წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია თბილისის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 251 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 11:12

მიღების თარიღი მაისი 07, 2015

შპს „ტელეკომპანია თბილისის“  განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის N6/1596-15 – 01.04.2015) მიმართა შპს „ტელეკომპანია თბილისმა“, შპს „7 არხის“ და შპს „სისტემა+“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისმა“  2015  წლის 25 თებერვალს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის საფუძველზე, სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნით,  წერილებით მიმართა შპს „7 არხს“ (25.02.15; N2/17) და შპს „სისტემა+“-ს (25.02.15; N2/18) და მოსთხოვა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სარედაქციო პასუხისმგებლობით შექმნილი ტელეარხის „MusicBox“-ის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება. აღნიშნულ წერილებზე არც ერთი კომპანიიდან რეაგირება არ მომხდარა. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი და ამავე დროს, დაავალდებულოს შპს „7 არხი“ და შპს „სისტემა+“,  განათავსონ  შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სამაუწყებლო არხი მათ  სამომხარებლო პაკეტებში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,7 არხის“ და შპს „სისტემა+“-ის წინააღმდეგ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 15 აპრილის სხდომაზე,  რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია თბილისის“  იურისტი ირაკლი ჩხიკვაძე, შპს „7 არხის“ დირექტორი დავით წერეთელი და კომპანიის მენეჯერი ნატალია მგელაძე. შპს „სისტემა+“ უფლებამოსილი წარმომადგენლელი არ ესწრებოდა კომისიის სხდომას, თუმცა მას ჩაბარდა შეტყობინება, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის წარმომადგენელი ელისაბედ გორდელაძე. აღნიშნულ სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე, რომელიც ჩანიშნულ იქნა 2015 წლის 7 მაისისათვის, 16:00სთ-ზე.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, 2015 წლის 6 მაისს შპს „ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩხიკვაძემ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 6 მაისის (კომისიაში რეგისტრაციის: 6.05.2015; N6/2714-15) განცხადება, რომლის თანახმადაც განმცხადებელი ითხოვს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, რომლის განხილვა დანიშნულია 2015 წლის 7 მაისს 16:00 საათზე, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე შპს „ტელეკომპანია თბილისს“, შპს „სისტემა+“- ს და შპს „7 არხს“ შორის მიღწეულია შეთანხმება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, 2015 წლის 7 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „სისტემა+“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 7/05/2015; N6/2757), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „სისტემა+“-ს და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის მიღწეულია შეთანხმება შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სარედაქციო პასუხისმგებლობით შექმნილი ტელარხის „MusicBox“-ის ჩართვასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომპანია ეთანხმება შპს  „ტელეკომპანია თბილისის” მოთხოვნას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

2015 წლის 7 მაისის სხდომაზე არ გამოცხადებულა არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა შპს „ტელეკომპანია თბილისი“ და შპს „7 არხი“ გაფრთხილდნენ დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ 2015 წლის 15 აპრილის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო შპს „სისტემა+“-ს ჩაბარდა შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040022372859) აღნიშნულის თაობაზე.

კომისიამ 2015 წლის 7 მაისის სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ 2015 წლის 1 აპრილის N6/1596-15 განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს, შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ განცხადების განხილვაზე უარის თქმის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

            გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია თბილისის“ განცხადებასთან დაკავშირებით;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია თბილისისათვის“, შპს „სისტემა+“-თვის და შპს „7 არხისათვის“ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                      მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები