”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2015 13:11
მიღების თარიღი აპრილი 30, 2015
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №571/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა:
1. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“):
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
2. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:
ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
3. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გარდა სხვა ავტორიზებული პირების მიერ სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა შემდეგი ტარიფები:
ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
გადაწყვეტილება ამოქმედდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
კომისიის 2015 წლის 30 მარტის №163/23 გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილია დროებითი რეგულაცია და იმავდროულად საქართველოს საგადასახადო კოდექსით აღნიშნულ მომსახურებაზე დადგენილია აქციზის გადასახადი, რომელიც ძალაშია არა ნაკლებ მიმდინარე წლის ბოლომდე, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული რეგულაციის მოქმედების ვადა გაგრძელდეს აქციზის გადასახადის მოქმედების ვადამდე, შესაბამისად წლის ბოლომდე; ამასთან აღნიშნულ პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდება ამ რეგულაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც წლის ბოლოსათვის სათანადო დასკვნის გაკეთების საშუალების მომცემი იქნება შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
