოუწოდებია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შესაბამისად, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ითხოვს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას და კომისიისგან 2015 წლის 11 მარტის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 30 აპრილს, აღნიშნულის თაობაზე ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ ეცნობა შეტყობინებით (27.04.2015 N03/594-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ი) პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას და შესაბამისად, კომისიას არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან თანამდებობის პირი, კომისია არ წარმოადგენს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაცილ ორგანოს, გათვალისწინებულს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, შესაბამისად, კომისია ვერ განიხილავდა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივარს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ იქნა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ განცხადება (Nშ-6/2471-15), სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე უარს აცხადებს კომისიაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, ვინაიდან კომისიისგან 2015 წლის 11 მარტის წერილით მოთოვნილი ინფორმაცია ჩაბარდათ 2015 წლის 22 აპრილს, კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N07/560-15 წერილით.
კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის შესახებ, უნდა შეწყდეს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის გამო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე (20.04.2015 Nშ-6/2080-15), განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრები კ.ბექაური
გ.ფრუიძე
მ.ქათამაძე
