წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 270 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2015 11:16

მიღების თარიღი მაისი 28, 2015

ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.05.2015 Nშ-6/2902-15) მიმართა „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში“ (შემდგომში „„Premium Net International SRL“) შპს „ახალი ქსელებთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის მოთხოვნით.

შპს „Premium Net International SRL“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შპს „ახალ ქსელებს“ წერილობით (28.11.2014) მიმართა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, რომელიც შპს „ახალ ქსელებს“ ჩაბარდა 2014 წლის 3 დეკემბერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის განაცხადი შეიცავდა შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ოფერტის 3.1 პუნქტით დადგენილ ინფორმაციას და თან ერთვოდა ამავე ოფერტის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „Premium Net International“-მა 2015 წლის 6 იანვრისა და 22 აპრილს შპს ,,ახალი ქსელები“-ს ოფერტაში მითითებულ მისამართზე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი კორესპოდენციით კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპანიას განაცხადის განხილვა, თუმცა როგორც განცხადებაშია აღნიშნული არც ამ წერილებს მოჰყოლია რეაგირება.

შპს „Premium Net International SRL“-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  ურთიერთჩართვის პროცესის დაჩქარების მიზნით, შპს „Premium Net International“-ის მიერ შპს „ახალი ქსელების“ კომპანიაში განხორციელდა არაერთი სატელეფონო ზარი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა უფლებამოსილ პირებთან დაკავშირება ან მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება საკითხის გარკვევის        მიზნით. 

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „Premium Net International SRL“ მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ „Premium Net International SRL“-ს როგორც ავტორიზებულ პირს, აქვს ურთიერთჩართვის მოთხოვნის უფლება. შპს „ახალი ქსელები“, კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, ჰ6  ქვეპუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. როგორ განცხადებაშია აღნიშნული, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დადგენილია განცხადების მიღებიდან 30 დღიანი ვადა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გასაფორმებლად. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, თავად შპს „ ახალი ქსელების“ მიერ კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფერტის 3.8. პუნქტის თანახმად, შპს „ახალი ქსელები“ კისრულობს ვალდებულებას, განაცხადისა და დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, მსურველ პირს გადასცეს ან ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი. ოფერტის 3.9. პუნქტი კი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას ზედმიწევნით დაიცვან 3.8. პუნქტით გათვალისწინებული ვადები და განაცხადის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულება.

 

შპს „Premium Net International SRL“-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. შპს „Premium Net International SRL“-ს მიაჩნია, შპს „ახალმა ქსელებმა“ არ შეასრულა მისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები, ასევე კომპანიის ოფერტის 3.8 და 3.9. პუნქტები და კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 და 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა, კი, კომპანიის განცხადებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს ეკრძალება.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

1. კომისიამ განიხილოთ შპს „Premium Net International SRL“-ის განცხადება და შპს „ახალ ქსელები“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე დაავალდებულოს გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს “Premium Net International“-თან;

2. შპს „ახალი ქსელებს“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიამ დააკისროთ შპს „ახალ ქსელებს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Premium Net International SRL-ის“  განცხადების (14.05.2015 Nშ-6/2902-15)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „Premium Net International SRL-სა“  და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვის მიზნით, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე შპს „Premium Net International SRL-სა“  და შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობათ შეტყობინებებით (20.05.2015 N03/749-15; 20.05.2015 N03/750-15; 22.05.2015 N03/792-15; 22.05.2015 N03/749-15) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ახალ ქსელებს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 27 მაისამდე.

მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 28 მაისს 13:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდა  შპს „Premium Net International SRL-ის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ახალ ქსელებს” კომისიის შეტყობინება (22.05.2015 N03/792-15) ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2015 წლის 25 მაისს (გზავნილის კოდი: 040025081271) და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიას მიიჩნია, რომ უფლებამოსილია იმსჯელოს დავის დღის დანიშვნასთან დაკავშირებით შპს „ახალი ქსელების“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე ირაკლი გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიაში საჩივრის წარმოდგენის შემდგომ დაუკავშირდნენ შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. როგორც ირაკლი გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულების პროექტი შპს „ახალი ქსელებს“ უნდა გადაეგზავნა 2015 წლის 28 მაისს, შესაბამისად, ირაკლი გაფრინდაშვილმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ კომისიამ დანიშნოს დავის განხილვის დღე კომპანიებს შორის და თუ დავის დღის განხილვამდე მხარეები შეთანხმებიან და გააფორმებენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას, დავის საგნის არ არსებობის გამო წარმოება შეწყდება, მაგრამ თუ მხარები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, დავა გაგრძელდება.

დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც შპს „Premium Net International SRL“-ი ასევე შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „Premium Net International SRL“-სა და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL“-სა და, მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ შორის და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2015 წლის 11 ივნისს 16:00 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გ ა:

  1. ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL“-სა და, მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 11 ივნისს  16:00 საათზე;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს  შპს „Premium Net International SRL“-სა და შპს „ახალი ქსელების“ დავის დღის განხილვის შესახებ;
  3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             მ.ქათამაძე

კომისიის წევრები                                                                 კ.ბექაური

                                                                                                გ.ფრუიძე

 

                                                                                   

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები