წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: 250 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2015 11:32

მიღების თარიღი მაისი 07, 2015

შპსმაგთიკომისმიერმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის 401 მუხლის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ააიპსამოქალაქო განათლების ფონდისსაჩივრის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (08.04.2015 Nშ-6/1818-15) მიმართა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის  განხორციელებაზე უარის თქმის გამო შპს „მაგთიკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „მაგთიკომს“ მიმართა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე.  როგორ განცხადებაშია აღნიშნული, შპს „მაგთიკომმა“ 06.04.2015 წერილით უარი განაცხადა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულების წარმოსაშობად ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ სიგნალის თანამგზავრამდე მიწოდებას.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

ა) უკანონოდ იქნას ცნობილი შპს „მაგთიკომის“ უარი სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებაზე და შპს „მაგთიკომს“ დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია;

ბ) დაევალოს შპს „მაგთიკომს“ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელება;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ სსიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 21 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N201/23 „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“  რომლის შესაბამისადაც, საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 30 აპრილს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წარმომადგენელი შოთა თუთბერიძე.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე დავა ძირითადად უკავშირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის ჩანაწერს, სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. როგორც შოთა თუთბერიძემ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ ახდენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების დიფერენციაციას საქმიანობისთვის გამოყენებული სატრანზიტო ქსელის ტექნიკური საშუალებების მიხედვით, მაუწყებლისთვის დადგენილია ორი სავალდებულო პირობა: ტექნიკურ საშუალებების მიტანა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის და სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ უზრუნველყოს კანონის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მან უნდა განახორციელოს სამაუწყებლო სიგნალის უშუალოდ თანამგზავრამდე ატვირთვა. შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომი“ ვერ უზრუნველყოფს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ ნებისმიერ თანამგზავრამდე ატვირთული სამაუწყებლო სიგნალის მიღებას; ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ თანამგზავრზე ატვირთული სიგნალის მიღება უნდა მოხდეს შპს „მაგთიკომის“ მიწისზედა სადგურზე და შემდეგ კვლავ უნდა განხორციელდეს სიგნალის ატვირთვა იმ თანამგზავრზე, რომლიდანაც შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს დასხივებას. როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, კანონით არ არის განსაზღვრული, რომ მაუწყებელმა სიგნალი უნდა მიიტანოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ გამოყენებულ ორბიტალური სადგურამდე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მთელი ეს პროცედურა არის ზედმეტი დამაბრკოლებელი გარემოება, იმ პირობებში, როდესაც ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ შეუძლია სიგნალი მიაწოდოს შპს „მაგთიკომს“, მის მიწისზედა სადგურზე, საიდანაც შემდგომში შპს „მაგთიკომი“ უზრუნველყოფს უკვე სიგნალის თანამგზავრამდე მიტანას და ამით შპს „მაგთიკომს“ არანაირი დამატებითი ვალდებულებები არ უჩნდება ვინაიდან კომპანია მაინც ახორციელებს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სიგნალის სატელიტამდე ატვირთვას, მიუხედავად იმისა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ გავა თანამგზავრზე თუ არა.

შოთა თუთბერიძემ აღნიშნა რომ თუ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ტერმინი „თანამგზავრამდე მიტანა“ კომისიის მიერ განიმარტება როგორც სიგნალის უშუალოდ თანამგზავრამდე  და არა მიწისზედა სადგურამდე მიტანა, მაშინ ეს ვალდებულება გავრცელდება ყველა მაუწყებელზე ყველა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ეს პირები ახორციელებენ თუ არა თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას.

შოთა თუთბერიძემ დამატებით აღნიშნა, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია არა იმდენად სამართლებრივი შედეგის დადგომა, რამდენადაც ის თუ როგორ განმარტავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვებს „თანამგზავრამდე მიტანა“ კომისია.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა (დ.ძიძიგური, ი.შარაბიძე) აღნიშნეს, რომ შპს „მაგთიკომს“ არ განუცხადებია უარი ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სამაუწყებლო სიგნალის შპს „მაგთიკომის“ თანამგზავრულ სატრანზიტო ქსელში განთავსებაზე. კომპანიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ მოსთხოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა.

რაც შეეხება ტერმინის „თანამგზავრამდე მიტანა“ განმარტებას, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ ხორციელდება კანონის არასწორი, მხოლოდ მისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ კანონი მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის ვალდებულებას აწესებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ისეთი პირებისთვის, რომლებიც მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებენ სწორედ თანამგზავრული ტექნოლოგიის გამოყენებით. როგორც შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს იმ შემთხვევაში, თუ სიგნალის თანამგზავრამდე ატანას არ უზრუნველყოფს მაუწყებელი, მაშინ გამოდის, რომ შპს „მაგთიკომმა“ როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე ატვირთვა, ვინც გამოთქვამს სურვილს, სავალდებულო ტრანზიტის ფარგლებში, ჩაჯდეს შპს „მაგთიკომის“ სატრანზიტო პაკეტში, ხოლო ეს კი, შპს „მათიკომისთვის“ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და კანონი არ შეიძლება აკისრებდეს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების განმარტებით, ე.წ. „must carry”-ს  და “must offer”-ის პრინციპის შემოღებისას, კანონმდებელი იცავს პარიტეტს მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის და აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თავის დროზე არ იყო მიღებული მხოლოდ მაუწყებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, ამ შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა ორივე მხარის ინტერესები.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს შპს „მაგთიკომმა“ დაასრულა მიწისზედა სადგურის მშენებლობა ქ.თბილისში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსურველი მაუწყებლების სამაუწყებლო სიგნალის ატვირთვა თანამგზავრზე. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების განმარტებით აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მაუწყებელს, რომელიც გადაიხდის შესაბამისი ტექნიკური მომსახურების საფასურს. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამგვარი სახის მომსახურებით სარგებლობდა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდიც“, რომელიც შპს „მაგთიკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უხდიდა შპს „მაგთიკომს“ ტექნიკური მომსახურების საფასურს (აღნიშნული ტექნიკური მომსახურება გულისხმობდა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრამდე მიტანას), ხოლო შპს „მაგთიკომი“ ახორციელებდა შესაბამის ტექნიკურ მომსახურებას.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 28 თებერვალს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული შეთანხმება (მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვისა და ვალის პატიების შესახებ), რომლის შესაბამისადაც ტექნიკური მომსაურების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეწყდა 2015 წლის 28 თებერვლიდან; შპს „მაგთიკომი“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ შეთანხმდნენ, რომ ძალაში დარჩება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ თანხმობა, რათა შპს „მაგთიკომმა“ განახორციელოს სამაუწყებლო არხის „ტაბულა“ რეტრანსლირება „მაგთისატის“ ქსელში, ხელშეკრულების 7.5 პუნტის პირობების დაცვით, კერძოდ შპს „მაგთიკომი“ გააგრძელებს სამაუწყებლო არხის „ტაბულა“ სიგნალის რეტრანსლირებას იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრამდე მიტანას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ მიაჩნია, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2014 წლის 5 მაისი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოადგენილი ახსნა-განმარტებების, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებ გვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

6. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული   სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის  გავრცელებისთვის აუცილებელი  ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემები“, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის  აუცილებელი  ტექნიკური   საშუალებების ტექნიკური მონაცემები კერძოდ:

 

ტექნიკური საშუალების დასახელება

ტექნიკური საშუალების შესასვლელი

ტექნიკური საშუალების გამოსასვლელი

შენიშვნა

1

2

3

4

5

1

მიმღები ანტენა (ოფსეტური ან პარაბოლური) თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში

 

სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ)  შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში

ანტენის ფოკუსში მოთავსებული მაძლიერებელ-

-გარდამსახთან (LNB) შეთანხმებული, კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე

2

თანამგზავრული მიმღები:  არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების,  ტექნიკური საშუალებების კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის)  საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში

სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ)  შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

 

3

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიღებული სატელევიზიო სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების   მიმღებ-გარდამსახი

ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიწოდებული ნაკადი

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

გამოყოფილი ხაზის უზრუნველყოფა (PP)  

4

მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის ანალოგური სიგნალის საარხო მიმღები

45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული  მაუწყებლობის  სიგნალი დონით არა უმცირეს 57დბმკვ VHF დიაპაზონში

65დბმკვ UHF დიაპაზონში

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

 

5

კოაქსიალური კაბელით მეტრულ ან დეციმეტრულ დიპაზონში ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების   მიმღებ-გარდამსახი

45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული  მაუწყებლობის  სიგნალი

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი

 

6

ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის საარხო მოდულიატორი კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის)  საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი,   მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონებში ფუნქციონირებისთვის

ა) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური  ვიდეო(V) სიგნალის დონე

V-(0,8ვ÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

ბ) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური  ბგერითი(A) სიგნალის დონე

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

45მჰც÷862მჰც სიხშირულ დიაპაზონში ანალოგური ფორმატის სამაუწყებლო  სიგნალი,   მაქსიმალური დონით

120დბმკვ დატვირთვაზე 75ომი

 

7

MPEG კოდირების მოწყობილობა

ანალოგური ან ციფრული    (A/V, CVBS, SDI) სატელევიზიო სიგნალი

MPEG2 ან/და MPEG4 ფორმატის სიგნალი

 

8

ენკოდერი

ანალოგური ან ციფრული    (A/V, CVBS, SDI, H264) სატელევიზიო სიგნალი

 ციფრული სატრანსპორტო ნაკადი (TS)  

ციფრული/ანალოგური ფორმატის ცვლილებისათვის

9

მულტიპლექსორი

ციფრული სატრანსპორტო ნაკადები (TS)

გაერთიანებული ციფრული სატრანსპორტო ნაკადი

 

10

ეთერიდან  მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის პროგრამის მიმღები ანტენა (საარხო ან ფართე ზოლოვანი)

 

სამაუწყებლო სიგნალის დონე საარხო სიხშირეზე 57დბმკვ (VHF) დიაპაზონში

65დბმკვ (UHF) დიაპაზონში

ანტენასთან შეთანხმებული კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე

11

რადიოსარელეო ხაზის მიმღები მოწყობილობა საანტენო სისტემით

 

ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით:

V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი

A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი

ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI  სიგნალი სიგნალი

 

 

7. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ ფლობს კერძო (საერთო) მაუწყებლობის NB21 ლიცენზიას, რომლებიც ითვალისწინებს კერძო (საერთო) ტელემაუწყებლობას ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრის (საეთერო მაუწყებლობა) გამოყენებით; ამავე დროს, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის NB21 ლიცენზია ასევე ითვალისწინებს მაუწყებლობის უფლებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ მაუწყებლობა ხორციელდება კერძო მაუწყებლიბის NB21 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით (საეთერო მაუწყებლობა), ხოლო რაც შეეხება თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობას, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ არ ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას; აღნიშნული სადაოდ არ გაუხდია ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წარმომადგენელს.

8. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს როგორც ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე, ასევე თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე.

9. შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს მხოლოდ თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 პარილის Nშ-10/2276-15 სამსახურებრივი ბარათი) და თავად შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 აპრილს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ შპს „მაგთიკომს“ მიმართა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე.  შპს „მაგთიკომმა“ 06.04.2015 წერილით აცნობა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, რომ შპს „მაგთიკომი“ მზად არის განახორციელოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და განათავსოს სამაუწყებლო არხის „ტაბულა“ მაუწყებლობა „მაგთისატის“ ქსელში იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის მიერ შესრულებული იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა სიგნალის თანამგზავრამდე მიტანასთან დაკავშირებით.

 

კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი (ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი) სავალდებულო ტრანზიტისთვის (must carry) განსაზღვრავს როგორც მაუწყებლების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებების შინაარსსა და ფარგლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტების წრეს, ვისაც წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსების (სავალდებულო ტრანზიტის) მოთხოვნის უფლება. კერძოდ, აღნიშნული უფლება წარმოეშობათ: საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის.

 

კომისია განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობა ცალკე აღებული  არ წარმოშობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის უპირობო ვალდებულებას, განათავსოს მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში; აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ მაუწყებელმა სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს უნდა წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა.

 

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის არსის სწორი შემეცნებისა და თავად კანონმდებლის მიერ აღნიშნულ ნორმაში ჩადებული არსის გასარკვევად, გამოყენებული უნდა იქნას ნორმის განმარტების ის მეთოდი, რომელიც ყველაზე ნათლად და ობიექტურად ხსნის სამართლის ნორმის არსს და მისი მოქმედების ფარგლებს.

 

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები, ავტორიზაციის გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, კერძოდ, სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის,  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის, კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის, რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის, თანაგზავრული სატრანზიტო ქსელის გამოყენებით და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის ტელეოლოგიური განმარტებიდან გამომდინარე, მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის ვალდებულება შეიძლება ვრცელდებოდეს არა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ყველა პირის მიმართ, არამედ მხოლოდ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული იმ პირების მიმართ, რომლების მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებენ თანამგზავრული სატრანზიტო ქსელის გამოყენებით, ვინაიდან მათი ქსელის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის გარეშე შეუძლებელია თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის ფარგლებში, სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას (B.S.4)  საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, მისი, როგორც ავტორიზებული პირის კანონისმიერ ვალდებულებას (გათალისწინებულს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით) წარმოადგენს არადისკრიმინაციულად  განათავსოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მაუწყებელის (საზოგადოებრივ მაუწყებელი, სათემო მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის), მათ შორის ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“, როგორც საეთერო მაუწყებლის (ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ მიმდინარე დავის წარმოშობისა და განხილვის ეტაპზე არ ახორციელებს მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით, შესაბამისად მას, როგორც თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, არ წარმოეშობა ე.წ. „must carry”-ს მოთხოვნის უფლება) სამაუწყებლო პროგრამები მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა სამომხმარებლო პაკეტში, იმ შემთხვევაში, თუ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მისი სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრამდე მიტანას იმგვარად, რომ მისი სიგნალი ხელმისაწვდომი იყოს სავალდებულო ტრანზიტის განმახორციელებელი ავტორიზებული პირის - შპს „მაგთიკომისათვის“, ამ უკანასკნელის მიერ დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე.

კომისია ასევე განმარტავს, რომ თანამგზავრული მაუწყებლობა, ისევე როგორც თანამგზავრული სატრანზიტო ქსელის ოპერირება, ხორციელდება როგორც მიწისზედა, ისე ორბიტალური სადგურების გამოყენებით, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლში გამოყენებული ტერმინი „თანამგზავრამდე მიტანა“ შეიძლება გულისხმობდეს როგორც თანამგზავრულ ტრანზიტულ მომსახურებაზე ავტორიზებული პირის მიერ გამოყენებულ ორბიტალურ სადგურამდე სიგნალის მიტანას, ისე ამავე ავტორიზებული პირის თანამგზავრული სატრანზიტო ქსელის მიწისზედა სადგურამდე სიგნალის მიტანას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მაუწყებელს წარმოეშვება დამატებითი და აუცილებელი ხარჯის გაწევის ვალდებულება თანამგზავრული სისტემის მიწისზედა სადგურიდან ორბიტალურ სადგურამდე სიგნალის ატვირთვის თვალსაზრისით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის გაფორმებული „ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სატრანზიტო ხელშეკრულებით“ უნდა დადგინდეს.

კომისიას მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ შპს „მაგთიკომს“ აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგური, რომლის საშუალებითაც შესაბამისი ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მაგთიკომი“ უზრუნველყოფს მსურველი მაუწყებლების სამაუწყებლო სიგნალის ატვირთვას ორბიტალურ სადგურამდე, არ ავალდებულებს შპს „მაგთიკომს“ უფასოდ გაწიოს აღნიშნული სახის მომსახურება ე.წ. „must carry”-ს ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს სავალდებულო ტრანზიტის („must carry”-ს) აუცილებელ კომპონენტს და არსობრივად დაკავშირებულია მაუწყებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს სიგნალის მიტანა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ქსელის შესაბამის ელემენტთან.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომმა“ სწორედ ზემოაღნიშნული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ და კომპანიას არ უთქვამს უარი უსასყიდლოდ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იკვეთება შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული, სავალდებულო ტრანზიტის შეუსრულებლობის ფაქტი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. უარი ეთქვას ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო;

2. განემარტოს შპს „მაგთიკომს“ რომ იგი, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მაუწყებლის სამაუწყებლო სიგნალის, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება უსასყიდლოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მაუწყებლები უზრუნველყოფენ  სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის (ატანის) აუცილებელ ტექნიკურ ხარჯებს.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                     კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                     გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     მ.ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები