წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 243 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2015 16:21

მიღების თარიღი მაისი 01, 2015

შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (23.04.2015 Nშ-6/2294-15) მიმართა შპს „გაზეთი ბათუმელებმა“ შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ (შემდგომში „ერთსულოვნება“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთსულოვნების ეთერში, 2014 წლის 19 დეკემბერს, გავიდა გადაცემა „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“, ავტორები: ია ბედოიძე და დავით ფიფია. გადაცემა შეეხებოდა „გაზეთ ბათუმელების“ მიერ 2014 წლის 8-14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარ უთანხმოების თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში გავიდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ და იგი რამოდენიმეჯერ განმეორდა. შპს „გაზეთი ბათუმელები“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაცემა საპასუხო მასალას წარმოადგენს მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუმცა, როგორც საჩივრის ავტორს მიაჩნია, გადაცემაში არ იყო დაცული ჯეროვანი სიზუსტე, უარყოფითად იყო წარმოჩენილი გაზეთის საქმიანობა და დარღვეული იყო „მაუწყებეთლა ქცევის კოდექსის“ მნიშვნელოვანი პრინციპები.

საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „გაზეთი ბათუმელებმა“, როგორც დაინტერესებულმა პირმა, 2014 წლის 29 დეკემბერს საჩივრით მიმართა ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ საჩივრის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის მოთხოვნით. თუმცა, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ერთსულოვნების მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარი, რითიც, როგორც განმცხადებელს მიაჩნია, ერთსულოვნების მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

ა) კომისიამ განიხილოს შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარი;

ბ) კომისიამ დაადასტუროს ერთსულოვნების მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტი;

გ) კომისიამ მოახდინოს სათანადო რეაგირება გამოვლენილ დარღვევაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ ერთსულოვნების წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 1 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნათია კაპანაძე. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ერთსულოვნების წერილი (01.05.2015 Nშ-6/2572-15), სადაც აღნიშნულია, რომ ერთსულოვნების წარმომადგენელი, ადმინისტრაციის უფროსი (იურისტი) ბატონი რომან ხორავა, რომელსაც უნდა დაეცვა ტელერადიოკომპანიის ინტერესები კომისიის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (26.04.2015 N1/34) 2015 წლის 1 მაისიდან დაინიშნა სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. შესაბამისად, ერთულოვნება ითხოვს კომისიაში საკითხის განხილვის გადადებას სხვა დროისთვის.

კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა ერთსულოვნების შუამდგომლობა და კომისიამ მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სხდომაზე კომისია იხილავს შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს და ეს არ არის არსებითი სხდომა, სადაც საკითხის არსებითი განხილვა ხდება, ერთსულოვნების წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს წარმოებაში მიღების საკითხის განხილვას. რაც შეეხება ერთსულოვნების მონაწილეობას საკითხის განხილვაში, იმ შემთხვევაში, თუ კომისია წარმოებაში მიიღებს საჩივარს და დანიშნავს არსებით განხილვას, აღნიშნულის თაობაზე ეცნობება ერთსულოვნებას, და მაუწყებელს მიეცემა შესაძლებლობა არსებით განხილვაზე ჩამოაყალიბოს პოზიცია საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის წარმოებაში მიღების თაობაზეც.

კომისია აღნიშნავს, რომ

1. შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია“ ერთსულოვნება კომისიის 2012 წლის 29 ივნისის N453/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს კერძო მაუწყებლობის NB126 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე.

კერძო მაუწყებლობის NB126 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესაბამისად (კომისიის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტი), ერთსულოვნება ვალდებულია უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

 

ერთსულოვნებას კომისიაში ასევე გავლილი აქვს ავტორიზაცია სპეციალიზებულ (შემეცნებით) ტელემაუწყებლობაზე;

 

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. შესაბამისად, ერთსულოვნება, როგორც მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

კომისიაში წარმოდგენილი ერთსულოვნების 2013 წლის 14 ივნისის N6/3131-13 წერილიდან ირკვევა, რომ მაუწყებელს შექმნილი აქვს თვითრეგულირების მექანიზმი, მათ შორის სააპელაციო ორგანოც.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირელი მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

შენიშვნა: ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად  მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,, გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. (10.10.2009 N 1/3/421,422 საკონსტიტუციო სასამ. გადაწყვეტილებით)

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს, ხოლო ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი  ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად,

„1. მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. 2.დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

3.შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი;

გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას ან საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით აკრძალულ მოწოდებას;

ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.

4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.“

10. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-6 მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან  უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პროგრამის დასახელებას, ეთერში გაშვების თარიღს და დროს, კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც დაირღვა მაუწყებლის მიერ, დარღვევის სახეს და შინაარსს.

11. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-9 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ  ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

12. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის”მე-10 მუხლის შესაბამისად,

„1. საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.

2. სააპელაციო ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას აპელაციის არსებით განხილვაზე და ძალაში დატოვოს მაუწყებლის გადაწყვეტილება საჩივარზე, თუ დავა აშკარად უსაფუძვლოა, ხოლო მაუწყებლის გადაწყვეტილება დასაბუთებული

3. სააპელაციო  ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები,  არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული გასაჩივრებული  გადაწყვეტილების მიღებაში.

4. სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს  დამოუკიდებელი  მიუკერძოებელი და  კომპეტენტური  პირებით.

5. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მოითხოვონ, სააპელაციო ორგანოს წევრის აცილება ინტერესთა კონფლიქტის არსებობის საფუძველზე. გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოს წევრის აცილების შესახებ მიიღება სააპელაციო ორგანოს მიერ ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში  გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. სააპელაციო ორგანო  ვალდებულია უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო  ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება  ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.“

7. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-11 მუხლის შესაბამისად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.“

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:

            შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში ასაჩივრებს ერთსულოვნების მიერ, მაუწყებელში თვითრეგულირების ფარგლებში შესული საჩივრის რეაგირების გარეშე დატოვებას, ანუ იმ ფაქტს, რომ მაუწყებელმა არ განიხილა შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ თვითრეგულირების ფარგლებში წარდგენილი საჩივარი.

            იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით და დავის საგანს წარმოადგენს ერთსულოვნების მიერ თვითრეგულირების ფარგლებში წარდგენილი საჩივრის რეაგირების გარეშე დატოვება, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ კომისიაში საჩივრის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარის განხილვის მიზნით.

            „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ერთსულოვნების წინააღმდეგ შპს „გაზეტი ბათუმელების“ (23.04.2015 Nშ-6/2294-15) საჩივრის განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 21 მაისს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                     კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                     გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები