წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე

ნომერი: 256 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 10:57

მიღების თარიღი მაისი 13, 2015

 

სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) სს ,,სილქნეტმა“ საჩივრით (№1407/05-8; 27.03.2015. კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1507-15; 27.03.2015)  მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს ,,სილქნეტი“ შპს ,,ახალ ქსელებს“ უწყვეტად უწევს ურთიერთჩართვის მომსახურებას.  2014 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2015 წლის იანვრის თვეებში, სს ,,სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, შპს ,,ახალი ქსელებიდან“ შემომავალ ტრაფიკზე დაფიქსირდა  სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 9.10 და 9.11 პუნქტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები. კერძოდ, შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარები შევიდა ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით შეცვლილი ,,A“ ნომრით. აღნიშნულის შესახებ, კონკრეტული მაგალითის მითითებით, წერილობით (№476/05-8; 03.02.2015) ეცნობათ კომისიას და შპს ,,ახალ ქსელებს“, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. საკითხის ყოველმხრივ და დეტალურად შესწავლის ნაცვლად, შპს ,,ახალი ქსელების“  საპასუხო წერილით (№2/2/95; 11.02.2015) მიწოდებულია ზოგადი ინფორმაცია, რომ სს ,,სილქნეტის“ წერილში მაგალითის სახით მოყვანილი ზარი წარმოადგენდა შპს ,,ახალ ქსელებში“ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემოსულ ზარს, რომელიც შპს ,,ახალმა ქსელებმა“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით გაატარა ტრანზიტის სახით. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან გატარებულ/დასრულებულ ტრაფიკზე კვლავ შეინიშნება ლოკალური არხით საერთაშორისო ზარების გატარება/დასრულება და ,,A“ ნომრის შეცვლა, რომლის საერთო რაოდენობა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით შეადგენს 947 241 ზარს, ხოლო წუთობრივად - 6273834 წუთს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს როგორც სს ,,სილქნეტს“, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, სს ,,სილქნეტი“ ითხოვს კომისიის მიერ საკითხის შესწავლას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების მიღებას შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის  მიმართ. სს ,,სილქნეტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერება. სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 9.10 და 9.11 პუნქტების თანახმად, ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს და მოახდინოს არხის იდენტიფიცირება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერენტის ქსელში დასასრულებლად, ასევე არ განახორციელოს საერთაშორისო ზარი ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით.  

 

სს ,,სილქნეტი“ მოითხოვს: 1. შესწავლილ იქნას შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით ლოკალური არხით გატარებული საერთაშორისო ზარები, რომლებზეც, სს ,,სილქნეტის“ მიერ განხორციელებულ სატესტო ზარებზე დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა ,,A“ ნომრის შეცვლის ფაქტი; 2. დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებს“ და შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს  წარმოადგინონ საბილინგო მონაცემები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ, საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე.  შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე  საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით წარმოდგენილ იქნა აქტიური ნომრების სია, ასევე ინფორმაცია ასეთ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე; 4. დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებს“ და შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს  წარმოადგინონ ინფორმაცია, რის საფუძველზე ხდებოდა ზემოაღნიშნული ტრაფიკის გატარება/დასრულება და რა სახის მომსახურების გაწევა მოხდა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებული ტრაფიკის ფარგლებში; 5. კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, დადგინდეს, რომელი კატეგორიის ზარებს მიეკუთვნება შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით ლოკალურ არხში გატარებული/დასრულებული სადავო ზარები ადგილობრივს თუ საერთაშორისოს; 6. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდება სადაო ტრაფიკზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების ფაქტი, დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს“  შეზღუდოს  შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემომავალი ტრაფიკის სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულება.  2015 წლის 3 აპრილს, სს ,,სილქნეტმა“ თავის საჩივართან (№1407/05-8; 27.03.2015) დაკავშირებით კომისიას წარმოუდგინა დამატებითი ინფორმაცია (CD) 2015 წლის 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით შესული ტრაფიკის შესახებ.

 

სს ,,სილქნეტის“ საჩივარი თანდართული მასალებით, შესაბამისი ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნათ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს და შპს ,,ახალ ქსელებს“, რომლებსაც დაევალათ 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინათ: 1. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ,  სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემები; 2. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე  საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით აქტიური ნომრების სია, ასევე ინფორმაცია ასეთ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე. სს ,,სილქნეტის“  საჩივარი (№1407/05-8; 27.03.2015) თანდართული მასალებით,  საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი ახსნა-განმარტების  წარმოდგენის მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ, კონკურენციის  ხელშეწყობისა და ინფორმაციულ-ანალიტიკურ  დეპარტამენტებს.

სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის თანდართული მასალებით (№1407/05-8; 27.03.15),  მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებების (სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 3 თებერვლის №476/05-8,  25 მარტის №1360/05-8,  3 აპრილის №1590/05-8  და 22 აპრილის №1768/05-8 წერილები; შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 11 თებერვლის №2/2/95/ზ.ხ., 30 მარტის №2/2/199.ხ.ი და 27 აპრილის №2/2/247/ლ.ა. წერილები; შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის 2015 წლის 19 თებერვლის №01/06-15, 14 აპრილის №01/18-15 და 24 აპრილის №01/13-15 წერილები; კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №03/431-15 და 23 აპრილის №03/574-15 წერილები),  კომისიის აპარატის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების (კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1729-15; 7.04.2015 და შ-10/2329; 24.04.2015); კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1692; 6.04.2015 და შ-10/1521-15; 30.03.2015);  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2200-15; 21.04.15)  და მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად,  კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ახალი ქსელები“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა, საერთაშორისო ზარების, როგორც ლოკალური ზარების სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულებიდან გამომდინარე ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ,,სილქნეტის“  საჩივრის განხილვა დანიშნა 2015 წლის 13  მაისს, 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორი ლ.ბუჩუკური, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია და  შპს  ,,ახალი ქსელების“  დირექტორი  ნ.შარაშენიძე.

 

კომისიის სხდომაზე,  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორმა  დ.ჯიქიამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მოხდა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ნომერზე მესამე პირის  არასანქცირებული შეღწევა, რის შესახებ IP ნომერის მფლობელმა აბონენტმა, შესაძლებელია არც კი იცის. ასევე განმარტა, რომ კომპანიის მიერ სს ,,სილქნეტის“  საჩივარში აღნიშნული ნომრების გათიშვა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ნომრებზე განხორციელდა საერთაშორისო ზარები.  როდესაც კომპანია ვერ ახერხებს აბონენტის დროულად ინფორმირებას, საკუთარი პასუხისმგებლობით თიშავს ნომერს იმისთვის, რომ არ მოხდეს გაურკვევლობა აბონენტსა და შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს შორის. მისივე განმარტებით, ვინაიდან შპს  ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სა და სს ,,სილქნეტს“ შორის არსებულ პირდაპირ ურთერთჩართვისთვის გამოყოფილ არხებს შეიძლება ვერ გაეძლოთ დიდი მოცულობის ტრაფიკისთვის, აბონენტებისთვის ნორმალური სერვისის მიწოდების მიზნით, სს ,,სილქნეტში“ ზარებს ასრულებდნენ შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით, შესაბამისად, იხდიდნენ ტრანზიტის გადასახადს. მან ასევე განმარტა, რომ სს ,,სილქნეტის“ საჩივარში აღნიშნული ნომრების ნაწილი შეიძლება დეკემბერში ერთ კომპანიას ჰქონოდა, ხოლო იანვარში სხვას, რის შესახებ წარმოადგენს შესაბამისს დოკუმენტაციას.

კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა ლ. ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საშუალებას არ აძლევთ დააზუსტონ  6 410 565 წუთიდან რამდენი იყო საერთაშორისო ზარი. სს ,,სილქნეტმა“ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და თხოვნით მიმართა კომისიას საკითხის გარკვევის მიზნით. სართაშორისო  ნომრების  შეცვლის  ფაქტებისგან დაცვის მიზნით, დაქირავებული ჰყავთ კომპანია. სხვადახვა ქვეყნის კონკრეტული ნომრებიდან საქართველოს მიმართულებით სს ,,სილქნეტის“ ნომრებზე ხორციელდება სატესტო ზარები. ამ ნომრებიდან,  სატესტო რეჟიმში,  სიგნალი უბრუნდება ზარის წამომწყებ კომპანიას. ზარის წამომწყებმა კომპანიამ იცის ზარის ინიციატორის ტელეფონის ნომერი და ონლაინ რეჟიმში ხედავს, იგივე ზარი რა ნომრით შემოვიდა სს ,,სილქნეტში“. სწორედ ასეთი მონიტორინგის დროს გამოვლინდა ის ნომრები, რომელთა მეშვეობით ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად გარდაქმნა. სს ,,სილქნეტის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ შპს „ახალი ქსელები“ მათთვის წარმოადგენს ოპერატორს, რომელიც  სს „სილქნეტში“ ასრულებს ზარებს.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ახალი ქსელების” გენერალურმა დირექტორმა ნ.შარაშენიძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შპს ,,ახალ ქსელებს“ წარმოდგენილი აქვს კომისიაში,  თუმცა  მზად  არიან   წარმოადგინონ  დამატებითი ინფორმაცია. 

ვინაიდან: სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოკლე პერიოდში, ზარის დასრულება ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით, სავარაუდოდ შეცვლილი ,,A” ნომრით, ხდებოდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ორი აბონენტის -   შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის მფლობელობაში არსებული ნომრების გამოყენებით, რასაც ამყარებს სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ,,A” ნომრის შეცვლის თაობაზე; შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია განმარტავდა, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით ლოკალური ტრაფიკის გაზრდა გამოწვეული იყო ახალი აბონენტების - შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის აყვანით; მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი (01/13-15; 24.04.15) ხელშეკრულებებიდან  დგინდებოდა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით, შპს ,,სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტებს  წარმოადგენდნენ შპს ,,ჯეო ლაინი“ (2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე)  და  შპს ,,ტბკომ“-ი (2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე); მიუხედავად მცდელობისა, კომისიამ ინტერნეტ სივრცეში (გამოყენებული იყო google-სა და yahoo-ს საძიებო სისტემები) აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით ვერ მოიპოვა რაიმე სახის ინფორმაცია, კომისიამ მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარა შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები, რის შესახებ შესაბამისი  შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად გაეგზავნათ მათ და განემარტათ კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე.

2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე, მოწვევის ჩაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდნენ მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები და არც რაიმე სახის ახსნა-განმარტება წარმოადგინეს კომისიაში. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლობა არ მიეცა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: რა საქმიანობას ეწევიან კომპანიები; სად იყო განთავსებული ან ვის ჰქონდა გადაცემული 500 – 500 სააბონენტო ნომერი; რატომ ხორციელდებოდა ზარები ძირითადად მხოლოდ სს ,,სილქნეტის“ აბონენტების მიმართულებით; როგორ დაიდო შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სა და შპს ,,ჯეო ლაინს“ შორის საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 1 ნოემბერს, მაშინ როდესაც შპს ,,ჯეო ლაინი“, როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან  ირკვევა, დარეგისტრირდა 2014 წლის 19 ნოემბერს და ა.შ.

საყურადღებოა, რომ ლოკალური ტრაფიკის მკვეთრი ზრდა, საერთაშორისო ტრაფიკის შემცირების პარალელურად, ფიქსირდება 2014 წლის 1 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე, ხოლო ადგილობრივი (ლოკალური) სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით (კომისიის 2010 წლის 9 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილება). შესაბამისად, ადგილობრივი ზარის დასრულებისათვის გამოყოფილი არხის მეშვეობით საერთაშორისო ზარის დასრულებით, რაც თავისთავად წარმოადგენს კანონდარღვევას, კომპანია იღებს შემოსავალს საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხისა და ლოკალური ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხის სხვაობის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს.

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობიდან გამომდინარე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით დასრულებას, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და კომპანიისთვის ქონებრივი ზარალის მიყენებას. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი  კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან ერთად, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, შპს ,,ახალმა ქსელებს“ უნდა დაევალოს წარმოადგინოს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან  შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ,  სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით  დარიცხული და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემები; ასევე უნდა დაევალოს სს ,,სილქნეტს“  წარმოადგინოს ტესტირების სრული მონაცემები და დოკუმენტები, ასევე ტესტირების  განმახორციელებელ  კომპანიასთან  დადებული  ხელშეკრულება; უნდა დაევალოს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს წარმოადგინოს ინფორმაცია, კერძოდ, მოხდა თუ არა სს ,,სილქნეტის“  საჩივარში  აღნიშნული ნომრების ერთი აბონენტიდან მეორესთვის გადაცემა; როდის შეწყდა აბონენტთან ხელშეკრულება და როდის გადაეცა ნომერი სხვა აბონენტს; გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება აბონენტთან და როდის.  ასევე  კომპანიამ უნდა  წარმოადგინოს  აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის გაგრძელების დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი, ხოლო მანამდე წარმოდგენილ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების,  38-ე მუხლის, 39-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. დაევალოს შპს ,,ახალმა ქსელებს“ წარმოადგინოს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან  შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ,  სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით  დარიცხული და მიღებული შემოსავლების თაობაზე  საბილინგო  მონაცემები;
  2. დაევალოს სს ,,სილქნეტს“ წარმოადგინოს ტესტირების სრული მონაცემები და დოკუმენტები, ასევე ტესტირების  განმახორციელებელ  კომპანიასთან  დადებული  ხელშეკრულება;
  3. დაევალოს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს წარმოადგინოს ინფორმაცია, კერძოდ, მოხდა თუ არა სს ,,სილქნეტის“  საჩივარში  აღნიშნული ნომრების ერთი აბონენტიდან მეორესთვის გადაცემა; როდის შეწყდა აბონენტთან ხელშეკრულება და როდის გადაეცა ნომერი სხვა აბონენტს; გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება აბონენტთან და როდის.  ასევე  წარმოადგინოს  აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები;
  4. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი  კომპეტენციის ფარგლებში.
  5. სს ,,სილქნეტის“  საჩივრის   განხილვა გაგრძელდეს  2015  წლის  28  მაისს, 16:00 საათზე;
  6. სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“,  სს ,,სილქნეტის“  საჩივრის განხილვის გაგრძელების დღის, დროისა და ადგილის თაობაზე,  გაფრთხილდნენ  2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  7. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  კომისიის  სხდომაზე  გამოცხადებისთანავე;
  8.  გადაწყვეტილება  ცალკე  გასაჩივრებას  არ  ექვემდებარება;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
 

               კომისიის თავმჯდომარე                                                         ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                         კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                                          გიორგი ფრუიძე                                    

              კომისიის წევრი                                                                          მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები