შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2015 18:00
მიღების თარიღი მაისი 28, 2015
შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ (№შ-6/2443-15; 28.04.2015). შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ კონტაქტ ცენტრში ვებ-სივრცის, ელექტრონული ფოსტის და/ან ნებისმიერი სხვა ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე ახორციელებდა ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, უცხოელი პარტნიორების დაკვეთით. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, სერვისის განხორციელება კომპანიამ დაიწყო 2015 წლის 2 მარტს, ხოლო ამავე წლის 10 მარტს შეაჩერა მომსახურების მიწოდება, მობილური ოპერატორების მხრიდან მათ ქსელში საერთაშორისო ტერმინაციაზე ეჭვის გაჩენის გამო. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივრის თანახმად, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული მომსახურების მიწოდების შეჩერებამდე შპს „მობიტელმა“ გაფრთხილებისა და კომისიასთან შეთანხმების გარეშე, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ გაუთიშა შემაერთებელი არხი, რომელიც აღდგენილ იქნა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიისთვის მიმართვის შემდეგ. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, იმავე დღეს, შპს „მობიტელმა“ გაფრთხილებისა და კომისიის თანხმობის გარეშე, დაბლოკა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრები, რომელთა განბლოკვა 2015 წლის 28 აპრილის მდგომარეობით არ მომხდარა. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივრის თანახმად, კომპანიამ წერილობით მიმართა შპს „მობიტელს“, მისი ქოლ ცენტრის ნომრების დაბლოკვის საფუძვლების მითითების მოთხოვნით, თუმცა, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, შპს „მობიტელისგან“ მას არანაირი განმარტება არ მიუღია.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ უკანონოდ იქნას ცნობილი:
- შპს „მობიტელის“ მიერ ურთიერთჩართვის არხის არასანქცირებული გათიშვა;
- შპს „მობიტელის“ მიერ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრების დაბლოკვა;
- შპს „მობიტელისთვის“ არსებული რეგულაციებისა და კანონის შესაბამისად მოქმედების დავალება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2015 წლის 13 მაისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინებებით (№03/667-15; 06.05.2015; №03/668-15; 06.05.2015) ეცნობა შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ და შპს „მობიტელს“.შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ და შპს „მობიტელს“ ასევე, ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში 2015 წლის 13 მაისამდე. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ და შპს „მობიტელს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 13 მაისს, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე და დამფუძნებელი ზ. გოგიჩაიშვილი და შპს „მობიტელის“ იურისტები ი. ესართია და ი. აფრიდონიძე.
კომისიის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორმა დაადასტურა 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა. შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის ი. აფრიდონიძის განმარტებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრები 2015 წლის 13 მაისის მდგომარეობით განბლოკილი იყო. შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ნომრები დაიბლოკა, რადგან კომპანიის ფროდ სისტემამ აღნიშნული ნომრები აღიქვა როგორც ფროდი, კერძოდ, როგორც ნომრები, რომელთა მეშვეობით შპს „მობიტელის“ ქსელში შემოდიოდა საერთაშორისო ზარები. შესაბამისად, მისი განმარტებით, აღნიშნული ნომრების გააქტიურების შემთხვევაში კომპანიის ფროდ სისტემა ამ ნომრებს კვლავ დაბლოკავდა. ი. ესართიას განცხადებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ შემაერთებელი არხი გათიშული იყო ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც აღმოფხვრილ იქნა.
შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ წინამდებარე სადავო საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაწყებულიყო დავის განხილვა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“ შორის შემდეგი გარემოებების გამო:
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს „მობიტელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
კომისიამ დამატებით აღნიშნა, რომ ვინაიდან ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მხარეებს უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა შეთანხმებულიყვნენ სადავო საკითხზე და დავა მორიგებით დაესრულებინათ. კომისიამ აღნიშნა, რომ დავის განხილვის დღე უნდა დანიშნულიყო მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, რომლითაც დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი, რის შესახებაც მოდავე მხარეები გაფრთხილდნენ მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 მაისს, კომისიაში შემოვიდა შპს „მობიტელის“ წერილი (№შ-6/3259-15; 21.05.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელსა“ და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ შორის არ არის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შპს „მობიტელის“ მოწვევის ოფერტის შესაბამისად. შპს „მობიტელის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შემაერთებელი არხის გათიშვა განპირობებული იყო ტექნიკური ხარვეზით, რომლის აღმოფხვრაც განხორციელდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ამასთან, შპს „მობიტელის“ განმარტებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ტრაფიკი გასული თვეების განმავლობაში იმდენად მცირე იყო, რომ მასთან შემაერთებელი არხის აღდგენა კომპანიის მიერ რისკის შემცველად არ შეფასდა.
შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ კუთვნილი ნომრების: 322160000 და 322160161 ბლოკირებასთან დაკავშირებით შპს „მობიტელმა“ თავის წერილში განმარტა, რომ მათი დაბლოკვა მოხდა კომპანიაში მოქმედი ფროდ სისტემის მიერ. კერძოდ, 2015 წლი პირველი იანვრიდან 2015 წლის 3 მარტამდე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დღიური ტრაფიკი ზემოაღნიშნული ნომრებიდან საშუალოდ შეადგენდა 2-3 წუთს, ხოლო 2015 წლის 3 მარტიდან დაიწყო ტრაფიკის ზრდა, 2015 წლის 3 მარტს დაფიქსირდა 611,93 წუთი, 2015 წლის 4 მარტს - 167.50 წუთი, ხოლო 2015 წლის 5 მარტს - 1015.35 წუთი. შპს „მობიტელის“ განმარტებით, ფროდის სამსახურის მიერ ჩატარდა ტესტირება, რომლის დროსაც შპს „მობიტელის“ სპეციალურ სატესტო ნომრებზე, რომლებზედაც რუსეთიდან, ასევე სატესტო ნომრებიდან ხორციელდებოდა სატესტო ზარების შემოსვლა, სწორი მარშრუტიზაციის დასადგენად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ კუთვნილი ზემოაღნიშნული ორი ნომრიდან განხორციელდა ზარების შემოდინება, დაკვეთის გარეშე A ნომრის ცვლილებით (ე.წ. call me back სისტემის გამოყენების გარეშე). შპს „მობიტელის“ განმარტებით, ზემოაღნიშნული სატესტო ნომრების არსებობის შესახებ იცოდა მხოლოდ ფროდის სამსახურმა და აღნიშნულ ნომრებზე მხოლოდ რუსეთიდან, სპეციალური სატესტო ნომრებიდან იყო შესაძლებელი ზარების განხორციელება. შესაბამისად, შპს „მობიტელის“ განცხადებით, ნებისმიერი ზარი, რომელიც სხვა, არასატესტო ნომრიდან იქნებოდა განხორციელებული, იყო საეჭვო და ფროდ სისტემის მიერ მოხდებოდა მისი ავტომატური ბლოკირება, რასაც ჰქონდა ადგილი. შპს „მობიტელის“ 2015 წლის 21 მაისის წერილზე თანდართულია CD დისკი, რომელშიც შპს „მობიტელის“ განმარტებით, მოცემულია ზემოაღნიშნული A ნომრის ცვლილებით ზარების შემოსვლის დეტალიზაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ 2015 წლის 21 მაისის №შ-6/3259-15 წერილი და თანდართული CD დისკი შეისწავლა კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, რომლის 2015 წლის 25 მაისის №შ-10/3330-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ კომისიაში წარმოდგენილ 2015 წლის მარტის თვის ტრაფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციაში აფიქსირებს მხოლოდ გამავალ საერთაშორისო ზარებს და ჯამურად იგივე რაოდენობის (წთ) გამავალ ადგილობრივ სატელეფონო ზარებს („ა“ ნომრით 2160161) მობილურ კომპანიებზე. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „მობიტელის“ მიერ 2015 წლის 21 მაისს კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ მათ ქსელში გაიზარდა ტრაფიკი, შპს „მობიტელის“ ფროდის სამსახურის მიერ ჩატარდა შემომავალი საერთაშორისო სატესტო ზარები შპს „მობიტელის“ სატესტო ნომრებზე (568269009, 568270009, 568270109, 568273009), სატესტო ზარების გარკვეული ნაწილი დასრულდა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიებიდან“ „ა“ ნომრით 2160161. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 25 მაისის სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ შპს „მობიტელის“ მიმართულებით მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით პერიოდში 2407 სატელეფონო ზარიდან სატესტო ნომერზე 568269009 დასრულდა 223, ნომერზე 568271009 – 229, ნომერზე 568273009 – 250, ხოლო ნომერზე 568270009 – 233 სატელეფონო ზარი (სულ 935 სატელეფონო ზარი). კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით, შპს „მობიტელის“ სატესტო ნომრებზე კონფერენც კავშირის მოწყობას შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ უცხოელი პარტნიორი ვერ შეუკვეთავდა, ხოლო ყველა ზემოაღნიშნული სატელეფონო ზარის ხანგრძლივობა 7 წამი იყო.
კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომას ეწრებოდნენ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე და დამფუძნებელი ზ. გოგიჩაიშვილი და შპს „მობიტელის“ იურისტი ი. აფრიდონიძე.
კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორმა გ. ჩიკვაიძემ, შპს „მობიტელის“ 2015 წლის 21 მაისის წერილსა და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 25 მაისის სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ როცა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ფროდის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული სატელეფონო ზარების ხანგრძლივობა იყო 7-8 წამი, აღნიშნული ზარები ფროდის სამსახურის მიერ შეფასდა ფროდად და დაიბლოკა. გ. ჩიკვაიძის განცხადებით, ზემოაღნიშნული ნომრების შემოწმების მიზნით, მან თავადაც განახორციელა რამდენიმე ზარი, მათ შორის, პირადი მობილური ნომრიდან. გ. ჩიკვაიძის განმარტებით, ნომრების შემოწმების მიზნით განხორციელებული სატელეფონო ზარები შპს „მობიტელის“ ფროდის სამსახურის მიერ შეფასდა ფროდად, რის გამოც დაიბლოკა. თუმცა, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორის განცხადებით, წინამდებარე დავის განხილვის მომენტისთვის კომპანიის ქოლ ცენტრის ნომრები განბლოკილია, მას არ გააჩნია პრეტენზია შპს „მობიტელის“ მიმართ და შესაბამისად, დავის საგანი არ არსებობს, რის საფუძველზეც შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ მოითხოვა მიმდინარე დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. აფრიდონიძემ დაადასტურა შპს „მობიტელის“ 2015 წლის 21 მაისის წერილში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. მან ასევე, დაადასტურა, რომ შპს „მობიტელს“ არ გააჩნია პრეტენზია შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივრის საფუძველზე შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
