წვდომის მენიუ

შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 253 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2015 18:58

მიღების თარიღი მაისი 13, 2015

შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ (№შ-6/2443-15; 28.04.2015) და მოითხოვა შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ  შპს ,,მაგთიკომის“ მოთხოვნისა და შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მის მიერ განსაზღვრული ტარიფის  უკანონოდ ცნობა და შპს ,,მაგთიკომისთვის“ არსებული რეგულაციებისა და კანონის მიხედვით მოქმედების დაკისრება.

შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ კონტაქტ ცენტრში ვებ-სივრცის, ელექტრონული ფოსტის და/ან ნებისმიერი სხვა ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე ახორციელებდა ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, უცხოელი პარტნიორების დაკვეთით. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, სერვისის განხორციელება კომპანიამ დაიწყო 2015 წლის 2 მარტს, ხოლო ამავე წლის 10 მარტს შეაჩერა მომსახურების მიწოდება, მობილური ოპერატორების მხრიდან მათ ქსელში საერთაშორისო ტერმინაციაზე ეჭვის გაჩენის გამო. შპს ,,გ,ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, მიმდინარე წლის 3 აპრილს შპს ,,მაგთიკომის“ საბილინგო სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა შედარების აქტი, რომელშიც მარტის თვეში, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიიდან“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში დასრულებული ზარები ჩათვლილი იყო როგორც საერთაშორისო ზარების დასრულება. ამასთან, ამავე აქტში მითითებული იყო ადგილობრივი ტრაფიკის დასრულების მონაცემებიც. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ ელექტრონული ფოსტით მიმართა შპს ,,მაგთიკომის“ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს, რათა განემარტათ, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა ზარების გარკვეულ რაოდენობაზე საერთაშორისო დასრულების კატეგორიის მინიჭება. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომისთვის“ 2015 წლის 6 აპრილს გაგზავნილი ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი. საჩივრის ავტორის განცხადებით, შპს ,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნილ წერილს ერთვოდა საბილინგო მონაცემები მარტის თვეში განხორციელებულ ზარებზე და დეტალური ჩანაწერები (CDR). შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ განცხადებით, შპს ,,მაგთიკომიდან“ არ მიუღია არც დეტალური ჩანაწერები და არც რაიმე განმარტება, ხოლო მიმდინარე წლის 14  აპრილს შპს ,,მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მის მობილურ ქსელში ზარების ნაწილის დასრულება დათვლილი იყო საერთაშორისო ტარიფით, ნაწილის კი - ტარიფით 0.04 თეთრი.  შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, მან ოფიციალურად მიმართა შპს ,,მაგთიკომს“, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის კატეგორიის მინიჭებისა და ადგილობრივ ტარიფთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

მოთხოვნა:

კომისიის მიერ უკანონოდ იქნას ცნობილი:

  1. შპს ,,მაგთიკომის“ მოთხოვნა მის მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ;
  2. შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მის მიერ წარმოდგენილი ტარიფი (0.04 თეთრი).

შპს ,,მაგთიკომთან“ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ საჩივართან ერთად წარმოადგინა თავისი 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 და 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 წერილები, შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის მარტის თვის შედარების აქტი მის მობილურ ქსელში დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით, კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 6 მარტის ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი და შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საბილინგო მონაცემები მიმდინარე წლის მარტის თვეში განხორციელებული ზარების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 5 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,მაგთიკომის“ საჩივარი (№შ-6/2705-15, 05.05.2015), რომელსაც ერთვის შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 6 მარტის №15/040-5 განცხადება, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 და 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 წერილები და კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი. შპს ,,მაგთიკომის“ საჩივრის თანახმად, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ხორციელდება საერთაშორისო ზარების დასრულება შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში ადგილობრივი ნომრებით. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ დანერგილი მომსახურების სქემა იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო ზარის დასრულებისას კომპანიამ თავი აარიდოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფების გადახდას, ვინაიდან შეუძლებელი ხდება შპს ,,მაგთიკომმა“ საკუთარი ძალებით დაადგინოს, ადგილი აქვს ხსენებული სერვისით განხორციელებულ ზარს თუ საერთაშორისო ზარის წამომწყები ნომრის შეცვლას. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შემოთავაზებული სქემით საერთაშორისო ზარების დასრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე დადგენილ რეგულაციებს.  შპს ,,მაგთიკომის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ  შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ ოფერტის 2.3.6-2.3.8 პუნქტების შესაბამისად, არ აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების გარანტია. ამასთან, ამავე ოფერტის 11.7 პუნქტის თანახმად, მე-11 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად და ოპერატიული რეაგირების მიზნით, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომი“ იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან, რის შესახებაც  ოპერატიულად აცნობებს ურთიერთჩართულ პირს, კომისიას და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკი ჩაითვლება საერთაშორისო ტრაფიკად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, ოფერტის მუხლებზე დაყრდნობით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის ქსელში ზარის დასრულების მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 11,998.47 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ადგილი აქვს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ხელშეკრულების (ოფერტის) პირობების შეუსრულებლობას  და  ითხოვს:

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიამ მისცეს თანხმობა შპს ,,მაგთიკომს“ შეუწყვიტოს შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიას“ ამ უკანასკნელის მიერ შემდეგი სამივე პირობის დაკმაყოფილებამდე:

-          შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე;

-          შპს ,,გსი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენამდე;

-          შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომთან“ ახალი მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებამდე;

  1. განმარტოს კომისიამ რამდენად შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებებთან, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო ზარების შემოტანა/დასრულება ადგილობრივი ნომრით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული სქემით საერთაშორისო ზარის დასრულება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ ასეთი ზარი მიჩნეული უნდა იყოს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ზარად;
  2. საკითხის საფუძვლიანად შესწავლისთვის, კომისიამ დაადგინოს, თუ რომელი პარტნიორი კომპანიების საშუალებით ახორციელებს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საერთაშორისო ზარების შემოტანას, რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები გააჩნიათ აღნიშნულ კომპანიებს და ასევე, კომისიამ გამოითხოვოს პარტნიორ-კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.  

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2015 წლის 13 მაისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (№03/667-15;05.05.2015; №03/669-15; 05.05.2015) ეცნობათ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში 2015 წლის 13 მაისამდე. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 13 მაისს, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე და კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ გოგიჩაიშვილი და შპს ,,მაგთიკომის“ იურისტი დავით ძიძიგური და კომპანიის  ფინანსური დირექტორი რევაზ კოპალაძე.

შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიების“ მიერ კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომპანიის 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილი, რომელიც კომპანიის დირექტორის განცხადებით, გაეგზავნა როგორც შპს ,,მაგთიკომს“, ისე კომისიას. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილის თანახმად, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ არ ახორციელებს გამავალ საერთაშორისო ზარს შემკვეთი აბონენტის ნომერზე და ამ აბონენტთან კომუნიკაცია ხორციელდება პარტიორის კონტაქტ ცენტრიდან. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ არავითარი ზარი - არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ნომრით თუ ფორმატით შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის სადგურზე არ შედის, ხოლო გამავალი ზარები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, წესისამებრ, ხორციელდება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ნომრით. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილში ადასტურებს აქცეპტს შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტაზე, თუმცა, მისი განმარტებით, ურთიერთჩართვა და შესაბამისი ხელშეკრულება აქვს 2008 წლიდან, რის გამოც ოფერტის 2.3.6-2.3.7 პუნქტებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების შესრულების თაობაზე პირობები კომპანიის მიმართ არ მოქმედებს. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილის თანახმად, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ არ აწარმოებს საერთაშორისო ზარების ტერმინაციას საქართველოში, რის გამოც კომპანიის მიმართ არ მოქმედებს ოფერტის 2.12 და 2.3.8 პუნტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პირობები. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია არ ყოფილა შპს „მაგთიკომის“ არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა სიაში. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილის თანახმად, შპს „მაგთიკომი“ და სხვა მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები ახორციელებენ სერვისებს ე.წ. call back და usdd ტექნოლოგიების გამოყენებით, რის მაგალითსაც წარმოადგენს სერვისი ,,მოგზაური“ - იაფი როუმინგი, „ზარის გაშვება“, „გადმომირეკე“ თუ სხვა სერვისები.

2015 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ განცხადება (№შ-6/2868-15; 13.05.2015), რომლითაც მოთხოვნილია კომისიის მიერ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 და შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2705-15 საჩივრების ერთობლივად განხილვა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის ოდენობა (0.04 თეთრი) შეცდომით იყო მითითებული შედარების აქტში, რაც მყისიერად გამოსწორდა და აღნიშნულის შესახებ ეცნობა, როგორც კომპანიას, ისე კომისიას.

2015 წლის 13 მაისის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს მათ მიერ კომისიაში წარდგენილ საჩივრებსა და განცხადებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები.

შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების, შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების, მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები;

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ და შპს ,,მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს დავის განხილვა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის.  ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2705-15 საჩივარში მოცემული მოთხოვნები სამართლებრივად დაკავშირებულია შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივარში აღნიშნულ საკითხთან. შესაბამისად, კომისიის აზრით, შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა მისი და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივრების ერთობლივად განხილვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვას. კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისგან“ პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ უნდა დაევალოს 2015 წლის 20 მაისამდე კომისიაში ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებთან ერთად, მასსა და პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტის (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე), მიღება-ჩაბარების აქტის (მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე), მომსახურების გაწევაზე გამოწერილი ინვოისის (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე) კომისიაში წარმოდგენა.

                კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეთანხმდნენ სადავო საკითხზე და დავა მორიგებით დაასრულონ. კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღე უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად. აქედან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

  1. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ მოსარიგებლად განესაზღვროთ ვადა 2015 წლის 28 მაისამდე;
  2. განხილულ იქნას შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 და შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2705-15 საჩივრები ერთობლივად;
  3. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე;
  4. დაევალოს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ 2015 წლის 20 მაისამდე კომისიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ა) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილი მომსახურების თაობაზე პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულება;

ბ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილ მომსახურებასთან დაკავშირებით  მასსა და პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტი (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე);

გ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილ მომსახურებასთან დაკავშირებით  მასსა და პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე);

დ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილი მომსახურების გაწევაზე გამოწერილი ინვოისი (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე);

5. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს ,,მაგთიკომი“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 13 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ, ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                         მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები