შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2015 16:17
მიღების თარიღი მაისი 01, 2015
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“, სადაც სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია საჩივარი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიმართ დეკლარაციის მიღებასა და ეთერში გამოქვეყნების დავალდებულების თაობაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთერში გადაიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის სრული ვიდეო ჩანაწერი, სადაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორის ქალბატონი თამარ ღვინიანიძის ნებისმიერ გამოსვლას წითელი ასოებით ახლდა წარწერა „ცრუ ინფორმაცია“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ქმედებით ზიანი მიადგა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ ჟურნალისტმა ალეკო გვეტაძემ გააკეთა შეურაცხმყოფელი დასკვნა, რომ „რიონი განვითარების იმავე დონეზე დარჩა, როგორც იყო წლების წინ“. როგორც შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ მიიჩნევს, ამით კიდევ ერთხელ ზიანი მიადგა ტელერადიოკომპანიის იმიჯს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 19 თებერვლის წერილით (N15-15-2015) ტელერადიოკომპანია რიონის დირექტორმა მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორს, როგორც ხონის ასევე ქუთაისის მისამართზე და მოითხოვა თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 20 თებერვალს. შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-სგან პასუხი მიიღო 2015 წლის 14 მარტს, საიდანაც ირკვევა, რომ 10 მარტს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭომ განიხილა ტელერადიოკომპანია რიონის საჩივარი და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს არ უცნობებია შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ საჩივრის განხილვის თარიღი და არ გადაუგზავნია ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 16 მარტს N25-15 წერილით შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორს, მოითხოვა თვითრეგულირების საბჭოს სხდომის ოქმი და საკითხის განხილვა სააპელაციო კომისიაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული პასუხი შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ არ მიუღია.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
კომისიამ განიხილოს საკითხი, დაუდასტუროს შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დარღვევის ფაქტი და მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ, რომელსაც შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ გადასცემს საკუთარ ეთერში 5 დღის ვადაში;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 1 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები ნანა თოშხუა და ალეკო გვეტაძე და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე.
კომისიის სხდომაზე თამარ ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 24 აპრილს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ თანამშრომელმა, ლუდმილა ჩაკვეტაძემ ჩაიბარა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება N001, რომელიც, როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, გაგზავნილ იქნა 21 აპრილს და რომლითაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 16 აპრილს დაინიშნა სააპელაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო კომისიის სხდომა ჩატარდებოდა 2015 წლის 25 აპრილს. თამარ ღვინიანიძის განცხადებით იმის გამო, რომ 25 აპრილს ვერ შეძლებდა სააპელაციო კომისიის სხდომაზე დასწრებას ქ.ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გამო, რომელთან შეხვედრაზეც იგი იყო მიწვეული, იგი დაუკავშირდა ქალბატონ ნანა თოშხუას და უთხრა, რომ ვერ შეძლებოდა სააპელაციო კომისიის სხდომაზე დასწრებას. ქალბატონმა თამარმა აღნიშნა რომ სააპელაციო კომისიის სხდომის ჩატარება-არჩატარების შესახებ მას ინფორმაცია დღემდე არ მიუღია და არც სხდომის ოქმი ჩაბარებია. თამარ ღვინიანიძემ დამატებით აღნიშნა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის წევრი არის ქრისტინე ქარჩხაძე, რომელიც ამავდროულად არის შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს თანამშრომელი და თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ეთიკის საბჭოს წევრი, რასაც ადასტურებს როგორც ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება N001, ასევე სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება N001, რომლებსაც ხელს აწერს ქრისტინე ქარჩხაძე; შესაბამისად, თამარ ღვინიანიძის განცხადებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ ასევე დარღვეულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.
კომისიის სხდომაზე ქალბატონმა ნანა თოშხუამ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარს. მან აღნიშნა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭომ დადგენილ ვადაში განიხილა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარი და უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა იგი. შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა ტვ“-მ ასევე წარმოებაში მიიღო შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სააპელაციო საჩივარი. როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ჯიქიამ მოუცლელობის გამო უარი განაცხადა როგორც სააპელაციო კომისიის თავმჯდომარეობაზე, ასევე წევრობაზეც. შესაბამისად, დამტკიცდა სააპელაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე, ჩატარდა სააპელაციო კომისიის სხდომა და დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ საჩივრის განხილვის ადგილი და თარიღი, თუმცა 2015 წლის 25 აპრილის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანი რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე არ გამოცხადებულა; შესაბამისად, ნანა თოშხუას განცხადებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ სრულად იქნა დაცული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნანა თოშხუამ აღნიშნა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე ქალბატონ ნანა თოშხუას სადაოდ არ გაუხდია კომისიის კომპეტენცია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს კერძო მაუწყებლობის NB74 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და ტექნიკური პარამეტრები:
ა) ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში;
ბ) გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები მეტრული დიაპაზონის მე-2 სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:
ბ.ა) ქ.წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია) – 42 დბ (მკვ/მტ);
ბ.ბ) ს.ქვიტირი – 39 დბ (მკვ/მტ);
ბ.გ) ქ.სამტრედია (ცენტრი) – 32დბ (მკვ/მტ);
ბ.დ) ქ.ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური) – 35 დბ (მკვ/მტ);
ბ.ე) ქ.ჩოხატაური (გამგეობის შენობა) – 17 დბ (მკვ/მტ);
ბ.ვ) ქ.ოზურგეთი (სატელევიზიო ანძა) – 35 დბ (მკვ/მტ);
გ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“, როგორც მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. კომისიაში წარმოდგენილი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს 2010 წლის 29 აპრილის N6/1460-10 და 2010 წლის 27 ივლისის N6/2486-10 წერილებიდან და თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაუწყებელს შექმნილი აქვს თვითრეგულირების მექანიზმი, მათ შორის სააპელაციო ორგანოც, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილ „ტელეკომპანია მეგა ტვ-ს დებულების მე-13 მუხლში აღნიშნულია, რომ
„ა) საჩივრის ეფექტიანად განხილვის მიზნით ტელეკომპანია მეგა ტვ-ში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია და სააპელაციო ორგანო;
ბ) ტელეკომპანია მეგა ტვ-მ გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) საჩივრები განიხილება დროულად, 21 დღის ვადაში, თუ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია უფრო მეტი დრო, ამის შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია ეცნობება ყველა დაინტერესებულ პირს.“
მე-14 მუხლში აღნიშნულია, რომ:
„ა) საჩივრის თაობაზე კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში ტელეკომპანია მეგა ტვ-ს მიერ შექმნილ სააპელაციო ორგანოში;
ბ) სააპელაციო ორგანო საჩივარს განიხილავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად.“
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
შენიშვნა: ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. (10.10.2009 N 1/3/421,422 საკონსტიტუციო სასამ. გადაწყვეტილებით)
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს, ხოლო ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.
9. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-9 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.
10. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-10 მუხლის შესაბამისად,
„1. საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.
2. სააპელაციო ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას აპელაციის არსებით განხილვაზე და ძალაში დატოვოს მაუწყებლის გადაწყვეტილება საჩივარზე, თუ დავა აშკარად უსაფუძვლოა, ხოლო მაუწყებლის გადაწყვეტილება დასაბუთებული.
3. სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები, არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.
4. სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.
5. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მოითხოვონ, სააპელაციო ორგანოს წევრის აცილება ინტერესთა კონფლიქტის არსებობის საფუძველზე. გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოს წევრის აცილების შესახებ მიიღება სააპელაციო ორგანოს მიერ ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.“
7. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-11 მუხლის შესაბამისად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.“
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:
შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრით ასაჩივრებს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ, თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს. იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით და დავის საგანს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მაუწყებელზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წინააღმდეგ, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 14 მაისს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
