წვდომის მენიუ

შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 254 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2015 18:32

მიღების თარიღი მაისი 13, 2015

 

შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ (№შ-6/2443-15; 28.04.2015). შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ კონტაქტ ცენტრში ვებ-სივრცის, ელექტრონული ფოსტის და/ან ნებისმიერი სხვა ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე ახორციელებდა ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, უცხოელი პარტნიორების დაკვეთით. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, სერვისის განხორციელება კომპანიამ დაიწყო 2015 წლის 2 მარტს, ხოლო ამავე წლის 10 მარტს შეაჩერა მომსახურების მიწოდება, მობილური ოპერატორების მხრიდან მათ ქსელში საერთაშორისო ტერმინაციაზე ეჭვის გაჩენის გამო. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივრის თანახმად, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული მომსახურების მიწოდების შეჩერებამდე შპს „მობიტელმა“ გაფრთხილებისა და კომისიასთან შეთანხმების გარეშე, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ გაუთიშა შემაერთებელი არხი, რომელიც აღდგენილ იქნა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიისთვის მიმართვის შემდეგ. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, იმავე დღეს, შპს „მობიტელმა“ გაფრთხილებისა და კომისიის თანხმობის გარეშე, დაბლოკა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრები, რომელთა განბლოკვა 2015 წლის 28 აპრილის მდგომარეობით არ მომხდარა. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივრის თანახმად, კომპანიამ წერილობით მიმართა შპს „მობიტელს“, მისი ქოლ ცენტრის ნომრების დაბლოკვის საფუძვლების მითითების მოთხოვნით, თუმცა, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, შპს „მობიტელისგან“ მას არანაირი განმარტება არ მიუღია.

მოთხოვნა:

კომისიის მიერ უკანონოდ იქნას ცნობილი:

  1. შპს „მობიტელის“ მიერ ურთიერთჩართვის არხის არასანქცირებული გათიშვა;
  2. შპს „მობიტელის“ მიერ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრების დაბლოკვა;
  3. შპს „მობიტელისთვის“ არსებული რეგულაციებისა და კანონის შესაბამისად მოქმედების დავალება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2015 წლის 13 მაისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინებებით (№03/667-15; 06.05.2015; №03/668-15; 06.05.2015) ეცნობა შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ და შპს „მობიტელს“. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ და შპს „მობიტელს“ ასევე, ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში 2015 წლის 13 მაისამდე. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ და შპს „მობიტელს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 13 მაისს, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე და დამფუძნებელი ზ. გოგიჩაიშვილი და შპს „მობიტელის“ იურისტები ი. ესართია და ი. აფრიდონიძე.

კომისიის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორმა დაადასტურა 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა. შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის ი. აფრიდონიძის განმარტებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრები 2015 წლის 13 მაისის მდგომარეობით განბლოკილი იყო. შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრები დაიბლოკა, რადგან კომპანიის ფროდ სისტემამ აღნიშნული ნომრები აღიქვა როგორც ფროდი, კერძოდ, როგორც ნომრები, რომელთა მეშვეობით შპს „მობიტელის“ ქსელში შემოდიოდა საერთაშორისო ზარები. შესაბამისად, მისი განმარტებით, აღნიშნული ნომრების გააქტიურების შემთხვევაში  კომპანიის ფროდ სისტემა ამ ნომრებს კვლავ დაბლოკავდა. ი. ესართიას განცხადებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ შემაერთებელი არხი გათიშული იყო ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც აღმოფხვრილ იქნა.

            შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  1. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს „მობიტელი“  წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
  6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს „მობიტელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს დავის განხილვა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და  „მობიტელს“ შორის.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეთანხმდნენ სადავო საკითხზე და დავა მორიგებით დაასრულონ. კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღე უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად. აქედან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

            გადაწყვიტა:

 

  1. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“  მოსარიგებლად განესაზღვროთ ვადა 2015 წლის 28 მაისამდე;
  2. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე;
  3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს „მობიტელი“  გაფრთხილდნენ 2015 წლის 13 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
  5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                          მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები